რეზოლუცია 1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება

მშვიდობა და უსაფრთხოება მხოლოდ ქალებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ომი და არასტაბილური გარემო განსაკუთრებით მწვავედ ქალებზე და ბავშვებზე ისახება. ქალები და მშვიდობა, კონფლიქტები და უსაფრთხოება, გენდერული ძალადობა და ადამიანის უფლებები, ქალების როლი კონფლიქტების პრევენციასა და მოწესრიგებაში, მათი მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, და საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა - გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 7 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში დისკუსია თემაზე: "რეზოლუცია 1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება", გაიმართა.   

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ნანა ღვალაძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, რუსუდან კერვალიშვილის აპარატის მთავარი სპეციალისტი; თამარ თავართქილაძე - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი; მარინა თაბუკაშვილი - ფონდის ტასო ხელმძღვანელი და მაია (ელენე) რუსეცკი - ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი.

დისკუსიის დაწყებამდე ნაჩვენები იყო ორი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც პროექტის, "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში", რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან, ფონდთან "ტასო" და "ქალთა საინფორმაციო ცენტრთან" ერთად ახორციელებს, ფარგლებში იძულებით გადაადგილებულმა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ქალებმა გადაიღეს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის დევიზი წელს არის: "მშვიდობა სახლში და მშვიდობა მსოფლიოში. დავძლიოთ მილიტარიზმი და აღვკვეთოთ ძალადობა ქალთა მიმართ!" როგორც მარინა თაბუკაშვილი ამბობს, "ის ჩვენგან უნდა წამოვიდეს, ჩვენი სახლებიდან, ჩვენი პიროვნებიდან უნდა მოედოს მთელ მსოფლიოს. სხვა ვერ უზრუნველყოფს მას, თუ შენც არ მიიღე მონაწილეობა".

თამარ თავართქილაძის თქმით, პროექტი "დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა და გოგონათა დახმარებისათვის" სამწლიანია და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს 5 რეგიონში ხორციელდება, იქ, სადაც ყველაზე მეტი დევნილია ჩასახლებული. ეს რეგიონებია ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო და თბილისი. მან ნაჩვენებ ფილმებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს არის თანამონაწილეობითი ტექნიკის გამოყენებით გადაღებული ფოლმები, რომელთა გადაღებაც, მონტაჟიც, თემების არჩევაც,  დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს ეკუთვნის.

მაია (ელენე) რუსეცკი იხსენებს, რომ ეს პროცესი საქართველოში დღეს არ დაწყებულა.  გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება ჯრ კიდევ 2002 წლიდან დაწყებულა. მაშინვე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით შეიქმნა ქალთა სამშვიდობო საბჭოც. "იმ პერიოდში  შესაძლებელი იყო ამ პროცესში ჩართულები ყოფილიყვნენ ჩვენი კოლეგები კონფლიქტის ზონიდან, ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. გაეროს "რეზოლუცია 1325", რომელიც ეხება ქალთა მონაწილეობას და უსაფრთხოებას სამშვიდობო პროცესში, იმ ეტაპზე იყო საბაბი, რომ ერთმანეთთან გვესაუბრა. მაშინ ქალებმა შეძლეს ის, რისი გაკეთებაც დღეს სამწუხაროდ, არ შეგვიძლია... 2006 წელს შეიქმნა პირველი სამოქმედო გეგმა, მაგრამ ეს პროცესი არ გაგრძელებულა. დღეს შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ პროცესის განვითარებას", უხსნის საზოგადოებას მაია (ელენე) რუსეცკი.

მომხსენებლებმა დაწვრილებით ისაუბრეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე 1325, და ეროვნულ სამოქმედო გეგმაზეც, რომლის პროექტიც როგორც აღინიშნა, პარლამენტმა უკვე განიხილა, და უახლოეს ხანებში საქართველოს უკვე ექნება ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებული ვარიანტი. ნანა ღვალაძის თქმით, ის ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელიც გეგმაშია მოცემული, შემდეგია: მონაწილეობა, პრევენცია, კონფლიქტის პრევენციაში ქალთა საჭიროებების გათვალისწინებისა და ქალთა წინააღმდეგ ყველა ფორმის ძალადობის აღკვეთის გზით, ომის შედეგად დაზარალებული ქალების და ბავშვების დაცვა და დახმარება და რეაბილიტაცია იმ ქალებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ რეაბილიტაცია და მათი სპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარეობს.