საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები

ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, 2009 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდა. 2010 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის დაგეგმილი ზრდა 2%-ით განისაზღვრება. საქართველოს სტატისტიკის დეპარტმენტის (გეოსტატის) მონაცემების მიხედვით 2009 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 658.4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, რაც 2008 წლის მონაცემებთან შედარებით 58%-ით ნაკლებია. 2008 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა 1 მილიარდ 563 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა.

საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარება და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზაზე არსებული გამოწვევები იქნა განხილული ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ 2010 წლის 30 ივნისს გამართულ საჯარო დისკუსიაზე სახელწოდებით “საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები”. დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი ექსპექტები იქნენ მოწვეული:

  • რევაზ საყევარიშვილი – ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ანალიტიკური ცენტრის “ეკონომეტრი” დირექტორი.
  • პაატა შეშელიძე – საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი.
  • დავით ნარმანია – კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.

დისკუსიას ფასილიტაციას უწევდა ლევან ალექსიშვილი, რეგიონალური ტელეკომპანიის “ჰერეთი” აღმასრულებელი დირექტორი.

ექსპერტ რევაზ საყევარიშვილის აზრით, საქართველოს ეკონომიკის წარმატება დიდწილად ინვესტიციების შემოდინებაზე არის დამოკიდებული. მათ გარეშე, საქართველოს ეკონომიკა ვერ ვითარდება იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო დახმარება, რომელიც მეტნაკლებად სოლიდური დოზით მოდის დონორებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან, ქვეყანას თუნდაც ბოლო წლებში, პოსტსაომარ სიტუაციაში გააჩნია. ექსპერტის აზრით საქარველოს მიმზიდველობა საგრძნობლად შემცირდა 2008 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც საქართველოში ინვესტირების მსურველმა ინვესტორებმა საგრძნობლად დაკარგეს ნდობა და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი. არის გარკვეული მიღწევები ეკონომიკის ცალკეულ დარგებში (მაგალითად, ამა წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ექსპორტის რაოდენობამ იმატა), მაგრამ საერთო სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია. საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ლიდერი ფეროშენადნობებია, რომელზეც ექსპორტის 17% მოდის. ანუ, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის 17%-ს ერთი პროდუქტი განსაზღვრავს. საკმარისია, მას რაიმე პრობლემა შეექმნას, ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურა მნიშვნელოვნად დამახინჯდება. როგორც გარე, ისე შიდა გამოწვევების რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს. ამას საფუძვლად ედება რთული პოლიტიკური ფონი, აღნიშნა ექსპერტმა.

დავით ნარმანიამ გააკრიტიკა ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობა. ექსპერტის აზრით, კრიზისის დროს ქვეყანამ ვერ დადო რეალური ანტიკრიზისული გეგმა, რაც ბევრმა ქვეყანამ გააკეთა. ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში არათანმიმდევრულია. უფრო მეტიც, მიღებული მარეგულირებელი ნორმები ურთიერთგამომრიცხავია. ეკონომიკის სამინისტროს როლი მცირდება. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი, აღნიშნა ექსპერტმა.

პაატა შეშელიძემ მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკის ძირითადი ფაზები ვარდების რევოლუციის შემდგომ. მან გამოყო ოთხი ფაზა: 2003 წლის შემოდგომიდან 2004 წლის ზაფხულამდე, შემდგომი პერიოდი 2007 წლის ნოემბრამდე, 2007 წლის ნოემბრის შემდგომი პერიოდი, რომელიც 2008 წლის აგვისტომდე გაგრძელდა და 2008 წლის აგვისტოს შემდგომი პერიოდი.

სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებზე საუბრისას, ბ-ნმა შეშელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს საგადასახადო სისტემის შემდგომი ლიბელარიზაციის მნიშვნელობას, გადასახადების ადმინისტრირებისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირების აუცილებლობას, რომელიც მისი აზრით გასული წლების განმავლობაში საგრძნობი ზრდის ტემპით გამოირჩევა. აუცილებელია კერძო საკუთრების დაცვის უკეთესი მექანიზმების შემუშავება; სერიოზული მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც რეალურ ეკონომიკურ ტრანსფორმაციას მოიტანს, აღნიშნა ექსპერტმა.

სამწუხაროდ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო, სამინისტროს წარმომადგენელმა ვერ შეძლო დებატებში მონაწილეობის მიღება.

ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 20 გვ., 131 კბ)