პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო

დებატები "პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო"

რა რეაგირება ექნება ევროპას უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით, ხომ არ იყო საქართველო დიდი გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, ხომ არ შეეწირა იგი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას?

როგორ და რა გზით უნდა ჩაიხედოს საქართველომ სარკეში, რა უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ იმისათვის, რომ დაინახოს საკუთარი შეცდომები და მათ გამოსწორებაზე იზრუნოს?

იყო თუ არა საჭირო 2004-2008 წლებში საქართველოს სამხედრო ხარჯების სერიოზულად გაზრდა და ხომ არ შეიტანა ამან წვლილი აგვისტოს ომის გაჩაღებაში?

გააანალიზა თუ არა საზოგადოებამ გასული წლების სამხედრო რიტორიკა და გადადგმული ნაბიჯები?

რით არის განპირობებული შეუთანხმებლობა დასავლურ სამყაროში, პირველ რიგში კი NATO-ში, რომელიც არის უსაფრთხოების თვალსაზრისით პირველი საყრდენი, ფუნდამენტურ საკითხებზე?

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ურთიერთობა საქართველო-რუსეთს შორის და ასევე გაძლიერდეს ურთიერთობა საქართველოსა და დასავლეთს შორის? - ეს იყო ის ძირითადი კითხვები, რომლებიც დაისვა დისკუსიის მომხსენებლების მიმართ. 

დისკუსია კი მოდერატორმა ნინო დანელიამ გახსნა და ბიოლის ფონდში შეკრებილ საზოგადოებას რონალდ ასმუსის წიგნი, "პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო", წარუდგინა. მისი თქმით, ეს წიგნი არის იმ მოვლენების ანალიზი, რომლებმაც განაპირობა 2008 წლის აგვისტოს ომი. ეს არის განვითარებული მოვლენების გლობალურ კონტექსტში ჩართვის და განხილვის მცდელობა. 

სად არის დღეს საქართველოს ადგილი, როგორია ომის შედეგები, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ქვეყანა, როგორია მისი პერსპექტივა ევროატლანტიკურ ალიანსთან მიმართებაში? - ამ თემებზე ისაუბრეს დისკუსიის მომხსენებლებმა.

Ron Asmus

წიგნის ავტორმა, რონალდ ასმუსმა წიგნის დაწერის მიზეზებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისი მთავარი მიზანი იყო დასავლური საზოგადოებისთვის შეეხსენებინა ამ ომის შესახებ და კიდევ ერთხელ დაეფიქრებინა იგი მის გამომწვევ მიზეზებზე. ბატონ ასმუსის თქმით, ომი შესაძლებელი გახდა იმ სისტემის ფარგლებში, რომელმაც კარგად ვერ იმუშავა. ავტორი შეეცადა აეხსნა დასავლელი აუდიტორიისთვის, რატომ დაკარგა საქართველომ ტერიტორიები, რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი და რატომ უნდა ფლობდნენ ამ თემაზე ინფორმაციას დასავლეთში.

ბატონმა ასმუსმა ისაუბრა იმაზეც, რომ ომის მიზეზი არ ყოფილა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცება, ის არ ყოფილა დაკავშირებული ეთნიკურ საკითხებთან და მის დაწყებას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი პერიოდი, როდესაც გროვდებოდა და ძალას იკრებდა პრობლემები. მიუხედავად ამისა, ომის დაწყებამ მაინც ყველა გააოცა, მაინც არ მოხერხდა მისი განმაპირობებელი ნიშნების შემჩნევა. რონალდ ასმუსის თქმით, შეცდომები დაუშვა საქართველომაც და შეცდომები იყო დაშვებული დასავლელი პოლიტიკოსების მიერაც. ომი ყველა მხარისთვის წამგებიანი იყო, მათ შორის, წამგებიანი იყო დასავლეთისთვისაც, რადგან არ იმუშავა  ევროპის უსაფრთხოების სისტემამ და წლების განმავლობაში შემუშავებულმა დოკუმენტებმა.

წიგნის მიზანი იყო დაშვებული შეცდომების გაანალიზება, რათა მომავალში კვლავ არ იჩინოს თავი იგივე პრობლემებმა. როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, ამაზე პასუხი დღეს უცნობია, წიგნის ბოლო თავი ჯერ არ არის დაწერილი, აღნიშნა ავტორმა.

როგორი შეიძლება იყოს საქართველოს განვითარების პერსპექტივა იმ მოცემულობის გათვალისწინებით,  როდესაც ვითარება უცვლელია, რუსეთი კვლავ ეწინააღმდეგება საქართველოს არჩეულ ორიენტაციას, საქართველო კი არ აპირებს უარის თქმას დასავლურ არჩევანზე, ამ თემაზე ისაუბრა დისკუსიის მეორე მომხსენებელმა, გია ნოდიამ. მისი თქმით, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს დასავლური ორიენტაციის გამო, ან რუსეთ-დასავლეთის ომი საქართველოს გამო, ორივე ახსნა ადექვატურია და ამ თვალსაზრისით, ის ჯერ არ დასრულებულა.

გია ნოდია მიიჩნევს, რომ რუსეთი ყოველთვის იყო ორიენტირებული მოწინააღმდეგის სისუსტეზე, ამიტომ საქართველო კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, უნდა ჰქონდეს სტაბილური პოლიტიკური სისტემა, იყოს ძლიერი სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიული მეთოდებით ინარჩუნებს სტაბილურობას.

თინა ხიდაშელმა მადლობა გადაუხადა რონალდ ასმუსს წიგნისთვის ,,პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო" და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი დაიწერება ამ თემაზე, მით უფრო მეტად იქნება საქართველო მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში. ესკი თავისთავად უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ერთადერთი ხსნა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შედგომისთვის არის ის, რომ ჰყავდეს მეგობრები და პარტნიორები, რომლებისთვისაც სულ ერთი არ არის, რა ხდება დედამიწის ამ წერტილში.

თუმცა, როგორც თინა ხიდაშელი მიიჩნევს, არის თემები, რომლებიც გამოტოვებულია წიგნში ან არასაკმარისად არის გაშუქებული, რაც შეიძლება ინფორმაციის უქონლობითაც იყოს განპირობებული. მომხსენებელმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ფრაზაზე, რომ ყველამ უნდა ჩაიხედოს სარკეში. მისი თქმით, ეს არის მისთვის ასეთი ნაშრომების მთავარი ღირებულება. მისივე თქხოვნაა ყველა მეგობრის მიმართ, ქვეყანა იქნება ეს თუ ცალკეული პიროვნებები, სარკეში ჩაახედონ საქართველო და მის პრობლემებზე მიუთითონ.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი ირის კემპე ასევე ფიქრობს, რომ ეს არ ყოფილა ეთნიკური კონფლიქტი. მთავარი ის კი არ არის, ვინ დაიწყო ომი, არამედ სტრატეგიული საკითხები. ეს კი იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველო და სხვა მეზობელი ქვეყნები, პირველ რიგში, უკრაინა, არ გამოსულიყო პუტინის რეჟიმის გავლენისგან და არ გამოეჩინა ინტერესი და სწრაფვა შეერთებოდა ტრანსატლანტიკურ სივრცეს, მის ღირებულებებს და ინტერესებს.

პრობლემები მარტო საქართველოშია თუ მის ფარგლებს გარეთაც - საკითხს ასე აყენებს ირის კემპე.  მისი აზრით, დასავლეთმა საკმარისი დამხარება არ აღმოუჩინა საქართველოს. მეორე მხრივ, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ის, რომ არ არის ნათლად ჩამოყალიბებული კონცეფცია, თუ როგორ უნდა განვითარდეს იგი დასავლეთის მიმართულებით. მოხდებოდა თუ არა ომი, საქართველო რომ ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა ყოფილიყო, იკითხა დასასრულს, გამომსვლელმა.

დისკუსიის ბოლოს შეკრებილმა საზოგადოებამ რონალდ ასმუსს წიგნის დაწერისთვის მადლობა გადაუხადა. ნინო დანელიამ ბიოლის ფონდის სტუმრებს აუწყა, რომ წიგნი უკვე ითარგმნება ქართულ ენაზე და აგვისტოს დასაწყისში იგი ხელმისაწვდომი იქნება ქართულენოვანი აუდიტორიისთვის.

ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 17 გვ., 135 კბ)