„ახალი“ იდენტობები საქართველოში: ტაბუ და უმცირესობები

  • ლიანა ჯაყელი (სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე, თბილისი);
  • ასლან ჭანიძე (თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, ბათუმი);
  • ნიაზ ზოსიძე (აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა);
  • გიორგი გოცირიძე (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი)

საჭიროა თუ არა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა კოლექტიური უფლებების საშუალებით? შესაბამისად, როგორ უნდა მოხდეს ფართო საზოგადოების მიერ უმრავლესობისგან განსხვავებული იდენტობის მიღება და აღიარება? უნდა იყოს თუ არა ეს ამოცანა შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი? ამ საკითხებზე იმსჯელეს ბათუმში, 23 ივლისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ  საჯარო დისკუსიაზე.

საქართველოში ჰომოფობიური გარემოა. ეს არის 2009-2012 წელს საქრთველოში ჩატარებული კვლევის შედეგი. ამ კვლევის თანახმად, ჰომოსექსუალობა  მიუღებლად მიაჩნია მოსახლეობის 90%-ს.  რეჟისორმა ლიანა ჯაყელმა, რომელმაც დისკუსიაზე ფილმი „მედ ყოფნის ფასი“ წარმოადგინა, აღნიშნა, რომ სწორედ ეს ჰომოფობიური გარემო ქმნის რეალურ ბარიერს, რომ სექსუალურმა უმცირესობებმა  საკუთარი იდენტობის გასაჯაროება მოახდინოს. დღევანდელი მოცემულობით, რაზეც ფილმში იყო საუბარი, სექსუალური უმცირესობების მხრიდან საკუთარი იდენტობის გასაჯაროება, სოციალური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

აღნიშნული საკითხების წამოწევის და განხილვის მიმართ სამოქალაქო სექტორის მზაობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა ასლან ჭანიძემ ისაუბრა. მისი დაკვირვებით, საზოგადოება ამ თემატიკის საჯარო განხილვისათვის ჯერჯერობით მზად არ არის. მისი თქმით, დღეს აჭარის რეგიონში არ არსებობს საამისო ადამიანური და მორალური რესურსი, და არც სურვილი, რომ ადამიანები ამ საკითხებით და სექსუალურ უმცირესობათა თემის ცხოვრებით დაინტერესდნენ.  ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნიაზ ზოსიძის თქმით, არა მხოლოდ ჯერჯერობით, არამედ, საზოგადოება მზად არასოდეს  უნდა გახდეს „აღვირახსნილი“ საქციელის მქონე ადამიანების მისაღებად. მან მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი პარტიის ინიციატივის მნიშვნელობა. როგორც ცნობილია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებაზე შეზღუდვას უწესებს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს.

საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს დისკრიმინაციას რასის, სქესის და სხვა სოციალურ-კულტურული მახასიათებლების საფუძველზე. თუმცა, ამ ჩამონათვალში არ შედის გენდერული იდენტობა. ასევე არ არსებობს კანონი სიძულვილის ენის შესახებ, რომლის რეგულირება მხოლოდ მაუწყებლობის შესახებ არსებული კანონით ხდება. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით, აღნიშნული ვითარება შეუსაბამობას ჰბადებს, საქართველოში არსებულ სამართლებრივ გარემოსა და პრაქტიკას, და იმ საერთაშორისო ვალდებულებებსა და ადამიანის უფლებების უნივერსალურ გაგებას შორის, რომელსაც ქართული სახელმწიფო აღიარებს.