განათლების რეფორმა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, ახალი გამოწვევები და პერსპექტივები დევნილთათვის - ზუგდიდი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით ზუგდიდში დევნილი საზოგადოებისთვის გამართული დისკუსია ამჯერადაც გამორჩეულად ნაყოფიერი იყო. საჯარო დისკუსიის თემა განათლების ხელმისაწვდომობა, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმა იყო. გორსა და წყალტუბოში გამართული მსგავსი დისკუსიებისგან განსხვავებით, ზუგდიდში გამართულ დებატებს ესწრებოდა გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, რომელმაც გალში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და ამ ფონზე რესურსცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, გალის რაიონში არსებული პოლიტიკური და სოციალური ვითარების გათვალისწინებით, როგორც დარბაზში შეკრებილი დევნილი მოსახლეობისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, ისე თბილისიდან ჩასული სტუმრებისთვის, ერთნაირად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

ნონა შონიამ ვრცლად ისაუბრა მშობლიური ენის სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ქართული სახელმძღვანელოების აკრძალვაზე,  რუსულ ენაზე დაწყებითი კლასების გახსნაზე, ზეწოლაზე აფხაზებისა და რუსი სამხედროების მხრიდან, სტრესულ ვითარებაზე, რომელიც სუფევს გალის რაიონში და იმაზეც, თუ როგორ ახერხებენ ამ პრობლემების მიუხედავად გალში ქართული საგანმანათლებლო სივრცის შენარჩუნებას.

არსებული 58 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდან გალში დღეს 31 სკოლა ფუნქციონირებს. სკოლებში სულ 4188 მოსწავლეა, დასაქმებულია 716 მასწავლებელი და 149 ტექნიკური მუშაკი.  31 სკოლიდან 20 იძულებით არის გადაყვანილი რუსულ სწავლებაზე, დანარჩენი ქვედა ზონის 11 სკოლა ზეწოლის მიუხედავად ჯერჯერობით ინარჩუნებს ქართული სკოლის სტატუსს.  

არსებული პრობლემების მიუხედავად, გალელი პედაგოგები ჩართულები არიან  სხვადასხვა პროექტებში, მონაწილეობენ სასერთიფიკაციო გამოცდებში, ტრენინგებში. სოციალური გრანტის ფარგლებში 2005 წლიდან მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების საკითხი. ამავე წლიდან სოციალური გრანტის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 500-ზე მეტი სტუდენტი. 2008 წელს გალის რაიონიდან უმაღლეს სასწავლებლებში იმაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა, ვიდრე დაფინანსება იყო გათვალისწინებული, მაგრამ სახელმწიფომ ამ 108 სტუდენტის დაფინანსებაც მოახერხა. წელს გალის რაიონში 192 აბიტურიენტი იყო, მათგან 90 გახდა სტუდენტი. 

გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აფხაზეთის განათლების სამინისტროში ამოქმედებულ ,,ნიჭიერ სტუდენტთა მხარდაჭერის’’ პროგრამაზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც 2009 წელს 60 სტუდენტი დაფინანსდა, პროგრამით გათვალისწინებული 20 ათასი ლარი თანაბრად გადანაწილდა ყველა სტუდენტზე. ეს პროგრამა წელსაც გრძელდება. 

მომხსენებლებმა, ნანული რამიშვილმა და გიორგი მასალკინმა მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე, სკოლებში ახალი საგნების დანერგვაზე, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სკოლის დამამთავრებელ კლასში დამატებითი გამოცდების შემოღებაზე, მანდატურის ინსტიტუტზე და საქართველოს საჯარო სკოლებში დანერგილ სხვა სიახლეებზე ისაუბრეს. ფსიქოლოგი ეკატერინე ფირცხალავა შეეცადა იმ ფსიქოლოგიურ გარემოზე ესაუბრა, რომელშიც უწევთ ცხოვრება და საქმიანობა დევნილ ადამიანებს, როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. მან სტიგმის პრობლემაზეც ისაუბრა, რასაც ხშირად უკვე დევნილობაში დაბადებული და გაზრდილი ბავშვები აწყდებიან, როდესაც მათ დევნილს უწოდებენ.

რა მექანიზმები არსებობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოგზავნილ მოსწავლეთა სიებში ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ხომ არ არის გათვალისწინებული ზუგდიდში პროფესიული სასწავლებლების გახსნა, რომ მათ, ვისაც არ აქვს უმაღლესში ჩაბარების საშუალება ან სურვილი, სწავლა იქ განაგრძონ - ეს კითხვები დაისვა დისკუსიაზე მოსწავლეების და სტუდენტების მშობლების მიერ.

არის თუ არა გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტთა დასაქმების პროგრამების ამუშავება, რათა მათ თავად შეძლონ მგზავრობისთვის და სახელმძღვანელოების შესაძენად საჭირო თანხის გამომუშავება, საატესტაციო გამოცდების ნაცვლად უკეთესი ხომ არ იქნება ფსიქოლოგიური ტესტირების ჩატარება, იმისთვის, რომ შემდგომ უმაღლესში ჩარიცხულ სტუდენტებს სასწავლებლებში ადაპტირება გაუადვილდეთ - ამ კითხვებს მოსწავლეები და სტუდენტები სვამდნენ.

ერთ-ერთმა სტუდენტმა დისკუსიის დასასრულს აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, მისი აზრით, არაინფორმირებულობაა. მისი თქმით,  ზუგდიდში აბიტურიენტებისა და სტუდენტების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას არც განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე და არც იმ შეღავათებზე, რაც მათთვის სახელმწიფოს მიერ არის გათვალისწინებული.