წინამძღვარი თუ დამხმარე?

წინამძღვარი თუ დამხმარე?

წინამძღვარი თუ დამხმარე?

ახალი ათონი. ფოტო © ლიბერალი

მოსკოვის საპატრიარქო ახალი ათონის მონასტერში ახალი წინამძღვრის დანიშვნას ცდილობს. აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ მეზობელი ქვეყნიდან აფხაზეთის ეკლესიაში მსგავსი ჩარევა აფხაზური დამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთი სერიოზული გამოცდაა.

მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ათონის მონასტერში წინამძღვრად მოსკოვის საპატრიარქოდან მივლენილი  იღუმენი ეფრემი (ვინოგრადოვი) დაინიშნა, ათონის მონასტრის წინ მოედანი ხალხით გაივსო.

მედია იუწყებოდა, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილ II-მ ეს გადაწყვეტილება  აფხაზი მღვდლის, ბესარიონ აპლიას  თხოვნით მიიღო.

მონასტრის მოქმედი წინამძღვარი ანდრეი, ახალათონელი ბერები და მრევლი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მიღებულ მონასტრის წესდებას იშველიებენ, სადაც წერია, რომ მონასტრის წინამძღვარი შეიძლება იყოს მხოლოდ ახალ ათონში ბერად აღკვეცილი პირი.

რუსეთის საპატრიარქომ მეორე დღეს გაავრცელა განცხადება,  სადაც აღნიშნულია, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ კირილ მეორის გადაწყვეტილება არასწორად გაიგო.  ამ განცხადების თანახმად, ახალი ათონის მონასტერში არა წინამძღვარი, არამედ დამხმარე სასულიერო პირია მივლენილი.

თუმცა, მიუხედავად მოსკოვის საპატრიარქოს ამ განცხადებისა, კონფლიქტი აფხაზეთში არ ჩამცხრალა. პირიქით, უფრო მწვავდება.

რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილება საეკლესიო-სახალხო კრების მოწვევის მიზეზიც კი გახდა.  კრება 15 მაისს სიმონ კანანელის მონასტერში გაიმართება.

როგორ უნდა გამოვიდეს აფხაზეთი შიდა საეკლესიო კრიზისიდან და როგორ უნდა, ააწყოს ურთიერთობა რუსეთის მართმადიდებელ ეკლესიასთან, - ეს საკითხი აფხაზურ საზოგადოებაში დღეს საეკლესიო ცხოვრების ჩარჩოებს სცდება და საკმაოდ აქტუალურია არამართლმადიდებლებს შორისაც კი.

ახალი ათონის მონასტერი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველაზე მსხვილი მართლმადიდებლური ობიექტია, რომელსაც უნიკალური ისტორია და საკუთარი წესდება აქვს.

გარდა ამისა, აქ ეროვნული ასპექტიც საყურადღებოა. აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზი მღვდელი არც ისე ბევრია. მათ შორის ერთ-ერთია მამა ანდრეი _ ახალგაზრდა მღვდელი, რომელიც უკვე ათი წელია, ამ მონასტრის წინამძღვარია.  მისი ერთი ხელის მოსმით ამ თანამდებობიდან გათავისუფლება ბევრმა შეურაცხყოფად მიიღო.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეს ამბავი აფხაზეთის ახალი თაობის ჩინოვნიკებისა და აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელის, მამა ბესარიონ აპლიას წინააღმდეგობის ჭრილშიც განიხილება. ახალი ათონის ფაქტს კვლავ ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ახალი რაუნდი მოჰყვება. ამ დაპირისპირებამ პიკს 5 წლის წინ მიაღწია, როცა აფხაზეთის ეკლესიის ორი თანახელმძღვანელი დაინიშნა მამა ბესარიონი და მამა ანდრეი. შემდეგ შიდა, კულუარული ინტრიგების საშუალებით, მამა ბესარიონმა მაინც მოახერხა ეკლესიის ერთადერთი ხელმძღვანელი გამხდარიყო.

ორი წლის წინ აფხაზეთის ეპარქია დამოუკიდებელ აფხაზეთის ეკლესიად გადაკეთდა. მამა ბესარიონისთვის უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა იმ ფაქტის დავიწყება, რომ აფხაზური ეკლესია დამოუკიდებელია და  ახლა იგი თავს კვლავ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენელ ნაწილად თვლის. აქ საქმე შიდაეკლესიურ ინტრიგასთან გვაქვს, რომელიც, შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს აფხაზურ-რუსული ურთიერთობების ჭრილში. აფხაზური საზოგადოება, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოიპოვა დამოუკიდებლობა,  ძალიან ფრთხილობს, როცა საქმე ჩრდილოელ მეზობელთან მეტისმეტად მჭიდრო ურთიერთობებს ეხება.

ეკლესიის დამოუკიდებლობა კი ზოგადად ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ასპექტია. ამიტომაც, აფხაზეთის მოსახლეობა ძალიან ღელავს. თანაც, ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა სულ ცოტა ხნის წინ სერიოზულად მიდიოდა მსჯელობა აფხაზეთის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით – რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიის 160 კვადრატულ კილომეტრზე განაცხადა პრეტენზია, თუმცა მერე თითქოს უარი თქვა ამ განზრახვაზე.

რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარება უკვე ეკლესიის კონტექსტში მდგომარეობას საკმაოდ დაძაბავს. ახლა რთულია იმის თქმა, თუ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. მამა ანდრეის მომხრეები ახალ ათონში იკრიბებიან. მამა ანდრეიმ მათ განუცხადა, რომ მონასტრის თემი ბოლომდე იბრძოლებს. მან აფხაზ ხალხს 15 მაისს საეკლესიო კრებაზე მისვლა სთხოვა. "აფხაზეთის ერი და ბერი იქ უნდა იყოს," - თქვა მან. ამ კრებამ აფხაზური ეპარქიის და მისი წინამძღვრის შემდგომი ბედი უნდა გადაწყვიტოს. ახლა ეს კონფლიქტი კიდევ უფრო იკვეთება და საჯარო ასპარეზზე გამოდის.

სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და არა "ლიბერალს"

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება