ანქვაბის ეპოქის დასაწყისი

ანქვაბი

ანქვაბს პრეზიდენტის სტატუსის ოფიციალურად მორგებამდე კვირაზე ნაკლები დარჩა, თუმცა სოხუმის სამთავრობო კაბინეტებში უკვე დაიწყეს ცვლილებებისთვის მზადება.

ზოგიერთი ჩინოსანი უკვე შეეგუა ბედს, რომ უახლოეს მომავალში სამუშაო ოთახის დატოვებას სთხოვენ, ამიტომაც სპეციალური განკარგულების გამოცემამდე თავადვე შეუდგნენ ნივთების შეგროვებას.

წინასაარჩევნო პერიოდში ალექსანდრე ანქვაბი პირობას დებდა, რომ სახელმწიფო უწყებებში გადაადგილებები შემდეგი პრინციპით აღარ მოხდებოდა: "თუ ჩემთან იყავი - რჩები, თუ სხვაზე მუშაობდი - გათავისუფლებული ხარ".

ანქვაბმა აფხაზეთის მმართველობის სისტემის სრული გარდაქმნის და ფუნდამენტური ცვლილებების გატარების პირობა დადო. ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, ხელმძღვანელი თანამდებობების შემცირებას გულისხმობს.

ანქვაბი ძლიერი ვერტიკალური ძალაუფლების შექმნას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც აფხაზეთში სწრაფი და ეფექტიანი რეფორმების გატარების იმედი აქვს.

სწორედ ასეთ რადიკალურ ცვლილებებს ელის ანქვაბისგან ის ასობით ათასი ამომრჩეველი, რომელმაც მას არჩევნებზე მხარი დაუჭირა. მის ძირითად ელექტორატს ის ადამიანები შეადგენენ, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში მოასწრეს ცხოვრება. მათ გადაიტანეს ომი და შემდეგ არეულობის, კორუფციისა და დაუსჯელობის წლები. ამ ადამიანებს უდარდელი სტაბილურობის წლების დაბრუნება სურთ. ანქვაბი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი აღმოჩნდა, რომელმაც მოახერხა ამ ხალხის დარწმუნება, რომ აფხაზეთში უწინდელი წესრიგის დაბრუნებას შეძლებს.

გამარჯვების 25-წლიანი მოლოდინი

ანქვაბი აფხაზეთის ლიდერობისკენ 25 წლის მანძილზე მიიწევდა. 80-იან წლებში, თითქმის ათი წელი თბილისში გაატარა, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მმართველ თანამდებობებზე მუშაობდა. 1984 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.

მისი ყოფილი თბილისელი თანამშრომლები იხსენებენ, რომ იმ წლებში თბილისის მმართველ ელიტაში ანქვაბს აფხაზეთის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელად ან სოხუმის შინაგან საქმეთა მინისტრად განიხილავდნენ. თუმცა, არცერთ ამ თანამდებობაზე ანქვაბი არ დანიშნულა.

ანქვაბის ყოფილი შეფი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი შოთა გორგოძე იხსენებს, რომ თავდაპირველად ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ანქვაბის დანიშვნის წინააღმდეგი იყო მისი ასაკის გამო. თუმცა, მოგვიანებით ამ მიზეზს პოლიტიკური არგუმენტებიც დაემატა.

1989 წლის მარტში ბუკიას ბაღში, საბურთალოზე ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები მორიგ მიტინგს მართავდნენ. ანქვაბი და შინაგან საქმეთა მინისტრის კიდევ რამდენიმე მოადგილე მიტინგზე მივიდნენ, რათ ათვალი ედევნებინათ, როგორ უმკლავდებოდა მილიცია აქციის მონაწილეებს. აქციის ერთმა მონაწილემ ანქვაბი შენიშნა.

“როდესაც ანქვაბი დაინახეს, უკმაყოფილება გამოთქვეს - “ხედავთ, ეს აფხაზი თავისუფლებაში გვიშლის ხელსო”, - ჰყვება შოთა გორგოძე.

ამ ამბის შემდეგ ანქვაბის სახელი “ზვიადისტების” “შავ სიაში” მოხვდა.

ამის გამო, აფხაზეთის ხელმძღვანელობაში მისი შესაძლო გადაყვანის საკითხი ავტომატურად შეფერხდა.

1989 წლის 9 აპრილის მიტინგის დარბევის შემდეგ ანქვაბი საკუთარი ნებით გადადგა. ვიდრე თბილისიდან წავიდოდა, ის გორგოძესთან გამოსამშვიდობებლად მივიდა: “არასოდეს დამავიწყდება ჩვენი ბოლო შეხვედრა დ აანქვაბის სიტყვები. მაშინ მან მითხრა: - თქვენ ჩემთან მოხვალთ, აუცილებლად მოხვალთ, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იქნება... - ასეც მოხდა, ჩვენ მართლა დავაგვიანეთ, ახლა უკვე ძალიან გვიანია...”

აგვისტოში, როცა ანქვაბი ვნახე, მას ეს ეპიზოდი გავახსენე. ჩვენ მის წინასაარჩევნო შტაბში, მაგიდასთან ვისხედით. მან ახლადდაყენებული მწვანე ჩაი დიდ ჭიქებში ნელა ჩამოასხა.

“ჯერ კიდევ 20 წლის წინ მივხვდი, რომ ქართულმა მხარემ არასწორი გზა აირჩია,”- მიპასუხა ანქვაბმა ღიმილით, - “ისინი ჯერაც ვერ მიმხვდარან, რომ მათი პოლიტიკა მცდარია”.

ანქვაბი ყოველთვის მშვიდად და აუჩქარებლად საუბრობს. ხალხის წინაშე გამოსვლის დროსაც სიტყვას მუდამ ნახევარ ხმაში წარმოთქვამს, რითაც გარშემომყოფთ აიძულებს მის ყოველ სიტყვას კარგად უგდონ ყური.

სოხუმში არავის აეჭვებს, რომ ანქვაბი აფხაზეთის ლიდერი გაცილებით ადრე გახდებოდა, რომ არა მისი კონფლიქტი ვლადისლავ არძინბასთან.

ქართულ-აფხაზური ომის ბოლო წლებში ანქვაბი არძინბას მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იყო. მათ ხშირად მოსდიოდათ სერიოზული უთანხმოებები. ანქვაბის ახლო მეგობარი იხსენებს, რომ არძინბამ ორჯერ გაიყვანა ანქვაბი დასახვრეტად, მაგრამ ბოლო მომენტში გაუშვა. ანქვაბის გარემოცვაში ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს. ეს არც არის გასაკვირი, წინასაარჩევნო პერიოდში მათთვის ნაკლებად მომგებიანი იქნებოდა აფხაზეთისთვის საკულტო ადამიანთან - არძინბასთან უთანხმოებების დეტალების გახსენება.

1990-იანი წლების პირველ ნახევარში ანქვაბი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც თითქმის 10 წელი დარჩა. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პირველი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მან საკუთარი კანდიდატურის წამოწევა ვერ შეძლო, რადგან აფხაზეთის კანონმდებლობით, პრეზიდენტობის კანდიდატი 5 წლის მანძილზე მუდმივად უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე.

მაშინ ანქვაბმა სერგეი ბაღაფშს დაუჭირა მხარი. დღეს ის იხსენებს, რომ ექვსი წლის წინ ერთობლივად ჩაფიქრებული ბევრი იდეის განხორციელება ვერ მოახერხეს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ანქვაბი ასახელებს რაულ ხაჯიმბასთან მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ბაღაფშმა 2004 წლის დეკემბერში, სოხუმში სამხედრო შეტაკებების თავიდან ასაცილებლად მიიღო.

“და ვინ თქვა, რომ კოალიციური მთავრობა კარგია?” - ამბობდა ანქვაბი გასულ თვეს, არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, - “გადაშალეთ ისტორიის წიგნები და იქ ბევრ მაგალითს შეხვდებით, სადაც კოალიციური მთავრობა მცდარი არჩევანი აღმოჩნდა. ეს ძალიან არამყარი და არასერიოზული გადაწყვეტილებაა.”

ანქვაბის უახლოეს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ ბაღაფშის მმართველობით. ბოლო წლებში მისი მმართველობის სტილი ემყარებოდა პრინციპს: “არავის ვაწყენინოთ”. ანქვაბის გუნდის შეფასებით, ეს აფხაზეთში რეალური ცვლილებების გატარების საშუალებას არ იძლეოდა.

მოულოდნელი არჩევნები

ჯერ კიდევ შარშან აფხაზეთის მთავრობაში მოწინააღმდეგეთა ორი ბანაკი ჩამოყალიბდა. სერგეი შამბა და ალექსანდრე ანქვაბი არ მალავდნენ, რომ 2014 წელს დე-ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო რბოლაში აპირებდნენ ჩართვას. თუმცა, არავინ იფიქრებდა, რომ პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა მათ სამი წლით ადრე მოუწევდათ.

მოვლენათა მოულოდნელი განვითარებისთვის ორივე კანდიდატი მოუმზადებელი აღმოჩნდა. მათ არ გააჩნდათ საკმარისი სახსრები, სამოქმედო პროგრამები და საკუთარი გუნდი, ვისთან ერთადაც მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. ყველაფრის კეთება დაჩქარებულ რეჟიმში მოუწიათ.

სოხუმში დარწმუნებულები იყვნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე არცერთი მთავარი პრეტენდენტი უარს არ იტყოდა. ადგილობრივი კონსტიტუციისთანახმად, აფხაზეთის პრეზიდენტი 65 წელს არ უნდა იყოს გადაცილებული.

ანქვაბს წელს 59 წელი უსრულდება. შამბა მასზე ერთი წლით უფროსია. ორივე კანდიდატს ესმოდა, რომ ეს პრეზიდენტობის ბოლო შანსი იყო.

„იცით, რით ავუხსენი პუტინს ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატობის გადაწყვეტილება? მე მას ვუთხარი: - მინდა ისე მოვიქცე, რომ ხუთი წლის შემდეგ მშვიდად წავიდე და ვიცოდე, რომ ქვეყანა სანდო ხელშია. ამ ხუთი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ისეთი ელიტის მოყვანა მსურს, რომელიც რთულ დავალებებთან გამკლავებას შეძლებს, რომ შემდეგ ჩემს შვილიშვილებს ხალხისთვის თვალებში ყურება არ რცხვენოდეთ,” - მიმართავდა შამბა გაგრის ერთ-ერთ სკოლაში შეკრებილ ახალგაზრდებს.

შამბას წინასაარჩევნო კამპანია ეყრდნობოდა დაპირებებს, რომლებსაც ბევრმა სოხუმში “პოპულისტური” უწოდა. მან პენსიების გაზრდის, ეკონომიკის უმცირეს დროში აღორძინების და აფხაზეთის სოფლის მოსახლეობისთვის თანამედროვე ქალაქების აშენების პირობა დადო. ბევრი აღაფრთოვანა ახალი თანამედროვე აეროპორტის მშენებლობის გეგმამ, საიდანაც სოხუმის მიმართულებით ჰაერში გაყვანილი შუშის გვირაბით მატარებელი იმოძრავებს. იმ პირობებში, როდესაც სოხუმელების სახლებს დღემდე ეტყობა18 წლის წინანდელი ომის დროინდელი ნატყვიარები, ბევრს შამბას ეს პროექტები ირეალურად მოეჩვენა.

შამბას ყველაზე სერიოზულ წინასაარჩევნო შეცდომად თენგიზ კიტოვანის ინტერვიუს საჯარო ჩვენება იყო. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, შამბას მხარდამჭერებმა სოხუმის ცენტრში დაახლოებით 800 ადამიანი შეკრიბეს, ძირითადად ქართულ-აფხაზური ომის მონაწილეები. ინტერვიუში კიტოვანი ჰყვებოდა, რომ ომის პირველ თვეებში ანქვაბი ქართულ სპეცსამსახურებზე მუშაობდა. ვიდეორგოლის ჩვენებასთან ახლდა ომის ვეტერანების გამოსვლები, რომლებიც ანქვაბის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს შეიცავდა. საღამოს ყველა დაიშალა. შამბას მხარდამჭერებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ეს ღონისძიება ანქვაბის პოპულარობას წერტილს დაუსვამდა. თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა.

მეორე დღეს სოხუმში ყველა შამბას ამ პიარაქციაზე ლაპარაკობდა.

“ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო. ჩვენს მტერს გუშინ ჩვენი დედაქალაქის ცენტრში დიდეკრანზე უჩვენებდნენ. ის გუშინ ჩვენს დედაქალაქში იყო. ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ჩემი თანამემამულეები გააკეთებდნენ”, - ამბობდა ომის ერთ-ერთი მონაწილე.

მომდევნო დღეებში შამბას შტაბს ტოვებდნენ ის ადამიანები, რომლებიც კიტოვანის ინტერვიუს ჩვენების წინააღმდეგნი იყვნენ. ანქვაბს მხარი აფხაზეთის საზოგადოების ყველაზე პატივცემულმა ნაწილმა დაუჭირა: 90-იანი წლების პირველი მოწვევის პარლამენტის წევრებმა. არჩევნების დღისთვის ყველასთვის მეტნაკლებად ნათელიიყო, რომ ანქვაბი უპრობლემოდ გაიმარჯვებდა.

 
Image removed.
არჩევნების დღეს ანქვაბი დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში. ფოტო: ო. ვართანიანი

26 აგვისტო - ნაბიჯი შეტაკებამდე

აფხაზეთში დღემდე არ არსებობს საარჩევნო კოდექსი. ადგილობრივი საარჩევნო სიები ჯერ კიდევ 2004 წელს შედგა და მას შემდეგ, პრაქტიკულად, არ შეცვლილა. ყოველივე ეს სრულიად არგუმენტირებულ საფუძველს ქმნის გამარჯვებულის არჩევნების გაყალბებაში დასადანაშაულებლად. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ არჩევნების დღეს ეს ფაქტი შამბასთვის კოზირად იქცეოდა.

საღამოს, როდესაც აფხაზეთის ყველა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა დაიწყო, ანქვაბის შტაბში ვიყავი. ყველა სოფლიდან მოდიოდა ინფორმაცია, რომ ანქვაბი დიდი უპირატესობით ლიდერობდა, შამბა კი მხოლოდ მესამე ადგილზე იყო.

“ვფლობთ ინფორმაციას, რომ რაიონებში რამდენიმე უბანზე შამბას შეიარაღებული ადამიანები იმყოფებიან. ისინი ბრძანებას ელიან, რომ რამე პროვოკაცია მოაწყონ. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ მათ სეირს ვუჩვენებთ” - დაბალი ხმით მითხრა ანქვაბის ერთ-ერთმა ახლობელმა.

ორი მთავარი მოწინააღმდეგის შტაბებს მხოლოდ 300 მეტრი აშორებდა. ღამე სოხუმში ხმები გავრცელდა, რომ შამბას შტაბთან ახალგაზრდა ადამიანები იკრიბებოდნენ. შამბას შტაბთან გადავინაცვლე, რომ მენახა, რა ხდებოდა.

“ჩვენ წავაგეთ, ეს დასასრულია, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს მარცხს,”- ამბობდა შამბას შტაბის ხელმძღვანელი. მის ირგვლივ ძალიან ცოტა ახალგაზრდა ირეოდა. ხმები შამბას აურაცხელი რაოდენობის მხარდამჭერის შესახებ ტყუილი აღმოჩნდა.

“ვინ იფიქრებდა, რომ ის ასეთი უპირატესობით გაიმარჯვებდა, ეს წარმოუდგენელია!” -აღშფოთებას გამოხატავდნენ შამბას მომხრეები, რომლებიც სრული ფიასკოს წუთებში კანდიდატის მხარდასაჭერად მოვიდნენ.

ამ დროს ანქვაბის შტაბთან ასობით ადამიანს მოეყარა თავი, რათა მისთვის გამარჯვება მიელოცათ.

“ესეც ასე, ხვალიდან ვიწყებთ მუშაობას”, - ამ სიტყვებით მიმართა ანქვაბმა ნანატრი ტრიუმფის ღამეს მის შტაბთან შეკრებილებს. ყველას გაეცინა, ეგონათ, რომ ანქვაბი ხუმრობდა. თუმცა, აფხაზეთის ახალ ლიდერს არც კი გაღიმებია. მან მხოლოდ ხელები გადაიჯვარედინა გულზე, სრულ სიჩუმეს დაელოდა და შემდეგ განაცხადა: “ჩვენ ყოველთვის ღირსეულად ვიქცეოდით, კარგად ვმუშაობდით და ჩვენს შესაძლებლობებს ვაფასებდით. ჩვენ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.”

გალი

გალის რაიონი ერთად ერთი ადგილია აფხაზეთში, სადაც ხალხი კარგად ერკვევა თბილისში მიმდინარე მოვლენებში. იქ ჩემს მოსკოველ კოლეგებთან ერთად ჩავედი. ჩემი ადგილობრივი მძღოლი, ეთნიკურად ქართველი ლევანი დიდხანს არ იჯერებდა, რომ თბილისიდან ვიყავი ჩასული. რამდენიმე საათის განმავლობაში ის გაუჩერებლად მიყვებოდა იმის შესახებ, თუ რა ხდება ადმინისტრაციული საზღვრის მეორე მხარეს.

“აი, იქით თუ წახვალ, სულ რამდენიმე კილომეტრში, აი, იქ იწყება ცხოვრება. აი, მაგას ჰქვია ცხოვრება, - მიყვებოდა ლევანი, - მიშამ იქ ახალი კურორტი გააკეთა - ანაკლია. რომ ნახავ - გაოგნდები!”

„საქართველოში ასეთი გზები უკვე აღარ დარჩა, - ამბობდა ლევანი და მთავარ გზაზე, რომელიც გალს ქართულ სოფლებთან აკავშირებს, ორმოებს ოსტატურად უვლიდა გვერდს, - საქართველოში ყველა გზა გაკეთებულია, ისე კი არ ცხოვრობენ, როგორც ჩვენ აქ.”

სულ რაღაც შვიდი კილომეტრის გასავლელად ნახევარ საათზე მეტი დაგვჭირდა. გზად არცერთი ავტომანქანა არ შეგვხვედრია. ადგილობრივები საკუთარ მანქანებს უფრთხილდებიან. ახლა მათი ტრანსპორტის საშუალება ველოსიპედია.

სოფელ ზემო ბარღების ცენტრში მდგარი ერთი ხე პარკინგის როლს ასრულებს: მასთან ექვსი საბჭოთა დროინდელი ველოსიპედი აყენია. პატრონები იქვე ახლოს სხედან, ყველანი ხანდაზმული მამაკაცები. სოფელში მხოლოდ მოხუცები და 40 წელს გადაცილებული კაცები დარჩნენ. თითქმის ყველამ შვილები თბილისში საცხოვრებლად გაუშვა.

“ჩემი შვილი ახლა აქ არის, საზაფხულო არდადეგებზე ჩამოვიდა,”- ჰყვება 67 წლის ჭაღარა მოხუცი, - “ოღონდ არავის უთხრა, მეშინია, არ დააპატიმრონ, შემოვლითი გზებით გადმოვიყვანეთ”.

ადმინისტრაციული საზღვრის გადმოკვეთა მთავარი საკითხი იყო, რაზეც ადგილობრივებმა წუხილი გამოთქვეს. ზუგდიდში გადასვლა მათ მხოლოდ ენგურის ხიდის გადაკვეთით, სპეციალური საშვით შეუძლიათ, რომლის მისაღებადაც გალის ადმინისტრაცია შიგრძელ რიგში დგომაა საჭირო.

თუმცა, ყველა ადგილობრივი მცხოვრები არ მიყვება ამ ფორმალობებს. ზოგს არ აქვს იმდენი ფული, რომ ხშირად იაროს გალში და შემდეგ ენგურის ხიდზე გადავიდეს. უმეტესობა შემოვლით გზებს ანიჭებს უპირატესობას.

სანამ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლს რუსი მესაზღვრეები შეუდგებოდნენ, ზუგდიდში მოსახვედრად, სულ მცირე, ექვსი შემოვლითი გზა არსებობდა. გასული წლიდან იქ რუსი მესაზღვრეები დააყენეს. “არასწორ ადგილზე” საზღვრის გადაკვეთისთვის ადგილობრივებს რამდენიმე ათასი რუბლით აჯარიმებდნენ.

საზღვრის გადაკვეთის ახალი პუნქტების გახსნა აგვისტოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წინასაარჩევნო დაპირება იყო. პრეზიდენტობის სამივე კანდიდატი პირობას დებდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გალის რაიონის მცხოვრებთათვის საზღვრის გასახსნელად ყველაფერს გააკეთებდა.

ბეჟან უბირია სოხუმის პარლამენტში ერთადერთი ქართული წარმოშობის დეპუტატია. ის ამბობს, რომ საზღვრის გადასაკვეთად დამატებითი პუნქტები მომავალ წელს გაიხსნება.

“ეს შეთანხმება რუსულ მხარესთან უკვეშ ედგა. მანამდე ყველაფრის მომზადება და აღჭურვაა საჭირო. საზღვარი არც თუ ისე პატარაა - 84 კილომეტრი. ამ ყველაფერს მოკლე დროში ვერ გააკეთებ”, - ამბობს უბირია.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც რაიონში რუსი მესაზღვრეები გამოჩნდნენ, ადგილობრივები გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

“რამდენიმე წლის წინ, მანქანის ძრავის ხმის გაგონებაზე, ადამიანები სახლებში იმალებოდნენ,”- იხსენებს სოფელ ზემო ბარღების ქართული სკოლის დირექტორი კობა რიგვავა, - “ახლა მსგავსი შიშები აღარ არსებობს”.

ადგილობრივი უწყებების ცნობით, გალის რაიონის 40 ათასი მცხოვრებიდან 10 ათასს აფხაზური პასპორტი აქვს. ბეჟან უბირია ამბობს, რომ პასპორტიზაცია ძალით არ ხდება. “უბრალოდ, სახელმწიფო უფრო ძლიერდება. მანქანაზე, მიწაზე და ნებისმიერ რამეზე საბუთის მისაღებად აუცილებელია დოკუმენტის ქონა”.

უბირია ამტკიცებს, რომ ადგილობრივი მთავრობა ქართველებს პასპორტების აღებას არ აიძულებს: “ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ ისინი ზუგდიდში გადავლენ და იქ 17 ლარად ახალ ქართულ პასპორტს აიღებენ”.

რუსეთთან ურთიერთობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, სადაც ანქვაბს ფრთხილად მოქმედება მოუწევს, რუსეთთან ურთიერთობაა.

აფხაზი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთთან მათ არა უბრალოდ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ახლო თანამშრომლობა აკავშირებთ.

თუმცა, იმის დანახვას, რომ რეალურად მოსკოვსა და სოხუმს შორის სერიოზული გაუგებრობებია, დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.

ბოლო ერთი წელია, სოხუმში არცერთი მსხვილი რუსული კომპანია არ შემოსულა. რუსმა დიპლომატმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, რომ ოფიციალური სოხუმი რუს ბიზნესმენებს აფხაზეთში რეალური ინვესტიციების ჩადების უფლებას არ აძლევს. მან ერთი შემთხვევა გაიხსენა, როცა მსხვილმა რუსულმა ტურისტულმა კომპანიამ სოხუმს რიწის ტბასთან ახლოს გრძელვადიანი პროექტის განხორციელება შესთავაზა.

“პასუხი უარყოფითი იყო. აფხაზებმა კიდევ ერთხელ თქვეს უარი ჩვენი კომპანიისთვის ობიექტების თუნდაც ნაწილის გადმოცემაზე. შეთავაზებაში ამ ობიექტების რეაბილიტაციაც იგულისხმებოდა,” -ჰყვება რუსი დიპლომატი.

აფხაზური მიწის უცხოელი ინვესტორებითვის მიყიდვა უკვე დიდი ხანია სოხუმში ცხარე დაპირისპირების მიზეზია.

აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს სჯერა, რომ მსგავსი გარიგებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან.

სწორედ ამის გამო არც რუსი ინვესტორები ჩქარობენ აფხაზეთში კაპიტალის დაბანდებას. მათ იმის გარანტიაც კი არ აქვთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბიზნესს უბრალოდ არ წაართმევენ.

“მათ სურთ, რომ რუსეთი მოვიდეს, აქ ყველაფერი ააშენოს, ფული ჩადოს და შემდეგ უხმოდ და უპრეტენზიოდ წავიდეს. ყველანაირი მოგების გარეშე... ასე უბრალოდ არ ხდება! - ამბობს რუსი დიპლომატი, - ასე თუ გაგრძელდა, აფხაზეთი დარჩება “პატარა ძველ რომად”, სადაც არავინ ჩადებს ფულს”.

წლების მანძილზე შექმნილი პრაქტიკის შეცვლას არც დე-ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი აპირებს. ის ამბობს, რომ მიწის გაყიდვის საკითხი განხილვას კვლავაც არ ექვემდებარება. რაც შეეხება საკუთრებას - ანქვაბი მზად არის თანამშრომლობისთვის, ოღონდ მხოლოდ აფხაზეთისთვის სასარგებლო პირობების ფარგლებში.

ანქვაბი მთელი ძალისხმევის გადატანას სოფლის მეურნეობაზე აპირებს.

ამ საქმეში მას, ძირითადად, რუსეთის ფინანსური დახმარების იმედი აქვს. ეს დახმარება 2012 წლის ბოლომდე დამტკიცებულია, თუმცა ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, სოხუმისთვის გამოყოფილი რუსული ფული მხოლოდ რამდენიმე გზის და სახლების სახურავების რეაბილიტაციას თუ ეყოფა.

შესაბამისად, საუბარი აღარ არის აფხაზეთის სოფლის მეურნეობაზე, რომელიც უკანასკნელი 20 წელია, სრულ დეგრადაციას განიცდის.

რამდენად გაიზრდება რუსული ფინანსური დახმარება 2012 წლის შემდეგ იმ დონემდე, რომ ანქვაბმა აფხაზეთის ეკონომიკის აღორძინების გრძელვადიანი გეგმების განხორციელება შეძლოს, ჯერჯერობით ამის პროგნოზირებას ვერავინ ახერხებს.

რუსული ფულის გარეშე კი აფხაზეთის რიგით მესამე დე-ფაქტო პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.