რეგიონალური მედიის გამოწვევები

ძირითადი მომხსენებლები:

  • ლევან ალექსიშვილი - ტელეკომპანია ,,გურჯაანის''  აღმასრულებელი დირექტორი; 
  • ირაკლი აბსანძე - თავისუფალი ჟურნალისტი, ასოციაცია  ,,არგომედიის'' თავმჯდომარე;
  • ია ანთაძე - სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.

მოდერაცია: გოგი გვახარია 
 
მედიის დამოუკიდებლობა, ცენზურა და თვითცენზურა, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია, ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, ფინანსების სიმწირე და გამჭვირვალობა, არაპროფესიონალიზმი - ეს ის პრობლემებია, რომლებიც დღეს საქართველოში მედიის წინაშე დგას. 

რა მოლოდინი აქვს საზოგადოებას მედიის მიმართ, როგორ დააკმაყოფილოს რეგიონალურმა მედიამ თავისი მაყურებლის, მსმენელის თუ მკითხველის ინტერესი, როგორ გახადოს კონტენტი ფართო აუდიტორიისთვის საინტერესო, როგორ აქციოს ობიექტური ინფორმაცია ბიზნესად - ამ თემებზე ისაუბრეს მომხსენებლებმა და ადამიანებმა, რომლებიც ესწრებოდნენ დისკუსიას.

ლევან ალექსიშვილმა მთავარი აქცენტი მედიის ორ მიმართულებაზე გააკეთა. მან ისაუბრა მედიაზე, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის გამავრცელებელზე, ასევე ღირებულებების დამამკვიდრებელზე და მედიაზე, როგორც ბიზნესზე. მისივე თქმით, საქართველოში ნაცვლად იმისა, რომ ეს ორი მხარე ერთმანეთს ავსებდეს და აძლიერებდეს, პირიქით ხდება. ,,ნაცვლად იმისა, რომ მედიას საზოგადოების პროვოცირება მოეხდინა ობიექტური ინფორმაციის მიღებაზე, მან საზოგადოებას პირიქით დაუკარგა მოთხოვნილება საინფორმაციო-ანალიტიკურ პროგრამებზე. ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. სამოქალაქო საზოგადოება ასეთ პირობებში ვერ განვითარდება'', მიაჩნია ლევან ალექსიშვილს. როგორ უნდა მოიქცეს მედია-საშუალება, რომ დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა შინარჩუნოს და თან განვითარდეს, როგორც ბიზნესი - ეს იყო მისი   გამოსვლის მთავარი გზავნილი. 

ირაკლი აბსანძე მიიჩნევს, რომ რეგიონალურ მედიას საქართველოში ძალიან რთული როლის კისრება მოუხდა. რეგიონალურ მედიას ერთის მხრივ სურს გადაჭრას დილება, რომელიც მედიის ბიზნესად ქცევაში მდგომარეობს, მეორე მხრივ კი უწევს იტვირთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციები, რაც თავისთავად ბიზნესს არ წარმოადგენს. მანვე რეგიონალურ მედიაში არაპროფესიონალიზმის პრობლემაზეც ისაუბრა და ამის მთავარ მიზეზად მწირი ფინანსები დაასახელა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ირაკლი აბსანძემ გაამახვილა ყურადღება, ეთიკის ნორმებისადმი რეგიონალური ჟურნალისტების დამოკიდებულებაა. მისი აზრით, მათ ,,რეგიონალური ჟურნალისტები ბევრად უკეთ იცავენ, ვიდრე ცენტრალური არხები''.

ია ანთაძემ საქართველოს ექვს ქალაქში ამავე თემებზე გამართულ დისკუსიებზე ისაუბრა, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები. მანვე ისაუბრა იმ გამოკითხვაზეც, რომელიც ამ დისკუსიების შემდეგ ჩატარდა და იმ უმთავრეს პრობლემებზეც, რომლებიც დასახელდა გამოკითხვის მეშვეობით მონაწილეთა მხრიდან. ია ანთაძის თქმით, ძირითად  პრობლემებად დასახელებული იყო პროფესიონალიზმი ყველა სეგმენტში, საზოგადოების სისუსტე, პოლიტიკური ნება და შიში. პრობლემების გადაჭრის მთავარ გზად გამოკითხულ პირებს დამოუკიდებელი მედიის განვითარება და გაძლიერება მიაჩნიათ. ,,საზოგადოება ჩვენგან ითხოვს უფრო მეტ კვალიფიკაციას და უფრო სიღრმისეულ ჟურნალისტიკას'', ამბობს ია ანთაძე. 

დისკუსიის ბოლოს წამოჭრილ საკითხებზე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ. მისი თქმით, მთავარი საკითხია ის, რა პროდუქტს ელის საზოგადოება მედიისგან და იცნობენ თუ არა მედიის წარმომადგენლები საზოგადოების მოლოდინებს. მას მიაჩნია, რომ ,,ეს მოლოდინები უფრო ჯანსაღია, ვიდრე ჩვენი მიდგომა ამ პრობლემების მიმართ''. მისივე აზრით, რეგიონალურ მედიაში ხშირად არ ჩანს ის პრობლემები, რაც რეგიონების მცხოვრებთ ყველაზე მეტად აწუხებს. 

იმის მიუხედავად, რომ დარბაზი სავსე არ ყოფილა, დისკუსიამ მაინც მწვავედ და აქტიურად ჩაიარა. რაც შეეხება სტუმართა ნაკლებობას, ია ანთაძის აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ კარგად არ აქვს გაცნობიერებული ის როლი, რომელსაც რეგიონალური მედია მთელი საზოგადოების განვითარებაში თამაშობს.