ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების გაშუქება ქართულ პრესაში

მონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაცია

2011 წლის 21 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში ქართულ პრესაში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების გაშუქების მონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

„ინტერნიუსი-საქართველომ“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის პროექტის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის“ ფარგლებში ქართულ პრესაში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების გაშუქების და მათი მისამართით გამოყენებული სიძულვილის ენის მონიტორინგის შუალედური შედეგები წარადგინა. მედიის მონიტორინგის მიზანი ქართულ პრესაში სიძულვილის ენის გამოვლენა და საზოგადოებაში დისკუსიის გაღვივებაა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის (EIDHR) ფარგლებში.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა 2011 წლის მაისი-ივლისის და სექტემბერი-ნოემბრის პერიოდებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. მედიის მონიტორინგი 2011 წლის 1 მაისს დაიწყო და 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გასტანს.

პრეზენტაცია გახსნა ოლივერ რაიზნერმა (პროექტის მენეჯერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში),  პროექტის მიზნები წარადგინა გიორგი შუბითიძემ (პროექტის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის“ კოორდინატორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო), მედია მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს მედია მკვლევარებმა გიორგი თაბაგარმა და დიანა ჩაჩუამ (ინტერნიუსი-საქართველო). შეხვედრის მოდერატორი იყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

მონიტორინგისთვის შერჩეულ იქნა 8 ეროვნული და 3 რეგიონალური ბეჭდური გამოცემა. „ინტერნიუსი-საქართველო“ კვლევის შედეგებს კვარტალურად აქვეყნებს. მომდევნო ანგარიში 2012 წლის მარტში გამოქვეყნდება.