Religion, Society and State

რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო

წინამდებარე კრებული წარმოადგენს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარებულ ლექციათა და სემიმნართა შედეგს. 2004-2005 წლებში თბილისში ჩატარდა 6 ლექცია და ამდენივე სემინარი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს რელიგიათმცოდნეებმა რუსეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან.

ახალი  დროის ისტორიის მანძილზე თითქმის ბანალურ ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული, რომ რელიგია თავის მნიშვნელობას დაკარგავდა, ას საერთოდ გაქრებოდა საზოგადოების ცხოვრების უმთავრესი სფეროებიდან. აკადემიურ, ლიტერატურულ და დიპლომატიურ წრეებში მიღებული იყო აზრი, რომ მეცნიერებისა და განმანათლებლობის იდეების გავრცელების შედეგად, დავიწყებას უნდა მისცემოდა წმინდისა და მიღმიერის გაგება და ნებისმიერი სხვა „ცრუმორწმუნეობა“. ასევე მიჩნეული იყო, რომ დარჩენილი რელიგიები მიიღებდნენ უფრო შემწყნარებლურ, განმანათლებლურ და ფილოსოფიურ ფორმებს. ეს კი ნიშნავდა, რომ სარწმუნოება აღარ უნდა ყოფილიყო ადამიანთა გაერთიანებისა და პოლიტიკური აქტივობის მამოძრავებელი ძალა, იქნებოდა ეს ბრძოლა პოლიტიკური ძალაუფლებისთვის, თუ ადამიანის უფლებებისთვის.

მაგრამ ეს წინასწარმეტყველება არ გამართლდა. ვერც მეცნიერების სწავლებამ, ვერც ფართო განმანათლებლობამ, და ვერც მე-20 საუკუნის ტოტალიტარულმა რეჟიმებმა (რომლებიც რელიგიას სასტიკად დევნიდნენ) ვერ განდევნეს რელიგია საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ხედავს საკუთარ თავს ყოველგვარი რელიგიის ფარგლებს გარეთ. რელიგია ხშირად წარმოჩნდება მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელსაც გულწრფელად თუ ანგარებით იყენებენ ხალხის დასარაზმავად, დაწყებული, ადამიანის უფლებების დაცვისათვის საბრძოლველად, დამთავრებული საარჩევნო კამპანიებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ტერორისტული მეთოდებით წარმართულ ომზე, რომელიც რელიგიური რიტორიკის ფონზე მიმდინარეობს.

ამ მხრივ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე გამონაკლისს არ წარმოადგენს. აქაც არ გამართლდა პოლიტიკოსთა და სოციოლოგთა ვარაუდი, რომ რელიგიური ფაქტორი უმნიშვნელო იქნებოდა. მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დევნისა და ათეიზმის დენერგვისა, მიუხედავად დანგრეული და დაცარიელებული ეკლესიებისა და მეჩეთებისა, პოსტკომუნისტურ ეპოქაში რელიგიას ისევ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანთა თვითიდენტიფიკაციისთვის, და სხვადასხვა ჯურის პოლიტიკოსები ფართოდ იყენებენ რელიგიურ ფაქტორს თავიანთ რიტორიკაში. ამიტომ აუცილებელია, რელიგიის და საზოგადოებაში მისი ადგილის შესწავლა თანამედროვე მეცნიერული მეთოდებით.

საბჭოთა კავშირში იდეოლოგიური წნეხის გამო ნორმალურად ვერ ვითარდებოდა შესაბამისი მეცნიერებები - სოციოლოგია, რელიგიათმცოდნეობა. ეს უკანასკნელი ჩანაცვლებული იყო „მეცნიერული ათეიზმით“, რომლის ფარგლებშიც მართალია, შეისწავლებოდა რელიგიები, მაგრამ ის არ იყო მეცნიერული და მიუკერძოებული, ვინაიდან მკაცრი იდეოლოგიზირების გამო ყველა რელიგიას განიხილავდა როგორც ცრურწმენასა და წარსულის გადმონაშთს. ხელოვნური ბარიერები იქმნებოდა მსოფლიოს წამყვან რელიგიათმცოდნეთა და სოციოლოგთა ნაშრომების გასაცნობად (მაგ.: მირჩა ელიადე, რუდოლფ ოტტო, მაქს ვებერი და სხვ.)

ამ ხარვეზის ნაწილობრივ ამოვსებას ისახავს მიზნად წინამდებარე კრებული. აქ შეკრებილ სტატიათა ავტორები სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას წარმოადგენენ - რუსეთს, საქართველოსა და უკრაინას. ამ სამ ქვეყანას და მათ საზოგადოებებს ბევრი აქვთ საერთო. გარდა რამდენიმე საუკუნის ერთობლივი ცხოვრებისა ერთ იმპერიაში, სამივე მათგანში მოსახლეობის უმრავლესობა თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს.

სტატიები არ ჯგუფდება მხოლოდ ქვეყნების მიხედვით. ორი სტატია ზოგადი შესავალის ხასიათისაა: მღვდელი გიორგი ჩისტიაკოვი თავის ვრცელ სტატიაში გადმოსცემს რელიგიათმცოდნეობის არსს, მის მოკლე ისტორიას და ადგილს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა რიგში. ნოდარ ლადარია კი მიმოიხილავს ევროპის რელიგიურ ისტორიას და კერძოდ, შემწყნარებლობის იდეის ევოლუციას დამის დანერგვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ევროპულ სამართალში. ეს მნიშვნელოვანი თემაა, ვინაიდან სწორედ ევროპაში ჩამოყალიბდა რელიგიისა და საზოგადოების, რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ის პრინციპები, რაც დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს წარმოადგენენ.

დანარჩენი სამი ავტორი მოგვაწვდის ცნობებსა და საკუთარ ანალიზს რელიგიური მდგომარეობის შესახებ აღნიშნულ სამ ქვეყანაში. ნიკოლაი მიტროხინი აანალიზებს რუსეთის ეკლესიის ადგილსა და გავლენას რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთით. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრები მნიშვნელოვნად სცილდება დღევანდელი რუსეთის სახელმწიფო საზღვრებს და ამის გამო რუსეთის ეკლესიის პოლიტიკა დიდ საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.

ანდრია იურაში გვაწვდის საინტერესო ანალიზს უკრაინის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რელიგიური ფაქტორის შესახებ. სტატიები მოვლენების ცხელ კვალზეა დაწერილი და ისინი უდავოდ საინტერესო იქნებიან ქართველი მკითხველისთვის. ამ კუთხით, უკრაინაში უმთავრესი შედეგი არის ის, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა ვიქტორ იუშჩენკომ პირველად უკრაინის უახლეს ისტორიაში საარჩევნო კამპანიაში გამოკვეთილად ნეიტრალური პოზიცია დაიკავა სხვადასხვა რელიგიათა და კონფესიათა მომართ, მაშინ როდესაც მეორე კანდიდატი, ვიქტორ იანუკოვიჩი, მაქსიმალურად იყენებდა უკრაინაში ყველაზე მრავალრიცხოვანი კონფესიის მხარდაჭერას. იუშჩენკოს გამარჯვების ეს ასპექტი საინტერესო უნდა იყოს ქართველ პოლიტიკოსთათვის.

ამ სტრიქონთა ავტორი თავის სტატიაში აანალიზებს საქართველოში რელიგიურ ორგანიზაციათა მდგომარეობას და მათ ურთიერთობას სახელმწიფოსთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რელიგიურ კანონმდებლობას. ამ თემის აქტუალურობა კიდევ ერთხელ დადასტურდა სახალხო დამცველის 2005 წლის მოხსენების წარდგენისას საქართველოს პარლამენტში. მოხსენებაში აღნიშნულმა კრიტიკამ საქართველოს რელიგიური კანონმდებლობის მიმართ და რეკომენდაციამ, აღმოიფხვრას დისკრიმინაცია, გამოიწვია მძაფრი კრიტიკა, როგორც მმართველი პარტიის, ისევე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან და მათი გაერთიანება მართლმადიდებლობისა და ქართული ტრადიციების დასაცავად.

ავტორები მადლობას უხდიან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს მხარდაჭერისთვის და იმედოვნებენ, რომ კრებული საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის.

ლებან აბაშიძე

Product details
Date of Publication
2006
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
99940-755-3-5