დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში

მედეა იმერლიშვილი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საქართველოში დისკუსიებს იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე რამდენიმე წელია მართავს. 2012 წლის დისკუსიები საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში დაიგეგმა. პროექტის ფარგლებში,  ფოთსა და წყალტუბოში დევნილებისათვის გამართული რამდენიმე მრგვალი მაგიდისა და დისკუსიის საფუძველზე შემუშავდა დოკუმენტი - "როგორ ხედავენ იძულებით გადაადგილებული პირები მათი პრობლემების მოგვარების გზებს?", რომელიც  დევნილების ხედვებსა და მიდგომებს ასახავს მათთვის ყველაზე მწვავე პრობლემების გადასაწყვეტად. მოგვიანებით დოკუმენტი პარლამენტის ფოთისა და წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატებს  გადაეგზავნა. პროექტის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ საჯარო შეხვედრას უკვე თავად მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ. დისკუსიისას დევნილებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ მიეტანათ ამ ადამიანებამდე თავიანთი სათქმელი და რაც მთავარია, მოესმინათ მათი ხედვა, თუ როგორ წარმოიდგენდნენ პოლიტიკოსები იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი ხშირად სპეციფიური პრობლემების მოგვარებას და როგორ იქნებოდა ეს ხედვები გამყარებული მათივე საარჩევნო პროგრამებით.
შეხვედრების ორგანიზებამდე ჩატარებულმა გამოკითხვამ დევნილებს შორის რამდენიმე ძირითადი თემა გამოკვეთა - განსახლება, ინტეგრაცია, საცხოვრებელი ბინების დაკანონება, დასაქმება, კომუნალური გადასახადები. ეს არის ის საკითხები, რომლებიც წყალტუბოსა და ფოთში, და არა მარტო აქ, მცხოვრები დევნილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შეხვედრა ფოთში

შეხვედრა ქალაქის ბიბლიოთეკის დარბაზში იმართება. დარბაზი სწრაფად ივსება. მათ შორის, ვინც მაჟორიტარობის კანდიდატებთან შესახვედრად არის მოსული, სჭარბობენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ეს მათ ჩაცმულობასა და მოგვიანებით საკუთარი კანდიდატის მისამართით მხურვალე ოვაციებშიც გამოიხატება. დისკუსიას ესწრებიან მაჟორიტარობის კანდიდატები: ზაზა ლემონჯავა - "ახალი მემარჯვენეები",  ლაშა ბერაია - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", ეკა ბესელია - კოალიცია "ქართული ოცნება". "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, თენგიზ სარიშვილმა, მიუხედავად ორგანიზატორების მხრიდან არაერთგზის შეთავაზებისა, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

კითხვები, რომლებიც დისკუსიაზე დაისვა:  "დაუსაქმებელ ადამიანებს უჭირთ წყლის, დენის, გაზის გადასახადების გადახდა. ჯარიმების დაკისრების შემდეგ ხალხი თვეობით ვერ იხდის გადასახადებს. რა გზით შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემები და რისი იმედი უნდა ჰქონდეს ხალხს", "არსებული ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, დღესაც არ მოგვეწოდება ბუნებრივი აირი. ამის გამო ძნელად გადავიტანეთ ზამთარი. თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თუ გადაწყდება ეს პრობლემა და რა დროის განმავლობაში? დაუკანონდებათ თუ არა დევნილებს ახალი ბინები და როდის",  "გაქვთ თუ არა კონკრეტულად გაწერილი კონფლიქტების მოგვარების სტრატეგია", "რა გეგმები გაქვთ იმ დევნილებთან დაკავშირებით, რომელთა ბინებით დაკმაყოფილებაც ვერ მოხერხდა ამ ეტაპზე და კვლავ კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობენ", "იანვრიდან დღემდე უშუქოდ ვარ. ამას დაემატა წყლის გათიშვა. ძალიან მაღალი გადასახადი მოვიდა და ვერ შევძელი გადახდა. გარდა ამისა გვქონდა პოლისი ორ სულზე, მაგრამ აქ ჩამოსვლის მერე მაღალი ქულა შეგვიფარდეს და პოლისები გაგვიუქმეს. რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს ამ მდგომარეობიდან". ინტეგრაციის, დასაქმების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, კომუნიკაციისა და საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის საკითხს სვამს დევნილთა ახალ დასახლებაში მცხოვრები პროექტში ჩართული ერთ-ერთი მოხალისე. მისივე თქმით, ისინი შეხვედრაზე იმიტომ მოვიდნენ, რომ ყველა პარტიის წარმომადგენელს მოუსმინონ, გაეცნონ მათ პროგრამებს და მოსაზრებებს და ამის შემდეგ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ.

მაჟორიტარობის კანდიდატები და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარების მათეული ხედვა:

ეკა ბესელია - "პრობლემა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან და დევნილთა დაბრუნებასთან არის დაკავშირებული, "ქართული ოცნებისთვის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ბუნებრივია, ჩვენს მიერ არჩეული კურსი, რომელიც ხაზგასმულია ჩვენს პროგრამაში, რომ ეს უნდა იყოს კონფლიქტების გადაწყვეტის მშვიდობიანი გზა, პირდაპირ პასუხობს საერთაშორისო საზოგადოების ხედვას, მოთხოვნას და სტრატეგიას". "ქართული ოცნების" ხედვა, არის ის, რომ დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან, დევნილებთან, რომ დაიძრას ქვეყნის გამთლიანების პროცესი და გადაიჭრას  მათი სახლებში დაბრუნების მთავარი პრობლემა, მაგრამ ვიდრე ისინი აქ რჩებიან, ჩვენ შევუცვლით მათ პირობებს, შეურაცხმყოფელ 22-ლარიან და ნაწილისთვის 6 ლარით განსხვავებულ დახმარებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ მათი ყოველთვიური დახმარება სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების სახით იყოს აღებული და ეს არ იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. საარსებო მინიმუმი დაანგარიშებული იქნება და ზუსტად ამ რაოდენობის დახმარებას მიიღებენ დევნილები ყოველთვიურად. დევნილებისთვის ასევე ამოქმედდება სპეციალური დასაქმების პროგრამა და ყველა სოციალურად დაუცველ ნაწილს, მათ შორის, ვინც არ იქნება დასაქმებული, მათთვის არჩევნების შემდეგ დამოუკიდებლად დავიწყებთ იმ პროგრამის ამოქმედებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ ოჯახებს მოეხსნათ ელემენტარული ყოფითი პრობლემა. მათთვის უფასო გახდება ჯანდაცვა და განათლება დაწყებული ბაგა-ბაღიდან, დამთავრებული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობით".

ლაშა ბერაია - "ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებით ჩვენს პროგრამაში მითითებულია, რომ დევნილებისთვის უნდა აღდგეს 100 კილოვატსაათი ელექტროენერგიის სუბსიდირება, რაც ოდნავ მაინც გააუმჯობესებს არსებულ სიტუაციას. გაზმომარაგებასთან დაკავშირებითაც გვაქვს  ინიციატივა ახალი რაიონის მცხოვრებთათვის. მათი თქმით, მიუხედავად შეპირებისა, ბათუმში მცხოვრები დევნილებისგან განსხვავებით მათთვის არ დაურიგებიათ გაზის გამათბობლები. დავიანგარიშეთ და ეს დაახლოებით 400 ათასი ლარის საკითხია. ეს ხელისუფლებისათვის დღევანდელი ბიუჯეტის პირობებში პრობლემას არ წარმოადგენს. დევნილთა ახალ რაიონში თუ არ ვცდები 60 თეთრია ბუნებრივი აირის გადასახადი. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია ძალიან დაბალი ტარიფით მისცეს თავის მოქალაქეებს გაზი. ამას სჭირდება კეთილი ნება, რაც გამოხატული იქნება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მხრიდან. გეტყვით, რომ შეიძლება მინიმუმ ხუთჯერ შემცირდეს ბუნებრივი აირის ტარიფი იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება სამართლიანობის პრინციპი".

ზაზა ლემონჯავა - "დევნილები ხელახლა გახდნენ დევნილები. როდესაც ხალხს ახალ რაიონში ასახლებდნენ, საერთოდ არ ყოფილა მოსახლეობის აზრი გათვალისწინებული. როდესაც ადამიანს სახლს აძლევ, მას პირობები უნდა შეუქმნა. მთავარია დევნილების დასაქმება. ჩვენთვის პრიორიტეტია უმწეო, ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილებისათვის ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზება, მრავალჯერადი დახმარება. ახალ დასახლებაში უნდა მოეწყოს ბაგა-ბაღები, სკოლები, მაღაზიები, მედპუნქტები, სადაც დევნილები უნდა დასაქმდნენ... ძნელია, როდესაც ადამიანს ჩამოასახლებ, სახლს მისცემ, მაგრამ ელემენტარულად იმის საშუალება არა აქვს, მუშაობდეს. წყალი არა აქვს, გაზი არა აქვს. ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, რომ სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე, მოიპოვოს რაღაც რესურსები და მოაგვაროს ეს პრობლემა. დევნილებისთვის ეს ყველაფერი უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ".

 
 
Image removed.

შეხვედრა წყალტუბოში. აკაკი ბობოხიძე - "ნაციონალური მოძრაობა" და მოდერატორი ხათუნა სამნიძე. ფოტო © ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

შეხვედრა წყალტუბოში

შეხვედრა მაჟორიტარობის კანდიდატებთან ემთხვევა პრეზიდენტის ჩასვლას ქალაქში. ქალაქის ცენტრში გზები გადაკეტილია, უსაფრთხოების ზომებიც გამკაცრებულია. მანქანიდან გადმოვდივართ და გზას ფეხით განვაგრძობთ. ქუჩებში იშვიათი ხალხმრავლობაა. დისკუსიას ესწრებიან მაჟორიტარობის კანდიდატები: პავლე კიკალეიშვილი - "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", გოგა ასათიანი - "ახალი მემარჯვენეები", აკაკი ბობოხიძე - "ნაციონალური მოძრაობა", პაატა ზაქარეიშვილი - კოალიცია "ქართული ოცნება".

კითხვები, რომლებიც დევნილების მხრიდან ისმება და საკითხები, რომლებზეც მათ მაჟორიტარობის კანდიდატების ხედვა აინტერესებთ: "წყალტუბოში დარჩენილ 1500-მდე ოჯახს რა ბედი გველის და ჩვენი განსახლების პროცესი ამის შემდეგ მაინც თუ შეიძლება რომ ღირსეულად წარიმართოს", "გამარჯვების შემთხვევაში, იქნებით თუ არა უშუალოდ ჩართული როგორც მაჟორიტარი დეპუტატი შემდეგი განსახლების პროცესში", "რატომ არ უკანონდებათ დევნილებს ბინები. ერთი წელია საჭიროო, ერთი წელი გავიდა. ადრე შეღავათები გვქონდა. ახლა რატომ გვახდევინებს მთავრობა კომუნალურ გადასახადებს", "გადმოვედით თუ არა ახალ დასახლებაში, შეგვიწყდა შეღავათი კომუნალურ გადასახადებზე. ეს ზამთარში მოხდა. კორპუსები გაზიფიცირებული არ ყოფილა. ამის გამო დევნილებს ელექტროენერგიის  დიდი რაოდენობით ხარჯვა მოუხდათ, რამაც თვის ბოლოს ძალიან დიდი გადასახადები დააგროვა. გადასახადების გადახდა ბევრმა ოჯახმა ვერ შეძლო. მათ თვეების განმავლობაში ჰქონდათ გამორთული ელექტროენერგია. თუ გავითვალისწინებთ, რომ დევნილების დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, როგორ გესახებათ ამ პრობლემის მოგვარება". "ინდივიადუალურად იქნეს შესწავლილი ყველა დევნილის სურვილი და ინტერესი. ვიღაცას სოფლად დასახლება ურჩევნია, ვიღაცას კორპუსებში. ამიტომ ისეთი მიდგომა კი არ უნდა იყოს, როგორიც დღეს არის, თვითონ რომ წყვეტენ, სად უნდა გაგვიშვან. ცხვრები კი არა ვართ",  "თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წყალტუბოელი დევნილებისთვის  თუ განხორციელდება ისეთი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას",  "როგორია თქვენი ახლო და სამომავლო გეგმები და ხედვები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში".

მაჟორიტარობის თითოეული კანდიდატი საზოგადოებას დევნილთა პრობლემების გადაჭრის შესახებ საკუთარი პარტიის ხედვას და პრიორიტეტებს აცნობს. 

პავლე კიკალეიშვილი ამბობს, რომ ის კარგად იცნობს წყალტუბოში მცხოვრები დევნილების პრობლემებს, რადგან ბოლო თორმეტი წელიწადი სანატორიუმ "იმერეთის" დირექტორად მუშაობდა. განსახლების პროცესი, პრობლემები ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით, პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, მაღალი ტარიფები, ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა და განათლება, დასაქმების პრობლემები - ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას მაჟორიტარობის კანდიდატი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით იგი დასძენს: "ისე უნდა გაძლიერდეს და ამოქმედდეს ეკონომიკა ქვეყანაში, რომ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები იძულებულები შეიქნენ, დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნით. უნდა გააქტიურდეს სახალხო დიპლომატია. არ უნდა დაგვავიწყდეს კონფლიქტში რუსეთის როლი და მასთან მიდგომებიც უნდა გადაიხედოს. სამუშაო ძალიან ბევრია. მზა რეცეპტი დევნილების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხვალვე დასაბრუნებლად არ არსებობს".

გოგა ასათიანის თქმით, მათი პარტიის პროგრამის სათაურია "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად". "ახალი მემარჯვენეები" შეეცადნენ ყველა იმ საკითხს შეხებოდნენ, რომელიც დღეს ქართველ ამომრჩეველს აწუხებს. ეს არის ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობა, ბიზნესსა და ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები, გადასარჩენი ქართული სოფელი და სოფლის მეურნეობა. "დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ტერიტორიული მთლიანობა მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. კარგად გვესმის, რომ იმისთვის, რათა ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, აფხაზებს და ოსებს დავანახოთ, თუ როგორ ვექცევით ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც დევნილი ჰქვია, როგორ პირობებში ვაცხოვრებთ ამ ადამიანებს და რას სთავაზობს მათ სახელმწიფო და საზოგადოება".

აკაკი ბობოხიძე - "ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება, ვფიქრობ, რომ ძალიან ნათელია. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკვე რვა წელია  ხელისუფლებაში ვართ და არა მარტო წინასაარჩევნოდ, ჩვენი ცხოვრებით უამრავ კითხვაზე გავეცით დამაკმაყოფილებელი ან არადამაკმაყოფილებელი პასუხი. იმიტომ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ ვითარდებოდა და ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. ვაღიარებთ, რომ უამრავი პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელი გვაქვს, მაგრამ რაც მთავარია, მოვაგვარეთ უმთავრესი პრობლემა, შევქმენით სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი. შევქმენით მთავარი ბერკეტი და იარაღი იმისა, რომ ყველა იმ პრობლემაზე, რაც ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, დავიწყოთ სერიოზული მუშაობა. წყალტუბოში მცხოვრები თითოეული დევნილი, თუ მას სურვილი ექნება დარჩეს წყალტუბოში, სხვაგან არ იქნება გადაყვანილი და ამაზე თუ დეპუტატი გავხდი, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით პასუხისმგებელი ვიქნები ჩემი სადეპუტატო მანდატით. წყალტუბოში ახლა ორი პროექტი ემთხვევა ერთმანეთს: ერთია სახელმწიფო პროგრამა დევნილთა განსახლების შესახებ, მეორე - წყალტუბოს, როგორც კურორტის რეაბილიტაციის პროგრამა. წყალტუბოს, როგორც კურორტის რეაბილიტაციის პროცესის სისხლხორცეული შემადგენელი ნაწილია დევნილების განსახლება. ჩვენ არ ვაპირებთ სასტუმროების რეაბილიტაციას ვინმეს თვალის გასახარად. ვაპირებთ იმიტომ, რომ იმ გახარებულმა თვალმა რაც შეიძლება მეტი თანხა მოიტანოს და რაც შეიძლება მეტი თანხა შევიდეს ქვეყნის ბიუჯეტში. სამწუხაროდ, ერთდროულად გვიხდება ორი ამოცანის გადაწყვეტა - როგორ გავახაროთ იმისი თვალი, ვინც ფულის დასახარჯად არის მზად და იმავდროულად, როგორ მოვიპოვოთ ეს ფული იმ ადამიანებისთვის, ვისაც თვალის გასახარებლად არ სცალია და ყოველდღიური პრობლემები აქვს. წყალტუბოს დაუბრუნდება თავისი ძველი ფუნქცია, საკურორტო ქალაქის ფუნქცია, რაც უამრავ სამუშაო ადგილს მოგვცემს".

პაატა ზაქარეიშვილი - "ჩემი საქმიანობა მიმართული იქნება დევნილთა უფლებებზე, მათ ინტეგრაციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით და შემდგომ უკვე მათ დაბრუნებაზე. როგორც კი მოვალთ, ყველა განსახლებულ დევნილს პირველივე თვეში დაუკანონდება მიღებული ფართები. ჩვენი ამოცანაა, ყოველი დევნილი გახდეს მესაკუთრე და გაუთანაბრდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჰქონდეს საკუთრება. კერძო სექტორში ჩასახლებულ ადამიანებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ, ბინა მიიღონ კორპუსებში თუ სოფლად. ჩემთვის, როგორც წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის, უპირატესი იქნება ჩემი ამომრჩევლის ინტერესების დაცვა, იქნება ეს დევნილი თუ არადევნილი. წყალტუბოში მართლაც მოსალოდნელია სერიოზული აღმშენებლობითი პროცესი. მე როგორც დეპუტატს, არ მექნება ფული სანატორიუმის ასაშენებლად, მაგრამ მექნება საკმაოდ დიდი ძალა, რათა გავაკონტროლო, თუ ვინ ააშენებს და ვის დასაქმებს აქ. ჩემი პირობაა, წყალტუბოში პირველ რიგში, თუ საწინააღმდეგო დასაბუთება არ იარსებებს, წყალტუბოელები დასაქმდნენ".

ფოთში გამართულ შეხვედრაზე დარბაზიდან მოწოდება გაისმა სწორი არჩევანის გაკეთების შესახებ. დისკუსიის მოდერატორმა ნინო კალანდარიშვილმა მაშინ განმარტა, რომ შეხვედრის მიზანი არა სწორი, არამედ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაა. პროექტის, "დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში", მიზანსაც ეს წარმოადგენს - შეხვედრებმა ხელი უნდა შეუწყოს დევნილთა ჩართულობის გაძლიერებას მათივე პრობლემების მოგვარების პროცესში, მათ თანამონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში და თავიანთი აქტიურობით ინფორმირებული და გააზრებული არჩევანი გააკეთონ.