ცოტა რამ ბიოლის ფონდზე

არსებობს ესეთი ცხოვრებისეული კანონზომიერება, რომლის თანახმადაც, საუკეთესო რაღაცები ჩვენს ცხოვრებაში, ყველაზე მოულოდნელ დროს ხდება. მეც ერთ–ერთი ვარ იმ ადამიანთაგან, ვისზეც ეს კანონზომიერება ყველაზე ხშირად ვრცელდება. აი ასე, მოულოდნელად მოვხვდი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში, 2012 წლის სექტემბერში.

არასდროს დამავიწყდება ის შეგრძნება, რაც პირველ სამუშაო დღეს დამეუფლა. ისე დაემთხვა, რომ იმ დღეს ყველა ზემოთ–ქვემოთ დარბოდა და ყოველ წუთს ერთ–ერთ ოთახში მაინც ტელეფონი რეკავდა. მიუხედავად იმისა, რომ დღის ბოლოს სიტუაცია მიწყნარდა, დღის დასაწყისმა მაინც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ვაღიარებ, ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც კარგი განწყობა დამეუფლა. ალბათ, იმიტომ, რომ იმ დღეს საქმეც არაფერი მქონდა. პირველ დღეს, როგორც ჩვეულებრივ პირველ დღეებში ხდება ხოლმე, სამუშაოს სპეციფიკას და თანამშრომლებს გავეცანი. ბიოლის ფონდის მცირერიცხოვანი კოლექტივი, თავისი შემადგენლობის უნიკალურობიდან გამომდინარე, ცალკე განხილვას საჭიროებს.

ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ თითოეული სისტემა შედგება ელემენტებისაგან, ამ ელემენტების თანწყობილი ფუნქციონირება ამუშავებს მთლიანად სისტემას. ელემენტები ჯაჭვური პრინციპით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი და ჯაჭვის ერთი რგოლის მოშლასაც კი, სისტემის რღვევა მოყვება. ასეთივე სისტემის პრინციპით, თითქმის შვეიცარიული საათის სიზუსტით, არის აწყობილი ფონდის მუშაობაც (თითქმის იმიტომ, რომ ფონდის გერმანული ფესვების მიუხედავად, მცირე პროცენტული წილით, მაგრამ მაინც, აქაც ვრცელდება ჩვენი, ქართული დროის მენეჯმენტი).

სისტემაზე და ჯაჭვის რგოლებზე საუბრისას, პირველი ადამიანი, რომელიც თავში საუკეთესო მაგალითის ტიტულით მომივიდა არის თამუნა. ალბათ, გეცოდინებათ ფრაზა „თუ გინდა გააკეთო რაღაც კარგად, გააკეთე ეს თავად“; ბიოლის ფონდში ეს ფრაზა სახეცვლილია შემდეგნაირად „თუ გინდა გააკეთო რაღაც კარგად გააკეთე ეს თავად, ან თხოვე თამუნას“. სწორედ თამუნა არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თან ერთდროულად და თან კარგად, ამიტომ მის ოთახში ტელეფონის რეკვა არ წყდება ხოლმე.

გამოვიდეთ თამუნას ოთახიდან და იმავე სართულზე მდებარე ფინანსების გოგოების ოთახში შევიხედოთ. მაკა, ქეთი, ნატო ფონდის გამართულ და ლეგალურ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სამეულია.

მაკა – წარმოიდგინეთ ბუღალტრის ის ყველაზე გავრცელებული იმიჯი, რომელიც თითოეულს მოგვდის თავში ამ პროფესიის გაგონებაზე. წარმოიდგინეთ? ძალიან კარგი, ეხლა კი წარმოიდგინეთ ამის სრულიად საპირისპირო იმიჯი. დიახ, ეს არის მაკა, ყველაზე პოზიტიური ბუღალტერი მათ შორის ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ.

მაკას მოპირდაპირედ ზის ქეთი. ის არის დასაქოქი მექანიზმი. როდესაც რაღაცას ვერ რისკავ, საკმარისია ქეთი იყოს იქვე, ის ამას გაგაკეთებინებს. იგი თავაზიანად მოგართმევს საკუთარ აზრს ნებისმიერ საკითხზე და რაც არ უნდა კრიტიკული ან არასასიამოვნო იყოს მისი მოსაზრება, მასში ყოველთვის არის სიმართლის მარცვალი.

გვერდზე ოთახში ზის ნატო. ის, რომ ფონდში ყველა ფინანსური დოკუმენტი, წერტილ-მძიმის სიზუსტით, მოწესრიგებულად არის დალაგებული თაროებზე, სწორედ ნატოს მუშაობის შედეგია.

სანამ პირველ სართულზე ვტრიალებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი ფონდის მძღოლი -ნუკრი. იგი ფონდში დაფუძნების დღიდან მუშაობს, იცის და ახსოვს ყველაფერი და ყველა ვინც კი ფონდში ოდესმე მისულა. როგორც იტყვიან, მის თვალწინ ბევრ წყალს ჩაუვლია, სწორედ ამიტომ ნუკრი არ არის უბრალოდ მძღოლი, არამედ განსაკუთრებული მძღოლია.

მეორე სართულზე, ოთახში, სადაც ჩემი პრაქტიკის 80% მაქვს გატარებული, სხედან ფონდის პროგრამების კოორდინატორები - ხათუნა და მალხაზი. მათ ბევრი აქვთ საერთო: ორივე ერთნაირად ნერვიულობს თითოეულ პროექტზე და თან, რომ ნერვიულობენ, ხმამაღლა ფიქრს იწყებენ. როგორც ჩემმა ოთხთვიანმა დაკვირვებამ ცხადყო, მათი ნერვიულობა ყოველთვის უსაფუძვლოა, ბოლოს ყველაფერი მაინც ძალიან კარგად გამოსდით.
ფონდის დირექტორი -  ნინო,  ადამიანი, ვინც ფონდის მიმართულებას ქმნის. ერთი შეხედვით, ის მკაცრი და მომთხოვნი დირექტორის შთაბეჭდილებას ტოვებს და შეიძლება ვერც წარმოიდგინოთ იგი სხვა ამპულაში, მაგრამ სინამდვილეში მას საკმაოდ შემოქმედებითი და მარტივი დამოკიდებულება აქვს ბევრი, ერთი შეხედვით თითქოს და რთული საკითხების მიმართ და მასთან ურთიერთობა რთული სულაც არ არის.
 ფონდის თითოეული თანამშრომლის თავისებურების მიუხედავად, ერთობლიობაში ისინი საკმაოდ კარგ გუნდს წარმოადგენენ და სწორედ ურთიერთგაგების და ხელშეწყობის მეშვეობით აუმჯობესებენ მუშაობის ხარისხს. აი, სწორედ ამას ვგულისხმობდი როდესაც სისტემასა და მის შემადგენელ ელემენტებზე ვსაუბრობდი.

რაღაცეები ჩემი პრაქტიკის შესახებ

იღბალს არასდროს ვუჩიოდი, მაგრამ ჩემი პრაქტიკა ჰაინრიჰ  ბიოლის ფონდში ძალიან იღბლიანი გამოდგა. იმას ვგულისხმობ, რომ სწორედ ჩემი პრაქტიკის პერიოდში, ფონდში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. ყველას გახსენება დიდ დროს წაიღებს, ამიტომ მოკლედ იმ პროექტებს და საინტერესო დავალებებს მიმოვიხილავ, რომლებიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა.

ფონდში ჩემი მისვლისას, ახალი დასრულებული იყო რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის აპლიკანტთა საბუთების მიღება. გამოიცანით, ვისი მოსაწესრიგებელი იყო 81 აპლიკაცია, რომელიც შემოვიდა რეგიონის სამი ქვეყნიდან, ეს თითქოსდა რუტინული დავალება, საბოლოო ჯამში ერთ-ერთ საუკეთესო გამოცდილებად დარჩა. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი საინტერესო რამ შეიძლება გაიგოთ ადამიანის შესახებ მის მიერ შევსებული საბუთების მეშვეობით. მეც ჩემი შთაბეჭდილება შემექმნა თითოეული აპლიკანტის შესახებ და იმის მიუხედავად, რომ აპლიკაციების შინაარსობრივი მხარე არ მეხებოდა, ისე დაემთხვა რომ 10-დან 8 აპლიკანტის კონკურსში გასვლა, მათი საბუთების დახარისხებისას ვიწინასწარმეტყველე.

შემდეგი დასამახსოვრებელი პროექტი გახლდათ - „გენდერის საერთაშორისო კონფერენცია“, საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ამ სფეროში მწირი გამოცდილების მქონეს, კონფერენციის დასასრულს საკმაოდ კარგი წარმოდგენა შემექმნა საქართველოში და რიგ სხვა ქვეყნებში არსებულ გენდერულ პრობლემებზე. კონფერენციაზე არაერთი აქტუალური საკითხი იქნა განხილული. თითოეული მომხსენებლის პრეზენტაცია კი თავისებურად საინტერესო იყო.

არანაკლებ საინტერესო იყო IDP (იძულებით გადაადგილებულ პირთა) პროექტის შემაჯამებელი შეხვედრები. პროექტი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასკვნით შეხვედრაზე კი მიმოიხილეს მთელი წლის მუშაობის შედეგები.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათი, როგორც წესი, ძალიან დატვირთული იყო ხოლმე, თვეში ორჯერ მაინც მიყვარდა ეს დღე. ამის მიზეზი ორ კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს, ფონდის თბილისის ოფისში გამართული საჯარო დებატები. ვინც ფონდის საქმიანობას ოდნავ მაინც იცნობს, მან აუცილებლად იცის ამ დებატების შესახებაც. მე ჩემი მხრივ დებატები იმ ადამიანების გამო მაინტერესებდა, რომლებსაც იქ ვხვდებოდი და მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიები ყოველთვის საინტერესო თემებზე მიმდინარეობდა, კიდევ უფრო საინტერესო იყო იმ ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება, რომლებიც ამ დებატებს ესწრებოდნენ სტუმრის ან მომხსენებლის რანგში.

ბოლო, ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელშიც მეც ვიყავი ჩართული, ზემოთ ხსენებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამართული ზამთრის სკოლა იყო. მას ესწრებოდნენ შერჩეული სტიპენდიანტები, ფონდის თანამშრომლები და პროექტის ექსპერტები. თითოეული მოხსენება თუ თემის პრეზენტაცია ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობა იყო. ამასთანავე, საკმაოდ საინტერესო იყო თავად ექსპერტებთან და სტიპენდიანტებთან შეხვედრაც. ზამთრის სკოლის დასასრულს გაორმაგებული მოტივაცია მომეცა, რომ მომავალში ჩემს  სფეროში, მეც ისეთივე მცოდნედ ჩამოვყალიბებულიყავი როგორებსაც იქ შევხვდი.

რჩევები მომავალ პრაქტიკანტებს

ბოლოს, მინდა მოკლედ იმის შესახებაც ვთქვა, თუ რა ვისწავლე ბიოლის ფონდის გუნდში ყოფნისას, ვინაიდან ის მოკლე პერიოდი, რაც იქ გავატარე, საკმაოდ კარგი გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა გახდა, გამოცდილება გაზიარების გარეშე კი აზრს კარგავს და უბრალო ცოდნად რჩება, რომელიც ადრე თუ გვიან იშლება მეხსიერებიდან. იმედი მაქვს, მომავალ პრაქტიკანტებს გამოადგებათ ჩემი დაკვირვების შედეგები.
პირველი, არასდროს თქვათ არა, როდესაც დავალებას მიიღებთ, რაც არ უნდა შეუძლებლად ჟღერდეს იგი მაინც გააკეთეთ, იმიტომ, რომ სინამდვილეში ფონდში არ არსებობს ისეთი დავალებები, რომლისთვისაც თავის გართმევას ვერ შეძლებს რიგითი პრაქტიკანტი, რომელმაც შესარჩევი ეტაპი გაიარა.

მეორე, არ შეგეშინდეთ კითხვების დასმის, ჯობს ბევრი კითხვის დასმა, ვიდრე მერე დროის დახარჯვა არასწორად გაკეთებული საქმის გადაკეთებაზე.

არ შეიქმნათ ზედმეტად დიდი მოლოდინი, ასე ჯობს, იმიტომ რომ,  როდესაც რაღაცას არ მოელით მაშინ ყველაზე მეტის მიღების შესაძლებლობა გაქვთ. არ უნდა გეგონოთ, რომ ფონდიდან წაიღებთ ძალიან დიდი გამოცდილებას და პროფესიონალად ჩამოყალიბდებით და მაშინ  ჩემსავით გაგიმართლებთ და პრაქტიკა საუკეთესო გამოცდილებად დარჩება თქვენს ცხოვრებაში.

თუ კი გიჭირთ  საკუთარი დროის მართვა, მაშინ დროა პრაქტიკა გამოიყენოთ ამ უნარის გასაუმჯობესებლად. აწარმოეთ კალენდარი თითოეული თვისათვის, განსაკუთრებით თუ ხართ სტუდენტი. გახსოვდეთ, ფონდის თანამშრომლებისაგან განსხვავებით, თქვენ სამუშაო დავალებების გარდა, უნივერსიტეტის დავალებებიც ბლომად გექნებათ და ორივეს დამახსოვრება რთულია, მითუმეტეს თუ ამას პირველად აკეთებთ.

გაითავისეთ, რომ თქვენ მოგიწევთ რაღაცის გაცემა სანაცვლოდ, ანუ გახსოვდეთ, რომ არის დღეები როდესაც სამუშაო საათებზე გაცილებით დიდხანს მოგიწევთ მუშაობა და მიუდექით ამას ოპტიმიზმით, თითოეული საათი ახალი გამოცდილებაა და თითოეული საქმე, რომელსაც ბოლომდე მიიყვანთ, არა მხოლოდ პასუხისმგებელი პირების, არამედ თქვენი გამარჯვებაცაა.

აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ფონდში მრავალ სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანს შეხვდებით, მთავარია, თქვენ როგორ მიუდგებით მათ, თითოეული ადამიანი უნიკალურია და არ შეგაშინოთ იმან, რომ ვიღაცისაგან განსხვავებული მოსაზრება გაქვთ. ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა, როდესაც სხვადასხვა ტიპის ადამიანებს ხვდებით, ეცით პატივი ყველას აზრს და მიიღებთ იგივეს სანაცვლოდ.

ბოლოს რამდენიმე ტექნიკური რჩევაც მინდა გაგიზიაროთ. გამოგადგებათ თუკი დაიმახსოვრებთ, რომ მეორე სართულზე პრინტერი PDF და PPP ფაილებს ძალიან ნელა, შეფერხებებით ბეჭდავს, ამიტომ ერთხელ დაჭერა საკმარისია. თუ ბეჭდვა არ დაიწყო, არ დააჭიროთ ღილაკს 10–ჯერ, თორემ დაახლოებით 10 წუთში თავს მაკულატურის გროვაში ამოყოფთ.

ბეჭდეთ ორ გვერდზე, თუ სპეციალურად ცალ გვერდიანი მასალა არაა ამოსაბეჭდი.

ფონდის შიდა ნომრების სია სადმე ტელეფონთან ახლოს იქონიეთ, ასე უფრო მარტივად შეძლებთ ყველასთან დაკავშირებას.

აუცილებლად გახსოვდეთ, რომ როდესაც სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან მოგიწევთ კომუნიკაცია, მათ შესაძლოა, ბევრი კითხვა დასვან, სწორედ ამიტომ საჭიროა მათთან დაკავშირებამდე თავად გაერკვეთ ყველაფერში კარგად.

თუკი რომელიმე ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებთან იქნება საჭირო დაკავშირება, მეილებით მოსაწვევების დაგზავნა ან დარეკვა, გაითვალისწინეთ, რომ ამ საქმეს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.

ბოლოს გახსოვდეთ, რომ თითქმის ყველა ორგანიზაციაში და განსაკუთრებით სახელმწიფო უწყებებში ბიუროკრატიის საოცრად ჩახლართული სისტემაა, ამიტომ იქონიეთ მოთმინება მათთან კომუნიკაციისას. სიებზე მუშაობისას გახსოვდეთ ისიც, რომ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და NGO-ებთან კომუნიკაცია უფრო მარტივია ვიდრე სახელმწიფო უწყებებთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბევრ დროს დაზოგავთ, გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით.

მედი მაქვს, მცირედით მაინც შევძელი თქვენი დახმარება.

წარმატებულ პრაქტიკას გისურვებთ!