საატესტატო გამოცდები აჭარაში და მისი შედეგები

2011 წლის 23 ივნისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ბათუმში ორგანიზებული საჯარო დისკუსიის თემა გახლდათ: “საატესტატო გამოცდები და მისი შედეგები.”

აჭარის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ, რომელიც დისკუსიის მთავარი მომხსენებელი იყო, ვერ წარმოადგინა აჭარაში ჩატარებული გამოცდების შედეგების სტატისტიკა,  ვინაიდან, მისივე თქმით, ჯერჯერობით საბოლოო მონაცემები არ დაჯამებულა, ხოლო  ამ შედეგების ანალიზის შემდეგ ყველა მონაცემი სამინისტროს ვებ-გვერზე დაიდება. ამასთან, გია აბულაძე, წინასწარ მონაცემებს საგანგაშოს არ უწოდებს. “მე, რა თქმა უნდა, 99 პროცენტიანი მაჩვენებლითაც არ ვიქნები კმაყოყოფილი,  მაგრამ ამ გამოცდებმა ბევრი ხარვეზი თუ დადებითი მხარე დაგვანახა” - აღნიშნა გია აბულაძემ. უატეტსატოდ დარჩენილი მოსწავლეები, მინისტრის თქმით,  პრობლემის არსებობას ცხადჰყოფს. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ სკოლის მიმართ იყო ძალიან გულგრილი დამოკიდებულება და მშობლები საერთოდ არ ინტერესდებოდნენ შვილის საქმიანობით.

წინასაწარი ინფორმაციით, სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარება აჭარიდან 5885 მოსწავლეს უნდა შეძლებოდა. ამათგან,  გამოცდაზე ბევრი არ გამოცხადდა, ხოლო უფრო მეტმა საერთოდ უარი თქვა გამოცდის ჩაბარებაზე. აჭარაში, დაახლოებით 761  მეთორმეტე კლასელმა გამოცდა ვერ ჩააბარა.

ეს შედეგები, საჯარო დისკუსიის ერთ-ერი მთავარი მომხსენებლის, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორის, თამთა კვარაცხელიას თქმით, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. იგი ეთანხმება მინისტრის ვერსიას, რომ სკოლას არ ჰქონდა ავტორიტეტი და უფროსკლასელები სკოლაში გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ,  ხოლო ამ პროცესში მშობელი საერთოდ არ მონაწილეობდა.

დამსწრეთა აზრით, წლების წინ განათლების საინისტროს მიერ დაშვებული შეცდომა, საბუნებისმეტყველო საგნების შემცირებას თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა. საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, გაუჭირდათ ამ საგნების დაძლევა.  და მეორეს მხრივ, მათემატიკაშიც მოსწავლეებმა ძალიან დაბალი შედეგი აჩვენეს.  ვინაიდან, ამ საგანში პედაგოგთა ძალიან დიდი ნაკლებობაა.

"ჩემს სკოლას აქვს ეს პრობლემა, არ მყავს გამოცდილი, სერთიფიცირებული მასწავლებელი",  – აღნიშნა თავის მოხსენებაში თამთა კვარაცხელიამ.  თუმცა, თამთა კვარაცხელიას მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, მის სკოლაში მოსწავლეებმა მაღალი შეფასება ვერც ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიიღეს, ეს ტენდეცია კი სკოლის დირექტორს რესურსცენტრში აუხსნეს, რომლის მიხედვითაც, ჰუმანიტარულ საგნებში საგამოცდო  ტესტები უფრო რთული იყო, ვიდრე სხვა საგნებში.

მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ საატესტატო გამოცდებით გამოჩნდა განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები და ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი განითარების გეგმა მომზადდება.