კოკოითის ოპოზიციის რუბიკონი

რუსული ოპოზიციის მიერ გამოცხადებული “რისხვის დღე”, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები იგეგმებოდა, კოკოითის ოპოზიციისთვისაც ერთგვარ რუბიკონად უნდა ქცეულიყო. ოპოზიცია ცხინვალში ფართომასშტაბიანი მიტინგის გამართვას გეგმავდა და ამბობდა, რომ ეს დღე კოკოითის დასასრულის დასაწყისი უნდა გამხდარიყო. მანამდე ოპოზიცია მხოლოდ მოსკოვსა და ვლადიკავკაზში ახერხებდა მიტინგების გამართვას. თუმცა, როგორც იტყვიან, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.

ცხინვალის მერიამ ოპოზიციას შენობა გამოუყო, სადაც მათ საქართველო-ოსეთის ომში დაზარალებულ ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებოდათ. ოპოზიციას სწორედ რომ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების იმედი აქვს, მათი, ვისაც 2008 წლის ომის დროს სახლები დაენგრათ და ახლა ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ არიან.

რესპუბლიკაში 600-ზე მეტი კერძო სახლი განადგურდა. გასულ წელს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ნახევარს აღადგენდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 10 პროცენტზე ოდნავ მეტია მზად.

უსახლკაროები, რომლებიც ცხოვრობენ კარვებში ან მეზობლებთან, ფეთქებადსაშიში მასაა. ერთხელ მათ უკვე სცადეს მთავრობის სახლთან პიკეტის მოწყობა, მაგრამ ეს აქცია მალევე დაიშალა და ამ მუხტის გამოყენება ოპოზიციამ ვერ შეძლო. 

მიტინგზე თითქმის არავინ მივიდა, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო. მართალია, ვირტუალურ ქსელში (Live Journal) სამხრეთი ოსეთის ოპოზიცია ფართოდაა წარმოდგენილი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მათ ცოტა მომხრე ჰყავთ. ამ მიტინგზე თვით ოპოზიციის ლიდერები _ ალბერტ ჯუსოევი და ალექსანდრ ბარანკევიჩი არ გამოცხადდნენ.

კოკოითის ოპოზიციის მთავარი სპონსორი და ლიდერია მოსკოველი მეწარმე, კომპანია “სტროიპროგრესის” ხელმძღვანელი ალბერტ ჯუსოევი. მისმა ფირმამ სამხრეთ ოსეთში გაზსადენი დაამონტაჟა. ასევე ოპოზიციის ლიდერები არიან თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლატ თადეევი და აგვისტოს ომის გმირი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ანატოლი ბარანკევიჩი.

სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკაში არც ერთი მათგანი არ სარგებლობს პოპულარობით. ჯუსოევი წარმოშობით კვაისას ხეობიდანაა და იქაური მოსახლეობის უმრავლესობა მას მხარს უჭერს. 

მათ ცხინვალში “მოსკოვურ ოპოზიციას” ეძახიან -  ეს  ძირითადად ის ხალხია, ვინც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში რესპუბლიკა დატოვა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად გაემგზავრა; ან კიდევ - კოკოითის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თანამდებობებიდან განთავისუფლებული მინისტრები.

ოფიციალურად სამხრეთი ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ 2011 წლის ნოემბერში უნდა ჩატარდეს. თუმცა “მოსკოვური ოპოზიცია” ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. მათი აზრით, მაისი-ივნისი გადამწყვეტი პერიოდია.

“მაისი-ივნისი გადამწყვეტი იქნება - ყველაზე შესაფერისი დრო ქუჩის აქციების ჩასატარებლად, - ამბობს ერთ-ერთი ოპოზიციონერი,  სამხრეთი ოსეთის ექს-პრემიერი ოლეგ თეზიევი, - რესპუბლიკაში სიტუაცია ძალიან გამოცოცხლებულია და წლობით დაფარულმა უკმაყოფილებამ შეიძლება ნებისმიერ მომენტში იჩინოს თავი”.

ექსპერტების აზრით, მოცემული ვადები იმიტომ სახელდება, რომ რესპუბლიკაში ჯერაც არაა დასრულებული 2008 წლის ომის შემდეგ დანგრეული ობიექტების აღდგენითი სამუშაოები. სამშენებლო ორგანიზაციების განცხადებით, ძირითადი სამუშაოები 2010 წლის სექტემბერში დასრულდება, და ეს უკმაყოფილების ტალღაც ჩაცხრება.

ოპოზიციისადმი მოსახლეობის უნდობლობას ისიც იწვევს, რომ ოპოზიციას  პოლიტიკური პროგრამა არ გააჩნია. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ის არ ხმაურდება. ერთადერთი, რასაც ისინი ამბობენ, _ “კოკოითი უნდა წავიდეს!” ეს ყველაფერი ძალიან წააგავს საქართველოში არსებული  ეგრეთ წოდებული სამხრეთი ოსეთის ალტერნატიული მთავრობის აქციებს “კოკოითი ფანდარასტ!”

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხალხს ოპოზიციური მოსაზრების ღიად გამოხატვა არ სურს, რადგან ეშინიათ პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების მსხვერპლნი არ გახდნენ. 

ამასთან, ომგამოვლილ ხალხს ძალიან ეშინია შიდა არეულობის და სტაბილურობის მომხრეა. აქ ფიქრობენ, რომ შიდა არეულობები მხოლოდ თბილისის წისქვილზე დაასხამს წყალს.

რა თქმა უნდა, რესპუბლიკის პოლიტიკურ წრეებში კარგად ესმით, რომ საქართველო გეოგრაფიულად სამხრეთი ოსეთის მეზობლად მდებარეობს და ამას ვერსად გაექცევი, მაგრამ ჯერჯერობით ამ ხალხში ყველაფერი ქართული მხოლოდ გაუცხოებას იწვევს. ეს განსაკუთრებით პოლიტიკურ პროექტებს ეხება. მაგალითად, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის”  ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის ცხინვალში ვიზიტი აქ უაღრესად უარყოფითად მიიღეს.

ოპოზიციის უნიათობამ და შიშმა განაპირობა ის, რომ 20 მარტს არავინ არ ისურვა ქუჩაში გასვლა პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად.

ცხინვალის თეატრის მოედანზე შეიკრიბნენ მხოლოდ ჟურნალისტები, რომლებიც სამსაათიანი ლოდინის შემდეგ დაიშალნენ.

კოკოითის მიმართ უკმაყოფილება სამხრეთ ოსეთში ძალიან დიდია. მოსახლეობა განსაკუთრებით უკმაყოფილოა - აღდგენითი სამუშაოებით, ახალი მშენებლობებით, სოციალური პრობლემების ზრდით.

სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკას არ აქვს რევოლუციებისა და ხელისუფლებების გადატრიალების გზით შეცვლის გამოცდილება და პრაქტიკა. სწორედ ამის გაკეთება სურს დღევანდელ ოპოზიციას. 

საპარლამენტო ოპოზიციას ამჟამად სამხრეთი ოსეთის კომუნისტური პარტია წარმოადგენს, რომლის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევი უდავოდ იქნება სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტობის  ერთ-ერთი კანდიდატი 2011 წელს.

რესპუბლიკის ახლანდელი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი უკვე მეორე ვადით იკავებს ამ თანამდებობას, რაც, რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, ზედიზედ მაქსიმალური შესაძლო ვადაა.

დღევანდელი ოპოზიცია არ არის ის ძალა, რომელიც ღირსეულად ჩაანაცვლებდა კოკოითის. ხალხს ცუდსა და უარესს შორის უწევს არჩევანის გაკეთება. შიში და გაურკვევლობა თავისას შვრება - ოსი ხალხი ჯერჯერობით სიმშვიდესა და სტაბილურობას ირჩევს. 

სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია და გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არა "ლიბერალს" და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს.