როგორ გადავცუროთ ზღვა ევროპისაკენ? - სახელმწიფო სტრატეგია და ქართული კულტურა

როგორ გადავცუროთ ზღვა ევროპისაკენ? - სახელმწიფო სტრატეგია და ქართული კულტურა

ნ. ლალიაშვილი, დ. დარჩიაშვილი, ნ. დანელია, დ. ზურაბიშვილი, ზ. ქარუმიძე
ნ. ლალიაშვილი, დ. დარჩიაშვილი, ნ. დანელია, დ. ზურაბიშვილი, ზ. ქარუმიძე — ილუსტრაციის საავტორო უფლება

როგორ გადავცუროთ ზღვა ევროპისაკენ? - სახელმწიფო სტრატეგია და ქართული კულტურა

რით განისაზღვრება ქართული კულტურული იდენტობა; რას გულისხმობს საზოგადოება სიტყვაში “ევროპა”; რა სტატისტიკას ემყარება ვარაუდები საქართველოში ტოლერანტულობის გაზრდის ან შემცირების შესახებ; იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კლებულობს დემოკრატიული განვითარების ტემპი, ხომ არ არის საფრთხე, რომ დასავლეთს აღარ მოუნდეს საქართველოს მიღება თავის სივრცეში; რა უნდა დათმოს საქართველომ იმის სანაცვლოდ, რისი მიღებაც მას ევროპისგან შეუძლია - დისკუსიის მომხსენებლებსა და დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ამ კითხვებზე მოუწიათ პასუხის ძიება. თუმცა მთავარი კითხვა, არის თუ არა საქართველო მზად იმისთვის, რომ გადაცუროს ზღვა ევროპისკენ, პასუხგაუცემელი დარჩა.

მოდერატორმა, ნინო დანელიამ, დასაწყისშივე თხოვა მომხსენებლებს, რომ დისკუსიის მსვლელობისას აქცენტი უფრო მეტად ქართული და ევროპული ღირებულებების თავსებადობაზე გაეკეთებინათ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა, ვიდრე კულტურულ სხვაობებზე ან მსგავსებაზე ისაუბრებდა, საზოგადოებას ევროკავშირთან და ზოგადად, ევროპასთან ქართული სახელმწიფო სტრატეგიის წახნაგები გააცნო.  მან ისაუბრა “აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივაზე”, რომელიც საქართველოს საინტერესო პერსპექტივას პირდება.

დარჩიაშვილის თქმით, ეს პირველ რიგში ეხება გამარტივებულ სავიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას და ევროპის კავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას. მომხსენებლის განმარტებით, ეს არ ნიშნავს ევროპული უსაფრთხოების და თავდაცვის გარანტიებს საქართველოსთვის; თუმცა მთელი რიგი პრაქტიკული ნაბიჯები, რაც ამ შეთანხმების ფარგლებში მოიაზრება, გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტად სჯეროდეთ იმის, რომ ევროპამ საქართველოს ზურგი არ აქცია და რომ ქვეყანა პოლიტიკურად ევროპის კავშირთან ასოცირდება. 

დავით დარჩიაშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ უნდა დაინერგოს საქართველოში ევროპული სტანდარტები და ის რეგულაციები, რომლებიც საქართველოში 2004 წლიდან გაუქმდა: სურსათის სანიტარული კონტროლი, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, სტანდატიზაცია და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა.

პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიზის შემდეგ დავით დარჩიაშვილმა კულტურული თავსებადობის საკითხზეც ისაუბრა. მან გაიხსენა 2006 წელს ევროკავშირში გავრცელებული სოციოლოგიური კვლევის, ”ევრობარომეტრის” მეთოდეით ჩატარებული კვლევა, რომელმაც გამოავლინა როგორც მსგავსება, ისე განსხვავება ევროპულ ღირებულელებთან. დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ ქართული კულტურა, მიუხედავად სერიოზული განსხვავებისა რელიგიასთან, ოჯახთან, ხელისუფლების არსთან დამოკიდებულებაში, თავისი რეგიონული ვარიაციებით მაინც ევროპული კულტურის ნაწილია.

არის თუ არა ქართული კულტურა მზად ევროპულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაციისთვის, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადა დისკუსიის მეორე მომხსენებელი, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ნიკოლოზ ლალიაშვილი. ხელისუფლებას რომ ფრთხილი და უმტკივნეულო ნაბიჯებით ემოქმედა, საქართველოს მოსახლეობას ნებისმიერი სახის რეფორმის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ ჩამოუყალიბდებოდა, განაცხადა მომხსებელმა.

ნიკოლოზ ლალიაშვილმა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსული ხელისუფლება ძალადობრივი მოდელის შემუშავებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ხელისუფლებამ შეცდომით ჩათვალა, რომ ქართული კულტურა არ არის მზად ევროპასთან ინტეგრაციისთვის და ამის მიღწევას ძალადობრივი და აგრესიული მეთოდებით შეეცადა.  მისივე თქმით, ამას შედეგად მოჰყვა დომინანტური კულტურის რეფლექსია წნეხის საწინააღმდეგოდ, რამაც არასასურველი ფორმებით იჩინა თავი. 

გამოსვლის დასასრულს მომხსენებელმა დაასკვნა, ევროპულ კულტურასთან ინტეგრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სახელმწიფო პოლიტიკა არ იქნება ძალადობრივი და სათანადოდ იქნება გააზრებული ქართული დომინანტური კულტურა. ”საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა”, ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა ნიკოლოზ ლალიაშვილმა. 

რას ვგულისხმობთ სიტყვაში, ”ევროპა” და მიდის თუ არა საქართველო ამ მიმართულებით, ეს იყო რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ზურაბიშვილის გამოსვლის ძირითადი თემა. მისივე თქმით, ევროპა უპირველეს ყოვლისა, არის გამარჯვებული ლიბერალური დემოკრატიის სივრცე, სადაც ლიბერალური იდეოლოგია იმყოფება მმართველობის ცენტრში.

დავით ზურაბიშვილის თქმით, იმას, ცდილობს თუ არა საქართველო ევროპასთან ინტეგრაციას, განსაზღვრავს ის, არის თუ არა ქართული კულტურა თავსებადი ლიბერალური დემოკრატიის მთავარ პრინციპებთან. თუ არ ყოფილა სვლა ამ მიმართულებით, გამოდის, რომ საქართველო არ წასულა ევროპისკენ. თუ ევროპასთან ინტეგრაცია განიხილება იმ კუთხით, გადაიდგა თუ არა ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველოში ყოფილიყო ძალაუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მედია და სასამართლო, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ საქართველოში არათუ არ გადადგმულა ნაბიჯები ამ მიმართულებით, არამედ ადგილი ჰქონია უკუსვლას. 

დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ კულტურული თვალსაზრისით საქართველოში არ არის სერიოზული პრობლემები. მისივე თქმით, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხელისუფლებას სერიოზულად დაეწყო იმ ინსტიტუტების შენება, რომლებზეც დგას თანამედროვე ევროპა და ამას საზოგადოების მხრიდან აღშფოთება ან წინააღმდეგობა მოჰყოლოდა.

დასასრულს ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სავიზო რეჟიმის გამარტივება და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავება, ევროპისკენ სვლა ამით არ გამოიხატება. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის იმ ინსტიტუტების აშენება, რომლებიც იქნებოდა იმ ღირებულებების შესაბამისი, რომლებსაც წარმოადგენს დღეს ერთიანი ევროპა.

”რა სჭირს დღევანდელ საქართველოს ისეთი, რომ არ მოხდა ტრანსფორმაცია და გადასვლა ლიბერალურ-დემოკრატიულ სოციალურ და პოლიტიკურ მოდუსში”, რით განსხვავდება საქართველო ევროპისგან, რა გზა გამოიარა ევროპულმა გონებრივმა წყობამ საქართველოსგან განსხვავებით - ეს  იყო ის მთავარი საკითხი, რომელზეც მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ ისაუბრა. მისივე თქმით, ევროპელობა უპირველეს ყოვლისა, არის დიალოგურობა ურბანულ სივრცეში, გახსნილობა სხვისი აზრისა და პოზიციისადმი.

საქართველომ ვერ გაიარა დემოკრატიზმის ის ესთეტიური სკოლა, რომელიც ყალიბდებოდა ევროპულ სივრცეში თავისუფალ ქალაქებსა და დიალოგურ პირობებში, თუმცა იყო გამონათებებიც ისტორიის განმავლობაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ევროპელობის პოტენციალი ქართველებში დევს, აღნიშნა ზურაბ ქარუმიძემ.

ზურაბ ქარუმიძის აზრით, საჭირო იყო მოქმედება ორი მიმართულებით. უნდა ყოფილიყო ქმედება ქვემოდან ზემოთ: კულტურულ და სამეცნიერო საზოგადოებას უნდა ემოქმედა იმ ელემენტების გაღვივებისთვის, რომელიც ქართველ ერში ლიბერალურ-დემოკრატიული ესთეტიკის გამძაფრებას გამოიწვევდა. ასეთივე სახის ქმედებები უნდა განეხორციელებინა პოლიტიკურ ელიტასაც.

მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ ორ და პარალელურ და ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესს, რომელიც საქართველოში ერთდროულად მიმდინარეობს: რელიგიურ ნაციონალიზმსა და მოთხოვნას დემოკრატიაზაციასა და თავისუფლებაზე. სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან ნორმალურად დასრულდეს, საჭიროა ძალისხმევა ორივე მხრიდან.

ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 18 გვ., 220 კბ)
”გადავცურავთ ზღვას?” შ. ხინჩაგაშვილი

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება