ქართული საზოგადოების ინკლუზიურობის შესაძლებლობები: განსხვავებულობის მიმღებლობის კულტურული და სამართლებრივი ასპექტები

რა საფრთხეებია ამ დროისთვის საქართველოში ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობების უფლებების დაცვის  მხრივ. ეს შეკითხვები დაისვა საჯარო დისკუსიაზე, რომელიც ბათუმში 2012 წლის 14 დეკემბერს გაიმართა თემაზე “ქართული საზოგადოების ინკლუზიურობის შესაძლებლობები: განსხვავებულობის მიმღებლობის კულტურული და სამართლებრივი ასპექტები“.

“უმცირესობათა  უფლებების დაცვა დიდად სცილდება  კერძო ინტერესებს. ეს პრეცედენტული საკითხი გახლავთ, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება წარმოიქმნას და რა პრინციპებზე დაყრდნობით შეიძლება გადაწყდეს კონფლიქტი უმრავლესობას და უმცირესობას შორის. ზოგადად ამ საკითხში ვლინდება, როგორია ამ კონფლიქტში პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწფოს როლი, და როგორი სახელმწიფო იქნება საქართველო: ისეთი, სადაც ყველას ექნება საკუთარი ინტერესების გამოხატვის საშუალება, თუ ისეთი, სადაც ადამიანების ამა თუ იმ კრიტერიუმით დახარისხება მოხდება... პრეცედენტული ეს საკითხი იმიტომაც გახლავთ, რომ ლგბტ ყველაზე დაუცველი უმცირესობაა, ისეთი, რომელსაც პროფესიონალი უფლებადამცველებიც მთლად გულწრფელად არ იცავენ ხოლმე, დაბალი ღობეა“ - განაცხადა თავის გამოსვლაში უფლებადამცველმა თამარ გურჩიანმა.

რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ, როდესაც უმრავლესობის ფასეულობები და ცხოვრების წესი წინააღმდეგობაში მოდის უმცირესობის ფასეულობებთან ან ცხოვრების წესთან? ამისათვის, სამართლებრივ სახელმწიფოში კონსტიტუციას უნდა მივაკითხოთ. საქართველოს კონსტიტუცია ცალკე არ აწესრიგებს უმრავლესობის უფლებებს. თავისთავად იგულისხმება, რომ ის, როგორც ხალხის ნების უზენაესი გამოხატულება, უმრავლესობის ნებას გამოხატავს, მაშინ როდესაც, უმცირესობების უფლებები კონსტიტუციაში მოცემული გარკვეული დებულებების ინტერპრეტაციის საფუძველზე შეიძლება დავინახოთ. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლში ვკითხულობთ, რომ "ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება." 24-ე მუხლი კი გვეუბნება, რომ "ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით".
გურიაში, სოფელ ნიგვზიანში მომხდარი  კონფლიქტი რელიგიური ნიშნით დაიწყო, რაც დისკუსიის მონაწილეთა ერთი ნაწილის აზრით პროვოცირებული იყო ერთის მხრივ მედიის, ხოლო მეორეს მხრივ, სხვადასხვა „ძალების“ მიერ. ლევან აბაშიძემ, „ლაბორატორია -1918“ წარმომადგენელმა, ამ სამწუხარო  ამბების სამი მიზეზი დაასახელა: კრიზისულობა ქართული საზოგადოების პოლიტიკური და კულტურული განვითარების გზაზე, სოციალური კაპიტალის  ნაკლებობა, და ის ისტორიული, ნაციონალისტური ნარატივები, რაც  ძალიან მყარად არის დამკვიდრებული ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარემ ასლან  ჭანიძემ  თავის მოხსენებაში რელიგიურ, ეთნიკურ თუ სექსუალურ უმცირესობებზე ქართულ მედიაში გამოთქმული მოსაზრებები შეაფასა.

საჯარო  დისკუსიას  ბათუმში, პრესკაფეში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.