ნარჩენების მართვა: თანამედროვე გამოწვევები

საქართველოში არსებული ნარჩენების მართვის სისტემა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში არ არის მოწესრიგებული ნარჩენებს შეგროვების, გატანისა და განთავსების სისტემა. არ ხდება ნარჩენების გადამუშავება და მეორად რესურსად გამოყენება. დღეს არსებული 63 ნაგავსაყრელიდან ვერც ერთი ვერ პასუხობს სანიტარულ და ეკოლოგიურ მოთხოვნებს.

2010 წლის 19 მაისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში, საჯარო დებატების პროგრამის ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე “ნარჩენების მართვა: თანამედროვე გამოწვევები”. ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: ალვერდ ჩანქსელიანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს უფროსი, ქეთი გუჯარაიძე – ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა", პოლიტიკის ანალიტიკოსი, რეზო გეთიაშვილი – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის კოორდინატორი. დებატის მოდერაციას აწარმოებდა ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, უახლოეს ხანში იგეგმება თბილისის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა. სამინისტროს მიერ უკვე გაცემულია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. პროექტში გათვალისწინებულია სეგრეგაციის ზონა და სპეციალური ადგილის გამოყოფა სახიფათო ნარჩენებისათვის, ასევე სადრენაჟო და გაზგამომყვანი სისტემებიც. თბილისის ახალი ნაგავსაყრელი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. გათვალისწინებულია რუსთავ-გარდაბნის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაც, მისი მშენებლობა ახალი სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთავთან ახლოს იგეგმება. სამუშაოები მიმდინარეობს აჭარაში სანაპირო ზონის დასახლებისათვის ნაგავსაყრელის ასაშენებლად.

მომხსენებლის თქმით, პრობლემებია საკანონმდებლო თვალსაზრისითაც. საქართველოში არ არსებობს კანონი ნარჩენების მართვის შესახებ. თუმცა ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ამჟამად საკანონმდებლო ბაზაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იწყება პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს სრულიად საქართველოსათვის ნარჩენების მართვის პრაქტიკის და ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნარჩენების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას გულისხმობს ტვინინგის პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.

მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელის აზრითს, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არ არის გამიჯნული კომპეტენციის სფეროები ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებსა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის, რის გამოც დღეს ყველა მუნიციპალიტეტი ერთი და იგივე პრობლემების წინაშე დგას. მათ უნდათ მოუარონ საკუთარ ნარჩენებს, მაგრამ ამისათვის არც ფინანსური და არც ტექნიკური შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

ექსპერტებმა და მონაწილეებმაც აღნიშნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობა. ასევე აღინიშნა, საზოგადოების გააქტიურების აუცილებლობაც, რათა მოქალაქეებმა სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ხელისუფლებასთან ერთად გადაწყვიტოს პრობლემები, რომლებიც მათ თემებს აწუხებთ.

დებატების ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 17 გვ., 135 KB)