დევნილთა ინტეგრაციის საკითხები დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში

დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები
Teaser Image Caption
Speakers during the debate

2011 წლის 23 მარტს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსია დაეთმო დევნილთა ინტეგრაციის საკითხებს დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში. თანამედროვე ქართული სოციალური თუ პოლიტიკური ცხოვრების ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მგრძნობიარე საკითხზე ისაუბრეს დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, “სინერგია” კოორდინატორმა ნინო კალანდარიშვილმა, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე მანანა გაბაშვილმა, სოციალური პროგრამების ფონდის თავმჯდომარე ირაკლი ბოკუჩავამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთის” დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერმა ნუკრი მილორავამ. დებატების მოდერატორს ამჯერადაც გოგი გვახარია წარმოადგენდა.

დევნილთა ინტეგრაციის საკითხებზე მსჯელობა საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით ხასიათდება – თავად დევნილები ხშირად ინტეგრაციას განიხილავენ როგორც დაბრუნების ხელისშემლელ ფაქტორს და ნაკლებად მიიშნევენ ამ პროცესს მათთვის, თუ ზოგადად სოციალურ ცხოვრებაში მიმდინარე დადებით ცვლილებად. სწორედ ამიტომ, ტერმინ ინტეგრაციის განმარტებასთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

აზრთა სხვადასხვაობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დებატების სახელწოდების მიმართულებითაც გამოიკვეთა სოციალურ ქსელებში – როგორც დებატების მოდერატორმა გოგი გვახარიამ აღნიშნა “ზოგიერთების აზრით, ეს სათაური ერთგვარ ქედმაღლობასაც შეიცავს, თითქოს უნდა შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ვუყოთ დევნილებს.” თუმცა დისკუსიის მონაწილე მანანა გაბაშვილმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ინტეგრაციას ასიმილაციისაგან განსხვავებით დადებითი კონოტაცია აქვს რადგან იგი გულისხმობს ადამიანის თვისებების შენარჩუნებას და მხოლოდ ამ გზით მის დიდი საზოგადოების ნაწილად გახდომას.

გარდა ამისა, როგორც ირაკლი ბოკუჩავამ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია ერთის მხრივ რამდენად სურს დევნილ საზოგადოებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაცია, და მეორე მხრივ რამდენად არის ადგილობრივი მოსახლეობა მზად ამ პროცესისათვის.

დისკუსიაზე ასევე ხაზი გაესვა დევნილთა სოციალური თუ პოლიტიკური უფლებების სხვადასხვა ასპექტებს და მათთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებს. როგორც ცნობილია, 2003-2004 წლამდე დევნილებს არ ჰქონდათ საკუთრების უფლება ისევე როგორც შეზღუდული ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. როგორც ირაკლი ბოკუჩავამ აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ამ პერიოდებში არ აღმოჩნდა მზად ინტეგრაციის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად.

ნუკრი მილორავამ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველოში დევნილებს სამართლებრივი-პოლიტიკური თვალსაზრისით პრობლემები არ შექმნიათ და ყურადღება გაამახვილა სოციალური და ეკონომიკური ტიპის პრობლემებზე. ამ სფეროში მან გამოყო ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობის ხარვეზები რომლებიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ინტეგრაციის პროცესებს – ესენია ფაქტობრივ მისამართზე დევნილთა დარეგისტრირება-გადამისამართება, საცხოვრებელი ფართის სიმცირე და ძველ და ახალ დევნილებს შორის დისკრიმინაციული მიდგომა, ასევე განსახლების ალტერნატივის პირობები, რომელიც სტრატეგიასა და გეგმაში გაწერილის მიხედვით არა არჩევითია, არამედ იძულებითი მექანიზმებით ხორციელდება. აღინიშნა ასევე საპრივატიზაციო კოლექტიური ცენტრების აღწერის ერთიანი სისტემის და ინფორმაციის არ არსებობა – რის გამოც დევნილთა ოჯახებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ელის მათ საცხოვრებელ ცენტრს უახლოეს მომავალში. ამასთან, ნუკრი მილორავამ გამოყო პრობლემა რომელიც ეხება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სისტემურ  დეცენტრალიზაციას – მისი თქმით ის ფაქტი, რომ ზუგდიდში სადაც იმდენივე დევნილი ცხოვრობს რამდენიც ადგილობრივი მოსახლეობა, არ არსებობს სამინისიტროს დევნილთა საქმეების სამმართველო. ეს სიტუაცია ცხადყოფს, რომ დევნილებთან მიმართებაში არ მოიაზრება კომუნიკაციისა თუ უკუკავშირის აუცილებლობა.

დებატების მეორე, სადისკუსიო-ინტერაქტიული ნაწილი საკმაოდ აქტიურ და დაძაბულ რეჟიმში წარიმართა. აუდიტორიაში მყოფ დამსწრეთაგან უმრავლესობა წარმოადგენდა თავად დევნილებს და ამდენად მათ მიერ დასმული შეკითხვები უშუალოდ ასახავდა ამ სოციალური სტატუსის მქონე პირთა წინაშე არსებულ პრობლემებს.