სტუდენტური თვითმმართველობები - გამოწვევები, პერსპექტივები

ილია გოგლიძე, დაჩი გუბაძე, ლევან ასათიანი

ძირითადი მომხსენებლები:

  • დაჩი გუბაძე - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე;
  • ილია გოგლიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი;
  • ლევან აბაშიძე - "ლაბორატორია 1918"-ის წევრი.

მოდერატორი: ნინო რობაქიძე - ჟურნალისტი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 2011 წლის სტიპენდიანტი.

რა არის სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქცია, რაში გამოიხატება მისი საქმიანობა; როგორ და რა ვადით აირჩევა სტუდენტური თვითმმართველობა; რა განასხვავებს მათ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში; როგორია ნდობა და რეიტინგი თავად სტუდენტებში ამ ინსტიტუტის მიმართ; რა მთავარი პრობლემების წინაშე დგანან დღეს სტუდენტები და რამდენად ახერხებს სტუდენტური თვითმმართველობა დაეხმაროს მათ პრობლემების გადაჭრაში; რით იყო გამოწვეული ალტერნატიული სტუდენტური მოძრაობის ჩამოყალიბება - ამ თემებზე საუბრობდნენ დისკუსიის მომხსენებლები და დარბაზში შეკრებილი სტუდენტებიც.

როგორც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე, დაჩი გუბაძე განმარტავს, სტუდენტური თვითმმართველობა არის ერთადერთი ლეგიტიმური სტუდენტური ორგანიზაცია უნივერსიტეტების მასშტაბით, რადგან ის არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც სტუდენტებს შორის  ფარული კენჭისყრის საფუძველზე აირჩევა. შესაბამისად, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი აქვს და უფლება აქვს სტუდენტთა სახელით ისაუბროს.

დაჩი გუბაძემ თვითმმართველობის ოთხ ძირითად მიმართულებაზეც ისაუბრა: კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, ექსკურსიების მოწყობა და საგანმანათლებლო - შემეცნებითი პროექტები. მისივე თქმით, მესამე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის პრიორიტეტს საგანმანათლებლო - შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს, რის გამოც იმ თანხის დიდი ნაწილი, რაც სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან განკარგა, სწორედ ამ მიმართულებას მოხმარდა. "ალბათ ყველას გაინტერესებთ, რის საფუძველზე ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობა განსახორციელებელ ღონისძიებებს და პროექტებს. განსაზღვრის ყველაზე მარტივი  საშუალებაა იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ღონისძიებებში", აღნიშნა თავის გამოსვლაში მომხსენებელმა.

თვითმმართველობის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე - სტუდენტთა კანონიერი უფლების და ინტერესების დაცვასა და სტუდენტთა სამოქალაქო აქტიურობის  გაზრდაზე, მათი ადმინისტრაციული და სასწავლო პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა მომდევნო მომხსენებელმაც, ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ილია გოგლიძემ. სტუდენტური თვითმმართველობები ყველა უნივერსიტეტში დაახლოებით ერთსა და იმავე ღონისძიებებს ახორციელებს, განაცხადა მან.  თუმცა აღმოჩნდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სხვა  უნივერსიტეტებისგან განსხვავებით სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება წარმოადგენს, რასაც უკვე მესამე წელია ახორციელებენ.

სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენელთა შემდეგ ალტერნატიული სტუდენტური მოძრაობის, "ლაბორატორია 1918"-ის წევრმა ლევან აბაშიძემ მათი ორგანიზაციის წარმოშობის მიზეზებზე და ხედვაზე ისაუბრა. მისთვის დამაჯერებელი არ არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ მთავარ მიმართულებას საგანმანათლებლო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები წარმოადგენს.

მთავარი საკითხები, რაზეც სტუდენტური თვითმმართველობისა და "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენლები თანხმდებიან, ის არის, რომ სწავლის საფასური, რომელიც თავიდან 1500 ლარი იყო და დღეს 2250 ლარს შეადგენს, ერთიანი ძალისხმევით პირვანდელ ოდენობას უნდა დაუბრუნდეს  და ამის მისაღწევად ერთმანეთს მხარდაჭერას პირდებიან. ასევე თანხმდებიან  იმაზეც, რომ განათლებასა და მეცნიერებას მეტი დაფინანსება სჭირდება და სახელმწიფომ ამ მიმართულებით უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.   

დისკუსიაზე სხვა საკითხებიც წამოიჭრა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების მენეჯერმა ოლივერ რაისნერმა ბოლონიის პროცესი გაიხსენა, რომელსაც საქართველო 2005 წელს მიუერთდა, და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაში სტუდენტთა ჩართულობას ითვალისწინებს. ის დაინტერესდა, რეალურად თუ ჰქონდათ საშუალება სტუდენტებს შეეფასებინათ ჩატარებული ლექციების ხარისხი. მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ ასეთი დისკუსიები კარგი იქნება თუ თავად უნივერსიტეტებშიც ჩატარდება. 

ოლივერ რაისნერის შეკითხვას დაჩი გუბაძემ უპასუხა. მისი თქმით, გამოკითხვები აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან დაკავშირებით დიდი ხანია ტარდება უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. თუმცა მოგვიანებით ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა თქვა, რომ ამ გამოკითხვებს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს და სინამდვილეში არაფერს ცვლის.

ის ფაქტი, რომ ბიოლის ფონდის დარბაზი გადაჭედილი იყო სტუმრებით, უთუოდ მეტყველებს იმაზე, რომ სტუდენტური თვითმმართველობის თემა და ზოგადად, უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული საკითხები დღეს საქართველოში ძალიან აქტუალურია, მეორე მხრივ ეს იმის მაჩვენებელიც არის, რომ სტუდენტებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ და სურთ ამ პრობლემებზე ღიად საუბარი. შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ დისკუსიაზე სტუდენტების დასწრება სტუდენტური თვითმმართველობების მიერ კარგად იყო ორგანიზებული, რაზეც თვითმმართველობების მხარდამჭერი სტუდენტების განსაკუთრებული აქტიურობაც შეიძლება მიანიშნებდეს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში დისკუსია დროული და მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმის გამო, რომ როგორც "ლაბორატორია 1918"-ის, ისე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები დარწმუნდნენ, რომ შესაძლებელია, მათი მიდგომა და ხედვა სხვადასხვა საკითხის მიმართ არც თუ ისე განსხვავებული იყოს, როგორც ამას მანამდე წარმოიდგენდნენ.