საქართველო-რუსეთის ურთიერთობები: დიალოგის აღგდენის პერსპექტივები

2010 წლის 2 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა მოიწვია ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები საჯარო დებატებში მონაწილეობის მისაღებად. დებატები გაიმართა თემაზე: “საქართველო-რუსეთის ურთიერთობები: დიალოგის აღგდენის პერპექტივები”.

დებატებზე მოწვეულ იქნენ შემდეგი ექსპერტები: ირაკლი მენაღარიშვილი - სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის დირექტორი, დავით ზურაბიშვილი - რესპუბლიკური პარტიის წევრი, რამაზ საყვარელიძე -პოლიტიკური ექსპერტი. მოდერაციას აწარმოებდა ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

რას წარმოადგენს ქართულ-რუსული ურთიერთობების დინამიკა უკანასკნელი წლების განმავლობაში? რასთან გვქონდა საქმე 2008 წლის აგვისტოში? რამ გამოიწვია ურთიერთობის დაძაბვა ამ ორ ქვეყანას შორის? როგორია ვითარება დღეს და რა პერსპექტივები ინიშნება სამომავლოდ? ღატომ არის მნიშვნელოვანი დიალოგის აღდგენა და რა უშლის მას ხელს? – ამ თემებზე ისაუბრეს ფონდში მოწვეულმა სტუმრებმა და დისკუსიის მონაწილეებმა.

ექსპერტებმა (ირაკლი მენაღარიშვილი) ხაზი გაუსვეს დიალოგის აღდგენისა და აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვის საჭიროებას. ბ-ნი მენაღარიშვილის აზრით, ისეთი ტიპის სახელმწიფოსათვის, როგორიც საქართველოა, დიდი ხნის განმავლობაში დაუბალანსებელი ურთიერთობა მეზობლებთან სერიოზული რისკების შემცველია. და ეს რისკები ყოველდღიურად შეიძლება იქცეს საფრთხედ და რეალიზდეს მძიმე შედეგებით. ექსპერტის აზრით აუცილებელია ურთიერთობის გააზრებული სტრატეგიის ჩამოყალიბება და თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგის მოძებნა.

მომხსენებელმა დავით ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა პრობლემის გეო-პოლიტიკურ ასპექტზე. ზურაბიშვილის აზრით, რუსეთის ინტერესების შესწავლის გარეშე შეუძლებელია რუსეთის მიმართ რეალისტური და გააზრებული პოლიტიკის წარმოება. მნიშვნელოვანია რუსეთის და მისი პოლიტიკური ელიტის, რუსული ენის შესწავლა. რუსეთის ინტერესებში არ შედის ძლიერი ქართული სახელმწიფოს არსებობა, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია რუსეთის კარგად გაგება და გეო-პოლიტიკური ფაქტორის განეიტრალება. საქართველოს აღნიშნულ სიტუაციაში არჩევანის შესაძლებლობა არ გააჩნია, რადგან რუსეთი არ ამჟღავნებს დიალოგის აღდგენის სურვილს. უფრო მეტიც, კრემლი უგულვებელყოფს თბილისის მიერ დიალოგის აღდგენის მცდელობისათვის გადადგმულ ნაბიჯებს. ერთადერთი სტრატეგია, რომელიც საქართველოს შეიძლება გააჩნდეს, არის "მოვიქცეთ კარგად" და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები განვავითაროთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რუსეთს და დასავლეთს, რომ ჩვენს ინტერესებში შედის დიალოგის აღდგენა. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები დიალოგისაკენ.

დებატებმა წარმოაჩინეს ინტერესი, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხის განხილვისადმი არსებობს ქართულ საზოგადოებაში. დებატებს სამოცდაათზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. აუდიტორია შედგებოდა სტუდენტებისაგან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისაგან და სხვა დაინტერესებული მოქალაქეებისაგან.

სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მოწვევა რათა ღიად მოხდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მომავალი განვითარების საკითხებისა და გამოწვევების განხილვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 23 გვერდი, 138 კბ)