აფხაზები რუსულ ფულს არ თმობენ

სერგეი ბაღაფში

აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მოსახლეობას სენსაციურ დაპირებას აძლევს. მისი თქმით, ძალიან მალე იგი რესპუბლიკაში კორუფციას დაამარცხებს.

აფხაზეთში, სადაც კორუფცია ისე ყვავის, როგორც ვარდისფერი ოლეანდრი გაზაფხულზე, ბაღაფშის დანაპირების ცოტა ვინმეს სჯერა.

"სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან ფულის გამოძალვის ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით მაშინვე დარეკეთ პრეზიდენტის  ან პრემიერ-მინისტრის   მისაღებში. არ არის აუცილებელი ვინაობის დასახელება. ნებისმიერ ზარზე მაშინვე მოვახდენთ რეაგირებას", - განაცხადა აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ტელევიზიით.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მოწმდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრივატიზაციის ფონდი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის სპეციალური კრედიტების გაცემის სანაცვლოდ, მოსახლეობისგან ქრთამს იღებდა.

"შეიქმნება ეფექტური კონტროლის სისტემა, რათა სახელმწიფოს მიერ  ბიზნესის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები მიზნობრივად დაიხარჯოს", - თქვა პრეზიდენტმა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გახლდათ ბაღაფშის მეორე განცხადება, სადაც იგი კორუფციასთან ბრძოლაზე საუბრობდა. არადა, წინა წლებში ამ პრობლემის არსებობას ხელისუფლება ჰიპოთეტურ დონეზეც კი არ აღიარებდა.

რა არის ამ უეცარი  გამოფხიზლების მიზეზი?

აფხაზ ჩინოვნიკებს ქრთამის აღება ერთი თვის წინ კი არ უსწავლიათ. ამ პრაქტიკას ისინი წინა წლებშიც აქტიურად მიმართავდნენ და საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობას იქმნიდნენ. თანაც "სამუშაო" პირობები იდეალური იყო - არავითარი რისკი. მეზობელ რუსეთში, რომელიც ასევე ჩაფლულია კორუფციაში, ასეა თუ ისე, ზოგჯერ შეიძლება ვინმე დაიჭირონ, პატიმრობის რეალური ვადა  მიუსაჯონ,  მოპარული ქონება ჩამოართვან. აფხაზეთში არასოდეს არაფერი მსგავსი არ მომხდარა.

ყველაზე დიდი, რისაც ხელმრუდ ჩინოვნიკს უნდა ეშინოდეს, სამსახურიდან დათხოვნაა. და სასჯელის ეს "უმაღლესი ზომაც" მხოლოდ ძალზე განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენებოდა.

ცალი ხელის თითებია საკმარისი იმ ჩინოვნიკების ჩამოსათვლელად, რომლებსაც არ გაუმართლათ და საშოვარს მოსწყვიტეს. ალბათ ბაღაფში მანამდეც საქმის კურსში იყო თავისი ხელქვეითების სისუსტეების თაობაზე (ის ხომ არც მეფე-ბატონია და არც ამხანაგი სტალინი, ადგილობრივ დარღვევებზე რომ არაფერი იცოდეს), მაგრამ ამ პროცესისთვის ხელის შესაშლელად არავითარ ძალისხმევას არ იყენებდა. ალბათ, აცნობიერებდა იმასაც, რომ ყველა მნიშვნელოვან სფეროში სერიოზული  რეფორმების გარეშე, სიტუაციის კარდინალურად შეცვლა შეუძლებელია.

ამ რეფორმებისთვის კი ბაღაფში მზად არასოდეს ყოფილა. მიუხედავად მისი ბოლო თვის რიტორიკისა, რევოლუციური ცვლილებებისთვის მზადყოფნის ნიშნები არც ახლა ეტყობა.

ბაღაფშმა იცის, რომ ეს სარისკო თამაშია. თუ კორუფციასთან ბრძოლას იგი მართლაც დააპირებს, მაშინ გარდაუვლად მოუწევს, დაუპირისპირდეს  უსინდისოდ გამდიდრებულ, თითქოს საფუარით გაბერილ ბიუროკრატიულ აპარატს; თანაც, წარმატების ყოველგვარი გარანტიის გარეშე.

არადა, ბაღაფში რევოლუციონერი პოლიტიკოსი სრულიად არ არის. მისი ლოზუნგია სტაბილური განვითარება. გარდა ამისა, ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვე ვეღარ იყრის კენჭს.

ასე რომ, რა აზრი აქვს სახიფათო კამპანიაში ჩაბმას? არამარტო ხელისუფლების კრიტიკოსებმა, თავად ხელისუფლებამაც მშვენივრად იცის, რომ კორუფციასთან ბრძოლაში მისი მაქსიმუმი დღეს ნდობის ტელეფონების ამუშავებაა. ან ახალს რას იტყვის ანონიმური ზარის ავტორი? ისეთს ვერაფერს, რაც სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოში არ იციან.

ბაღაფშის ინიციატივით დაწყებული კორუფციასთან "ბრძოლის" სათავეები უფრო საგარეო ფაქტორში უნდა ვეძებოთ. ნახევარ წელიწადზე მეტია, რესპუბლიკის ხელისუფლება დაძაბულ მოლაპარაკებებს აწარმოებს კრემლთან, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გააკონტროლოს რუსეთიდან აფხაზეთში შემოსული ფინანსური დახმარება.

ლაპარაკია საკმაოდ დიდ ფულზე. რუსეთმა ვალდებულება აიღო, უახლოესი სამი წლის მანძილზე აფხაზეთს 10 მილიარდი რუბლი (600 მილიონი ლარი)  გამოუყოს. მოსკოვის სურვილი იყო, რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე დირექცია შეექმნა და შემდეგ ამ დირექციას პირადად გაეკონტროლებინა აფხაზეთში გაგზავნილი თანხების ხარჯვა.

ბუნებრივია, ეს გეგმა აფხაზეთში ძალიან არ მოეწონათ. ჯერ ერთი, ეს იქნებოდა პირდაპირი და ყველაზე მოკლე გზა გარეშე ქვეყნის მიერ აფხაზეთის სრულად მართვისა; და მეორეც - აფხაზურ ბიუროკრატიას, უკვე დიდი ხანია, დალაგებული აქვს გეგმები იმის თაობაზე, როგორ აითვისოს ასეთი სოლიდური დახმარება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნაციონალური ინტერესები არანაირად არ ეწინააღმდეგება პირადულს.

საბოლოოდ, ქვეყნის შიგნით საყოველთაო მხარდაჭერით გათამამებულმა და პატრიოტული მოტივაციით ზურგგამაგრებულმა აფხაზმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ,  კრემლს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს: ბოლო ორი წელია, მათ ასეთი სიმტკიცე არ გამოუვლენიათ.

რუსეთის მხრიდან აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღიარების შემდეგ, მადლიერების ნიშნად, ოფიციალურმა სოხუმმა ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში დაუთმო მოსკოვს. მათ შორის - საზღვრის ერთობლივი დაცვის, სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზარალებდა.

ყველაზე პრინციპული სოხუმი მაშინ აღმოჩნდა, როცა საქმე ფულის ათვისებასა და კონტროლს შეეხო. ამ საქმეში კრემლთან შეთანხმება აფხაზეთმა არ ისურვა. როგორც იტყვიან, - "ცელი ქვას მოხვდა". პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ თავის ბოლო პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის შესახებ.

"გათვალისწინებული იყო რეგიონული განვითარების სამინისტროსთან არსებული რუსული დირექციის ჩამოყალიბება, რომელსაც ფაქტობრივად უნდა ემართა შემოსული ფულადი სახსრები. ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით, რადგან ვთქვით, რომ ჩვენ რუსეთის რეგიონი არ ვართ. რუსეთის ფედერაციის რეგიონული განვითარების სამინისტრო ჩვენ ნაცვლად არ უნდა წყვეტდეს, რა და როგორ დავხარჯოთ. გვყავს მთავრობა, რომელიც მზადაა თანამშრომლობისთვის. მაგრამ თავად გადავწყვეტთ, სად და როგორ მივმართოთ ეს სახსრები და როგორ ვაკონტროლოთ. ვნახეთ, თუ როგორი უთანხმოება გამოიწვია სამხრეთ ოსეთში მსგავსი დირექციის მიერ ანალოგიური პროექტების განხორციელებამ, და ასეთი შედეგი სრულიად არ გვჭირდება. არ გვინდა, იგივე გავიმეოროთ. ჩვენ საკუთარი მიდგომა გვაქვს. საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ჩვენ ვთავაზობდით. ფული გამოგზავნონ, და ამ პროექტებს თავად მივხედავთ", - განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა.

თუმცა, სამხრეთოსური პრეცედენტი მხოლოდ სოხუმისთვის კი არა, კრემლისთვისაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. მართალია, კოკოითი რუსული დახმარების მითვისებაში რეგიონული განვითარების სამინისტროს რეზიდენტებს ადანაშაულებს, მაგრამ ისინი თავის მხრივ იმავე დანაშაულში სწორედ კოკოითის და მის გარემოცვას სდებენ ბრალს.

სავარაუდოდ, ისტორია განმეორდება აფხაზეთშიც. მოსკოვი შეეცდება, ცხინვალის მსგავსად, სოხუმის შიდა საქმეებშიც ჩაერიოს. მისი ოფიციალური არგუმენტი იგივე იქნება, რაც სამხრეთ ოსეთშია -   რუსეთისგან მიღებული დახმარების არამიზნობრივად ხარჯვა.

ალბათ სწორედ რუსული ფულის მოლოდინს უკავშირდება აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან კორუფციასთან ბრძოლის უეცარი სურვილი.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.