აფხაზური დემოკრატიის თავისებურებანი

აფხაზეთი

სოხუმში გამალებული მშენებლობაა – გზებზე ახალი საფარი და ძვირადღირებული ავტომობილები; სახლებში – რემონტი და ახალი ავეჯი.  დღევანდელი აფხაზეთი ვერ შეედრება ბლოკადისა და ნგრევის იმ პერიოდს, როცა ხალხს საღამოობით გაუნათებელ ქუჩებში გასვლის ეშინოდა, სახლებში სახურავიდან წყალი ჟონავდა, გზები დანგრეული იყო და ლუკმა-პურის შოვნა მხოლოდ რუსეთის საზღვარზე მანდარინების გაყიდვით იყო შესაძლებელი. აფხაზეთში ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.

ცვლილებები  2005 წელს დაიწყო, ანუ მაშინ, როცა ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მოვიდა. წესით, საზოგადოებამ საკუთარი მხსნელი უნდა გააღმერთოს, რადგან თანდათანობით ნანგრევებად ქცეული აფხაზეთი საბჭოთა დროინდელ  კოხტა იერსახეს იბრუნებს. თუმცა, მიუხედავად ბაღაფშის თვალსაჩინო წარმატებებისა, მოსახლეობის თვალში მისი პოპულარობა საგანგაშო ტემპით კლებულობს.

ცოტა ხნის წინ 500-მდე ადამიანი გუდაუთაში, კულტურის სახლში შეიკრიბა და პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა. მათი უმრავლესობა საქართველო-აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო. მათი მრისხანება ბაღაფშის მიერ რუსული მედიისთვის მიცემულმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა:  “ვერავინ მაიძულებს მოსკოვი ჩემს დედაქალაქად არ ვაღიარო. მოსკოვი – ეს ჩვენი დედაქალაქია”. აფახაზეთში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ფიქრობენ, რომ მათი დედაქალაქი რუსეთშია.

ეს ბაღაფშის მიერ გაკეთებული პირველი საეჭვო და გაურკვეველი განცხადება როდია.  მან მეორე საპრეზიდენტო ვადაში სკანდალების რაოდენობით ყველა რეკორდი მოხსნა.

აფხაზეთის პრეზიდენტი საბჭოთა სამეურნეო ნომენკლატურის კლასიკური წარმომადგენელია. საჯარო პოლიტიკაში მოიკოჭლებს, თუმცა კულისებს მიღმა თამაშებში შესაშური ინტუიცია აქვს. იგი საკმაოდ ცბიერია და ძალაუფლების ოლიმპოზე პოზიციების გამყარება კარგად შეძლო. იგი არც რეფორმატორია და არც რევოლუციონერი. მას კორუფციასთან ბრძოლის და „ახალი ქვეყნის“ მშენებლობის არც ძალა ჰქონდა და არც სურვილი. იგი სხვა გზით წავიდა. თუ პირველი პრეზიდენტის – ვლადისლავ არძინბას – დროს მთელი ეკონომიკა ერთ კლანს ეკუთვნოდა, ბაღაფშმა ამ სფეროში კონკურენტული გარემო შექმნა. საბიუჯეტო სახსრები და სამეურნეო კომპლექსი ასობით ჩინოვნიკისა და მმართველისათვის გახდა ხელმისაწვდომი. ბევრი მათგანი პრეზიდენტზე და ქვეყნის სხვა პირველ პირებზე გაცილებით მდიდარია. რესპუბლიკაში შენდება გზები, სახლები და სასტუმროები. იქმნება ახალი ერთობლივი და ინდივიდუალური საწარმოები, შემოდის ინვესტიციები. ამ ყველაფერს  მართვა სჭირდება.

“სახალხო მეურნეობის” მმართველებად საკუთარი  ნათესავების დანიშვნის ნაცვლად, ბაღაფშმა ეს თანამდებობები  “საჭირო ხალხს” დაურიგა – მათ, ვისაც აფხაზეთში გავლენა ჰქონდა. შედეგად, ბაღაფშმა გონივრულად გათვალა ელიტის ერთგულება და 2009-2010 წლების მიჯნაზე ამ ელიტის დახმარებით საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

თუმცა კულუარული თამაშებით გართულმა და შიდაპოლიტიკურ პროცესებში რუსეთის როლის გადაჭარბებით შემფასებელმა პრეზიდენტმა საზოგადოებასთან კავშირი დაკარგა, და, რაც მთავარია, აფხაზური დემოკრატიის ზოგიერთი ნიუანსი დაივიწყა.

პირველი: “აფხაზურ დემოკრატიას”, რომელსაც ევროპელი ექსპერტები და ჟურნალისტები ხშირად ხოტბას ასხამენ, სინამდვილეში საერთო არაფერი აქვს დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან.
ეს კავკასიური დემოკრატიის თავისებური ფორმაა, რომელიც აფხაზი საზოგადოების მცირერიცხოვნობას ეფუძნება.

როგორც ადრე, დღესაც სოციალურ კომუნიკაციაში ძირითად როლს მჭიდრო ნათესაური, ოჯახური და რეგიონული კავშირები ასრულებს. პოლიტიკოსებს (მცირე გამონაკლისის გარდა) აფხაზეთში დევნის არ ეშინიათ.  თუმცა, ნამდვილი დემოკრატიებისგან განსხვავებით, აქ პოლიტიკოსს არა კანონი და უფლებები, არამედ საზოგადოების სავსებით კონკრეტული ნაწილი იცავს.  სწორედ ამიტომ სახელმწიფო რეპრესიულ მანქანად ვერ გარდაიქმნა.

ამ მჭიდრო საზოგადოებრივი კავშირების თავისებურება ისიცაა, რომ იგი პოლიტიკური ველის რადიკალიზაციას უშლის ხელს. 2004 წელს, როცა ოპოზიციამ ბაღაფშის ხელმძღვანელობით პირველი პრეზიდენტის მემკვიდრედ დასახელებულ რაულ ხაჯიმბას არჩევნები მოუგო, სისტემამ სამოქალაქო ომის თავიდან აცილება შეძლო. მართლაც, ნათესავებისა და ახლობლების ციცქნა ქვეყანაში საკუთარი ძმის წინააღმდეგ სროლას ვერავინ გაბედავს.

ნიუანსი მეორე: ისეთ პატარა საზოგადოებაში, როგორიც აფხაზეთშია, რესურსებისადმი –  მიწისა და საკუთრებისადმი – დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსხვავებულია. თუ დიდ საზოგადოებაში ნებისმიერი რესურსი აბსტრაქტული „ჩვენი მიწაა“, პატარა საზოგადოებაში მიწის ყოველი გოჯი ლამის „საკუთარია“.

შესაბამისად, აფხაზურ საზოგადოებას ახალი სამუშაო ადგილებისა და ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზოგადი დაპირებები არ ჰყოფნის. საზოგადოებას სურს იცოდეს, ინვესტიციებისგან რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ უცხოური კაპიტალდაბანდების ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ნიუანსი მესამე: პატარა ქვეყანაში, პრაქტიკულად, ყველა მსურველს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია და ხშირად ასეც ხდება. შესაბამისად, საზოგადოების პოლიტიკაში მონაწილეობა წარმომადგენლობითი  ინსტიტუტებით – როგორიცაა პარლამენტი და საზოგადოებრივი პალატა – არ შემოიფარგლება.

მით უმეტეს, რომ ეს ინსტიტუტები კონიუნქტურაზე მეტისმეტად არის დამოკიდებული და ამომრჩევლების ეფექტური წარმომადგენლობით ვერ დაიკვეხნის. 300-ათასიან აფხაზეთში  ხელისუფლებას თავის ხალხთან რეალური პირდაპირი დიალოგის წარმართვა შეუძლია.
და ბოლოს, ნიუანსი მეოთხე: აფხაზეთი საკუთარი ისტორიის მანძილზე ყველაზე უნიკალურ ექსპერიმენტს გადის, როცა ქვეყანა საკუთარ თავს ეკუთვნის, და არა რუსეთს, საქართველოს, თურქეთს...

შესაბამისად, საზოგადოებას ძველ დროში “არდაბრუნების” კომპლექსი აქვს, იმ დროში, როცა ტერიტორია უფრო ძლიერი მეზობლების კოლონია იყო. ამიტომ აქ დიდი და პატარა ხელისუფლების საგარეო და ეკონომიკურ პოლიტიკაზე ძალიან მკვეთრად რეაგირებს.

ბაღაფშს დიდი ხანია, აღარ ახსოვს აფხაზური რეალობის ეს სპეციფიკური დეტალები. მას ერთბაშად გაუჩნდა “წესრიგის დამყარების” და “ძლიერი ხელის” დემონსტრირების სურვილი. იგი, ხალხთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, აფხაზეთისგან ნავთობმომპოვებელ ქვეყანას ქმნის, რუსეთს აგარაკებს ჩუქნის, რუსეთის ბანკებთან დადებული კონტრაქტის პირობებს არ ამხელს. იგი ამბობს: “მე მივიღე გადაწყვეტილება” ისე, რომ ხალხის აზრს არ კითხულობს.

და ბოლოს, მან გადაწყვიტა, რომ აფხაზეთისთვის ყველაზე კარგი მომავალი – ეს საბჭოთა წარსულია.
სწორედ ეს არის ქვეყანაში დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისის მიზეზი.

აფხაზური საზოგადოება მზად არ არის, მმართველობის ის სტილი მიიღოს, რომელსაც დღეს რუსეთი დაუბრუნდა. საბჭოთა დროში დაბრუნება აქ არავის სურს. ხშირად გვახსენებენ და ყველას გვახსოვს, რომ აფხაზეთი საბჭოთა დროს კარგად ცხოვრობდა. თუმცა ისიც არავის დავიწყებია, რომ მაშინ, აფხაზეთი აფხაზეთი არ იყო.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.