ომით გაყოფილი საზოგადოებები 20 წლის შემდეგ: სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგების რესურსები

Teaser Image Caption
მომხსენებლები გია ნოდია და პაატა ზაქარეიშვილი, მოდერატორი ნატა იმედაიშვილი

ბათუმი, 20 სექტემბერი, 2013

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ბათუმში ორგანიზებული საჯარო დისკუსია ამჯერად საქართველოში არსებულ კონფლიქტების თემას მიეძღვნა. დისკუსიის ძირითადი მომხსენებლებლები იყვნენ სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია.

საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებული იყო, რომ  საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსი აირჩია. თუმცა ერთია ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი, მეორე კი პროცესი, რომელმაც ქართული და აფხაზური საზოგადოებების სრული  გაუცხოება განაპირობა. „დამოკლეს მახვილი“ კი რეინტეგრაციის მინისტრისთვის, 2008 წლის 26 აგვისტოა, როცა რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ნორმები, სამართალი და სხვა უმნიშვნელოვანესი პოზიციები და აღიარა აფხაზეთის დამოუკდებლობა. „ეს არის დღე უმძიმესი შედეგით, ჩვენ შეიძლება აღვადგინოთ სოფლები, დავაბრუნოთ დევნილებიც, მაგრამ ამ აღიარების გადალახვა იქნება ძალიან რთული“-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, თუკი საქართველო ამ დღემდე  აფხაზურ და ოსურ მხარეებთან რაღაც პროცესებში მონაწიელეობას იღებდა,  2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება აღქმული იყოს, როგორც აღიარების ხელშეწყობისკენ  გადადგმული ნაბიჯი“.  მაგრამ, მინისტრის მოსაზრებით, საქართველოს მთლიანობაში მაინც გააჩნია პერსპექტივა. „აფხაზეთში ერთერთმა ძალიან გავლენიანმა პოლიტიკოსმა პირად საუბარში მითხრა, რომ აქამდე ჩვენ გვქონდა დამოუკიდებლობა და არ გვქონდა აღიარება, ახლა კი გვაქვს აღიარება და არ გვაქვს დამოუკიდებლობა. და ეს გააზრება აფხაზეთში არის ძალიან მკაფიო“. „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარეს მაინცდამაინც, როგორც აღმოჩნდა მინისტრთან მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გამო, ბევრი საკამათო არ ჰქონდა, მაგრამ გია ნოდიას კონფლიქტებზე 25 წლიანი მუშაობის და დაკვირვების შედეგს წარმოადგენს ის, რომ საზოგადოებაში არის ნათელი ხედვის დეფიციტი. გია ნოდიამ, თავდაპირველად საჯარო დისკუსიის მონაწილეებს გააცნო მისი დაკვირვების შედეგი, ანუ 7 ილუზია, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და მერე მწარე რეალობა წარმოადგინა, რომელიც ახლოს არის პრობლემის გამოსწორების მისეული ხედვასთან. „ჩვენ ნათლად ვერ ვხედავთ რაშია სიძნელეები. პრობლემების, მითოლოგიზება ხდება, ეს არის ძალიან გრძელვადიანი პრობლემა და თავი არ უნდა მოვიტყუოთ და ნათლად გავიაზროთ რა შემთხვევაში არსებობს შანსები ამ პრობლემის ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტისა“ გია ნოდიას აზრით, საქართველო უნდა იყოს ძლიერი ქვეყანა, რომ შეძლოს ტერიტორიების დაბრუნება და რაც მთავარია,მისი აზრით, იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ამის სურვილი აფხაზ და ოს ხალხებს თავად გაუჩნდეთ. 

საჯარო დისკუსიას ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა წარმომადგენელთა გარდა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებიც ესწრებოდნენ.