განათლების რეფორმა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, ახალი გამოწვევები და პერსპექტივები დევნილთათვის - გორი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით გორის საინფორმაციო ცენტრში დევნილთათვის მესამე საჯარო დისკუსია გაიმართა - ამჯერად განათლების საკითხებზე, მის ხელმისაწვდომობაზე, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. 

კონკრეტული საკითხები, რომლებზეც მომხსენებლებმა ისაუბრეს, მასწავლებელთა სერტიფიცირებას, სკოლებში ახალი საგნების დანერგვას, სკოლის დამამთავრებელ კლასში დამატებითი გამოცდების შემოღებას, მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მანდატურის უფლება-მოვალეობებს, საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და საქართველოს საჯარო სკოლებში დანერგილ სხვა სიახლეებს და არსებულ პრობლემებს ეხებოდა. 

პედაგოგთა კავშირის, "განათლება და სამყარო", თავმჯდომარის გამოსვლაში საჯარო სკოლებისთვის მედიასთან ურთიერთობის შეზღუდვაზე და დევნილთა სკოლებზეც იყო საუბარი. რატომ უნდა იყოს სკოლაში ჟურნალისტების ან კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენელთა შესასვლელად საჭირო ნებართვა განათლების სამინისტროდან. უნდა არსებობდეს თუ არა დევნილთა სკოლები. ხელს ხომ არ უშლის მათი არსებობა დევნილთა ინტეგრაციას საზოგადოებასთან. მეორე მხრივ, არის თუ არა მზად სახელმწიფო დესეგრეგაციისთვის - ამ საკითხებზე ისაუბრა გამომსვლელმა. 

დისკუსიის მეორე მომხსენებელი, გიორგი მასალკინი  დაინტერესდა, თავად დევნილები რა პრობლემებს გამოყოფენ განათლების სფეროში, რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის ინფორმაცია მიმდინარე რეფორმებზე, ძირითადად რა პროფესიებს ირჩევენ დევნილი ახალგაზრდები. 

ფსიქოლოგმა ეკატერინე ფირცხალავამ იმ ფსიქოლოგიურ გარემოზე ისაუბრა, რომელშიც უწევთ ცხოვრება დევნილებს. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო პოლიტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში შეამციროს ამგვარი სტრესების რიცხვი. საუბარი შეეხო სტიგმის პრობლემასაც და მისი დაძლევის გზებსაც, იმ სტრესულ მდგომარეობას, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან საგრძნობია დევნილ მოსახლეობაში და ამაზე, მოდერატორის, ნინო კალანდარიშვილის თქმით, სხვა სკოლებისგან განსხვავებით, დევნილთა სკოლაში ბავშვების არაბუნებრივი სიჩუმეც მიუთითებს.

დევნილთა ჩართვა დისკუსიაში თავიდან ამჯერადაც გაჭირდა. მათი კითხვებიც, უმეტესწილად, როგორც ადრე გამართულ დისკუსიებზე, ყოფით პრობლემებს უფრო ეხებოდა, ვიდრე განათლების რეფორმის კონკრეტულ საკითხებს. ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, "მათზე ყველამ ხელი მოითბო, ფული დააგროვა, სამსახური ერთეულებმა იშოვეს, ისინი კი მშრალზე დარჩნენ". დარბაზში დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ ინფორმაცია  რეფორმაზე, აქედან გამომდინარე, არც საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ მასთან დაკავშირებით. მათ დაინტერესებას იწვევს, თუ რა შეღავათი შეიძლება ჰქონდეს დევნილ სტუდენტს და როგორ შეიძლება იყოს მოგვარებული სწავლის საფასურის გადახდის საკითხები, ისინი ნაკლებად ინტერესდებიან პროგრამით, რომლითაც უნდა ისწავლონ მათმა შვილებმა, არც ახალი საგნების და მანდატურის ინსტიტუტის მიმართ გასჩენიათ შეკითხვები. ამ ეტაპზე მათთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, საიდან გამოძებნონ საკუთარი შვილებისთვის სახელმძღვანელოების შესაძენი თანხა. 

საუბარი შეეხო დევნილი პედაგოგების დასაქმებისა და გადამზადების საკითხებსაც. გამოითქვა წუხილი, რომ მათ არადევნილი პედაგოგებისგან განსხვავებით, სკოლებში ბევრად უფრო ნაკლებ საათს აძლევენ და არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. იმისათვის, რომ დევნილი მასწავლებლების დასაქმების პრობლემა გადაიჭრას, მათი თქმით, კარგი იქნება, თუ დასახლებებში აშენდება სკოლები და საბავშვო ბაღები. დისკუსიის დასრულებისას ნინო კალანდარიშვილმა ილიას უნივერსიტეტთან არსებულ პედაგოგთა გადამზადების ცენტრზე და მისი საქმიანობის ფარგლებში დევნილთა სკოლებში პედაგოგებისთვის ტრენინგების უფასოდ ჩატარების  პრაქტიკაზეც ისაუბრა და დევნილებს ამ საკითხებზე უფრო მეტად დაფიქრების, მეტი აქტიურობისა და ინიციატივის გამოჩენისკენ მოუწოდა.