ახალი კურორტი აფხაზეთში

ახალი კურორტი აფხაზეთში

ახალი კურორტი აფხაზეთში

სოხუმი. ფოტო © "ლიბერალი"

ტურისტების ნაკადი, რომელსაც ასე ელოდნენ, აფხაზეთში ჯერ არ ჩანს. ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ხალხს უბრალოდ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სახლში ყურება ურჩევნია და როგორც კი მუნდიალი დასრულდება, აფხაზეთის სანაპიროებს ათასობით ადამიანი მოაშურებს. აქ ძალიან უნდათ, რომ 2007 წლის რეკორდი განმეორდეს, როცა აფხაზეთში თითქმის მილიონმა ადამიანმა დაისვენა.

აფხაზეთში ტურისტების უმეტესობა შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად და გასარუჯად ჩამოდის. თუმცა, მაგალითად, 2007 წელს რესპუბლიკაში დაახლოებით 200 ათასი ტურისტის ერთდღიანი ექსკურსიის მიზანი ახალი ათონის გამოქვაბულის, რიწის ტბის,  მღვიმეების _ არაბიკისა და სნეჟნაიას მონახულება იყო.

ძალიან მალე ამ ულამაზესი სანახაობების რიცხვს კიდევ ერთი დაემატება. კოდორის ხეობა ის ადგილია, სადაც აფხაზეთის ხელისუფლება ტურიზმის სერიოზულად განვითარებას გეგმავს. დღეს იგი დაკეტილია ტურისტებისთვის უსაფრთხოების მიზნით, თუმცა უდავოა, რომ მომავალში ეს ხეობა ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული მარშრუტი გახდება. "როგორც კი შესაბამისი სამსახურები იქ უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებენ,  დამსვენებლებს სპეციალურ მარშრუტებს შევთავაზებთ. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ", - ამბობს კურორტებისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ ბარციცი.

გეგმის მიხედვით, კოდორის ხეობაში უნიკალური ნაციონალური პარკი გაშენდება. აღდგება სამხედრო გზა, რომელიც ყარაჩაი-ჩერქეზეთს კოდორის ხეობასთან დააკავშირებს. "ეს პროექტი უკვე სერიოზულად განიხილება, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მხარდაჭერა არსებობს. უახლოეს ხანებში კონკრეტულ დეტალებზე დავიწყებთ მსჯელობას", - ამბობს პრემიერ-მინისტრი შამბა.

თუმცა, სამომავლო გეგმებზე მეტად აფხაზეთში ახლა ის აინტერესებთ, თუ როგორ ჩაივლის წლევანდელი საკურორტო სეზონი, რომელზეც აქ ყოველთვის დიდ იმედებს ამყარებენ.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ქვეყანის საკურორტო განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები უნდა მოეტანა, თუმცა დღემდე დამსვენებლებს აფხაზეთისკენ მხოლოდ სუფთა ზღვა და მდიდარი ბუნება იზიდავთ. მოლოდინები, რომ აფხაზეთში წელს 2007 წლის რეკორდი განმეორდება და მილიონამდე დამსვენებელი ჩამოვა, გადაჭარბებულია. ტურისტული ბიზნესის განვითარების მთავარი პირობა - კვებისა და სავაჭრო ობიექტებში სერვისის დონე, კვლავინდებურად ძალიან დაბალია.

კურორტებისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ ბარციცი ამბობს, რომ ტურისტებისგან ყოველ წელს მრავალი საჩივარი მოდის. "ხშირად არ მოსწონთ მომსახურე პერსონალის არაპროფესიონალიზმი, სერვისი, ქალაქის ქუჩების, პლაჟების სისუფთავე, საკვები პროდუქტების ხარისხი, არის საჩივრები ტრანსპორტის მართვასთან დაკავშირებით", - ამბობს იგი.

სწორედ ამიტომ, ექსპერტები ამბობენ, რომ 2007 წელს ტურისტების მოზღვავებულ ნაკადს უკუეფექტიც ჰქონდა: რესპუბლიკის მწირი ინფრასტრუქტურა არ აღმოჩნდა მზად ამ რაოდენობის სტუმრების მისაღებად, ამიტომ მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცა, რის გამოც, ბევრმა ტურისტმა ქვეყანა უკმაყოფილომ დატოვა.

წელს სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები იმისთვის, რომ აფხაზეთს თანამედროვე კურორტების სტანდარტებთან რაღაც მსგავსება ჰქონდეს, თუმცა ეს არასაკმარისია. ორი-სამი წლის წინ აფხაზეთში დასვენება ეგზოტიკური იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ უკან - საბჭოეთში ბრუნდებოდი. დღეს სტალინის დროინდელი პანსიონატები, სასადილოები, სადაც მაკარონის წვნიანით, მოთუშული კომბოსტოთი და ვაშლის ჩირის კომპოტით გიმასპინძლდებოდნენ, წარსულს ჩაბარდა.

"ჩვენი მეგობარი რუსეთი გვეხმარება, რომ წელში გავიმართოთ, - ამბობს ბარციცი,  -  მთელი წლის განმავლობაში რუსეთში გამოფენა-ბაზრობები იმართებოდა, სადაც ალხს აფხაზურ ბუნებას და კულტურას აცნობდნენ".

აფხაზეთის კურორტების მთავარი კაპიტალი სწორედ რუსი ტურისტებია. ტურიზმში ჩადებული ინვესტიციებიც ძირითადად რუსულია. სოჭთან და კრასნოდარის მხარის სხვა კურორტებთან შედარებით, აფხაზეთი რუს ტურისტებს ძირითადად იმით ხიბლავს, რომ სანატორიუმები აქ უფრო იაფია; თანაც, 2008 წლის აღიარების შემდეგ აფხაზეთში დასვენება უფრო უსაფრთხო გახდა, რადგან რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული.

აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს, გაატაროს გარკვეული ცვლილებები იმისათვის, რომ აფხაზეთში დასვენება რუსი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს, თუმცა საერთო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბევრი მაინც არაფერი  იცვლება.

მაგალითად,  აპრილის ბოლოს ბაღაფშმა სამართალდამცავებს  რაიმე სერიოზული საფუძვლის გარეშე რუსულნომრიანი მანქანების გაჩერება სასტიკად აუკრძალა. არადა, აფხაზი სამართალდამცავების ჯიბეში საკურორტო სეზონზე სოლიდური თანხა "გროვდებოდა".

ტურისტებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია რუსულ-აფხაზური საზღვრის საკონტროლო გამშვები პუნქტის "ვესიოლოე - ფსოუ"-ს გადაკვეთა. გასულ წელს, გახურებული სეზონის დროს ტურისტებს 3-5 საათის განმავლობაში უწევდათ სიცხეში რიგში ლოდინი. პრობლემები, როგორც წესი, რუსულ მხარეს ჩნდება, ამიტომ მათი მოგვარებაც რუსული მხარის კომპეტენციაა. როგორც პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ამბობს,  მოლაპარაკებები საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის გამარტივების საკითხზე უკვე მიმდინარეობს. მიმდინარე საკურორტო სეზონზე სოჭი-ადლერი-გაგრას ჩქაროსნული მატარებლის ამუშავებაც იგეგმება. ლაპარაკია რუსეთთან საზღვაო მიმოსვლის მოწესრიგებაზეც. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ტურისტების ნაკადს მეტ სტიმულს მისცემს, რუსეთთან ავიაურთიერთობის აღდგენაა - ივლისში სოხუმის აეროპორტი საზეიმოდ გაიხსნება.

ივლისის ბოლოს დასრულდება აფხაზეთის კურორტებისა და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის  მიერ GPშ ფორმატის ნავიგაციური რუკის შექმნისთვის გაწეული სამუშაო. ეს რუკა მნიშვნელოვნად გააიოლებს აფხაზეთში მოგზაურობის პირობებს. უფასო რუკით სარგებლობა ყველა ტურისტს შეეძლება, ვისაც GPS ნავიგატორი აქვს, ან ტელეფონზე სპეციალური პროგრამა.

ბევრად უფრო აქტიურად ვითარდება კერძო სექტორი, რომელიც საკურორტო სეზონის დროს სოლიდურ თანხას აგროვებს, თუმცა მოგებას სახელმწიფოს არ უნაწილებს, რის გამოც, დღის წესრიგში ტურისტული ფირმებისგან გადასახადების აკრეფის გამკაცრება დადგა. "მაღალსართულიან სახლებში ბინას ყველა აქირავებს, თუმცა გადასახადს არავინ იხდის. ადამიანები უნდა მიეჩვიონ იმას, რომ რაკი ისინი დამსვენებლებს იღებენ და ამ საქმიანობით შემოსავალს იღებენ, გადასახადიც უნდა გადაიხადონ", - ამბობს  გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრი ვახტანგ ფიფია.

გაგრაში ერთი საწოლის ფასი 200-250 რუბლია, ბიჭვინთაში - 500 რუბლი. თვეში კერძო სექტორი ერთი საწოლისთვის, გადასახადის სახით, 300 რუბლს იხდიდა. 2009 წელს ამ საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ხაზინაში 5,5 მილიონი რუბლი შევიდა. წელს გადასახადი გაორმაგდა და 600 რუბლს შეადგენს.

აფხაზეთის სანაპიროებზე დასასვენებლად ყველაზე საუკეთესო სეზონი აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერია. ივნისი-ივლისი კი ის თვეებია, როცა ყველა კერძო სახლსა თუ სასტუმროში დიდ სამზადისში არიან. ზოგს სახლის ფასადი აქვს შესათეთრებელი, ზოგს ცხელი წყლის ავზი შესაკეთებელი, სხვები თეთრეულს ამზეურებენ სტუმრების მოლოდინში. ამ სამ თვეზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ტურისტული ინდუსტრია ერთადერთი სეგმენტია, რომლითაც აფხაზეთის სახელმწიფო ბიუჯეტი უშუალოდ ქვეყნის შიგნიდან ივსება. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კი ზაფხული არის ის პერიოდი, როცა მთელი წლის სამყოფი ფული უნდა იშოვონ.  

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება