ქუჩის პროტესტის ესთეტიკა: ახალგაზრდობა პოლიტიკაში

ქუჩის პროტესტის ესთეტიკა: ახალგაზრდობა პოლიტიკაში

მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიის თემა თითქოს ქუჩის პროტესტის ესთეტიკა და ფორმები უფრო უნდა ყოფილიყო, ვიდრე მათი შინაარსი, გამომსვლელები მაინც ამ უკანასკნელზე უფრო აკეთებდნენ აქცენტს და საუბრობდნენ ახალგაზრდული მოძრაობების მიზნებზე, მათი ჩამოყალიბების მიზეზებზე, სამომავლო გეგმებზე. დარბაზიდან წამოსული შეკითხვებიც უფრო პროტესტის შინაარსს, ახალგაზრდული მოძრაობების მიზნებს, მათ აქტიურობას თუ პასიურობას ეხებოდა. დაისვა კითხვა იმის შესახებაც, სტუდენტების გადასაწყვეტი რატომ უნდა იყოს, დეკანი ვინ იქნება. გამოითქვა ვარაუდიც, რომ სტუდენტები დღეს ნაკლებად აქტიურობენ.  მომხსენებლების გამოსვლის შემდეგ დარბაზში მყოფმა ერთმა სტუდენტმა ისიც თქვა, რომ პროტესტები ხშირად მეტისმეტად თეატრალიზებული ფორმით გამოიხატება და ეს მათ ბუნებრიობას უკარგავს. თუმცა იმაზე, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმები შესაძლოა მოძველდეს და ახალი ფორმების ძიება იყოს საჭირო, მაინც ყველა თანხმდება.

“ქუჩის პროტესტის ესთეტიკა: ახალგაზრდობა პოლიტიკაში” - პროტესტის ფორმა და შინაარსი, მათი ურთიერთკავშირი, მიზნები და მიზეზები, განვლილი გზა და გამოცდილება და სამომავლო პერსპექტივები - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 2012 წლის 5 დეკემბერს გამართული დისკუსიის მოკლე შინაარსი. კედლებზე - სექტემბერის მოვლენებიდან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი შინაარსის პლაკატებიც: “გაამაგრე გუდიაშვილი!”, “ნუ ანგრევ მთას, ნუ არღვევ კანონს!”, “სისტემა უნდა დაინგრეს!”, “გადახურე იმელი”, “მუშა მონა არ არის”.

გიორგი კევლიშვილმა ახალგაზრდული მოძრაობების როლზე ისაუბრა და სტუდენტური აქტივიზმი საზოგადოებრივი ცნობიერების ევოლუციის პროცესის კონტექსტში განიხილა. მისი თქმით, “იმის გაცნობიერება, რომ თავად ვმონაწილეობთ იმგვარი რეალობის ფორმირებაში, რომელშიც გვსურს ცხოვრება, ქმნის სტუდენტური მოძრაობის მთავარ მიზიდულობას, იმიტომ რომ ეს არის აქტიური შემოქმედებითი პროცესი, სადაც სასიამოვნოსა და სასარგებლოს შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს”. იმავდროულად, გიორგი კევლიშვილის აზრით, სტუდენტური აქტივიზმის პრობლემატიკა დღეს იმ კითხვის ირგვლივ აიგება, დარჩება თუ არა არა მის ერთადერთ ფორმად მხოლოდ სპონტანური პასუხები ეგზისტენციალურ-პოლიტიკურ ინციდენტებზე, თუ შეძლებს გადაიზარდოს თანმიმდევრულ, მიზანმიმართულ პროცესში”.

იყო თუ არა 90-იანი წლების კულტურული პროტესტების ექსპრესიული გამომხატველობა არტისტულ ფორმებში ჩაკეტილი, ან არის თუ არა  არტისტული ფორმები ზედმეტი დემონსტრაციებისა და პროტესტის გამოხატვისას, მიჰყავს თუ არა მას მაყურებელი სხვა მიმართულებით - ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავას მიაჩნია, რომ “კარგად ჩამოყალიბებული, კონცეპტუალიზებული არტისტული ფორმა არის ზუსტად ის, რაც ქმნის პროტესტის კულტურულ დისკურსს და რასაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ არტისტები”.

დისკუსიის მომხსენებელთა შორის იყვნენ დღეს ყველაზე აქტიური და ცნობილი ორი სტუდენტური მოძრაობის, “ლაბორატორია 1918”-ის  და “ნარინჯისფერი კლუბის”  წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს ამ ჯგუფების ჩამოყალიბების ისტორიაზე, მიზეზებზე, მიზნებზე. “რა არის ლაბორატორია, თვითრეალიზაცია თუ თვითგამორკვევა? ვფიქრობ, რომ არის თვითგამორკვევა, ოღონდ თვითრეალიზაციის მიზნით. როდესაც პრობლემებთან საბრძოლველად გავერთიანდით, აღმოვაჩინეთ, რომ საერთო მიზნებისთვის კოლექტიური მოქმედება იყო საჭირო”, ამბობს ანი ჭანკოტაძე. “ ეს ფერი სისრულის და განახლების ფერია და ჩვენი მთავარი ლოზუნგიც განახლება გახლდათ”, განმარტავს ლევან ლორთქიფანიძე, “ნარინჯისფერი კლუბის” დამფუძნებელი. მან ისაუბრა მოთხოვნებზე, რასაც სტუდენტები აყენებენ. მათ სურთ უმაღლესი განათლების სფეროს სრულყოფა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა.