ნებისა და ლოგიკის უქონლობა

ნებისა და ლოგიკის უქონლობა

ნებისა და ლოგიკის უქონლობა

ქართველი რეჟისორის მამუკა ყუფარაძის ფილმი “ნების უქონლობა” მთავარ თემად იქცა აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ ფილმის განხილვა იმ დარბაზის ფარგლებსაც გაცდა, სადაც მისი ჩვენება შედგა, და  იმ არხსაც, რომელზეც მისი ტრანსლირება მოხდა. წელიწადზე მეტი ხნის წინათ საქართველოში გადაღებული ეს ფილმი დღეს აფხაზეთში მასობრივი პოლიტიკური ისტერიის საბაბი გახდა.

ისტერია წამოიწყო პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, “აფხაზეთის ნაციონალური ერთობის ფორუმის” წარმომადგენელმა დაურ არშბამ, რომელმაც თავის განცხადებაში ამ ფილმის აფხაზეთში ჩვენებასb “ქართული სტრატეგიის გატარება” უწოდა.

შემდეგ ტელევიზიასთან შეიკრიბნენ აფხაზ დედათა მოძრაობის “მშვიდობისა და სოციალური სამართლის” წარმომადგენლები, და ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით ასევე გამოთქვეს კრიტიკული მოსაზრებები.

მიუხედავად იმისა, რომ კარგად მესმის და ვიზიარებ იმ ქალბატონების სატკივარს, რომლებმაც საქართველოსთან ომში შვილები დაკარგეს, მათმა განცხადებებმა მაინც შოკი მომგვარა. თუმდაც იმიტომ, რომ ისინი იმ ტელევიზიას კი არ “ერჩოდნენ, რომელმაც ეს ფილმი გაუშვა, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფილმის განხილვას დაესწრნენ. სწორედ ქართულ-აფხაზური ომის შესახებ დისკუსია და დიალოგი გახდა მათთვის მიუღებელი. “მოღალატეები”, “ქვეყნის შემარცხვენლები”, “საქართველოს წისქვილზე წყლის დამსხმელები” - ასე უწოდეს ყველას, ვინც ამ დისკუსიაში მონაწილეობდა.  არადა, ეს ფილმი ნახა და განიხილა ასლან კობახიამ, აფხაზეთის ომის გმირმა, ღირსეულმა ადამიანმა, რომელიც ასევე “საქართველოს მეგობრად” მოიხსენიეს.

არც ერთ კრიტიკოსს არ გასჩენია კითხვა, თუ როგორ მოხვდა ეს ფილმი რეპუბლიკის პრეზიდენტის მიერ კონტროლირებად არხზე, თუკი ის ასეთი მავნებელია აფხაზური საზოგადოებისთვის.
რაც ყველაზე სამწუხაროა, არც ერთ კრიტიკოსს არ შეუფასებია თავად ფილმი. არადა, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ძალიან სასარგებლო და კარგი ფილმია. ეს ფილმი არის საქართველოში მომხდარი ომების ჭეშმარიტი მიზეზის ძიების უიშვიათესი მცდელობა. ეს არის პირველი ფილმი, სადაც ქართველები(!) უშვებენ იმ აზრს, რომ აფხაზეთს შეუძლია იყოს დამოუკიდებელი(!!!) და აქვს უფლება იბრძოლოს დამოუკიდებლობისთვის. ეს არის ფილმი, სადაც ლაპარაკია საქართველოს ხელისუფლების, მისი ელიტისა, და ზოგჯერ მთელი ერის  იმ უპასუხისმგებლო ქმედებებზე, რამაც უახლოეს წარსულში ასეთ ტრაგიკულ და სისხლიან მოვლენებამდე მიგვიყვანა.

და ბოლოს, ეს არის ფილმი, რომელსაც დღემდე არ უჩვენებენ საქართველოს ნაციონალურ ტელეარხებზე, რადგან ეშინიათ.

გულდასაწყვეტია, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ პოლიტიკური ქულების დაგროვების სურვილმა, საკუთარი ხელმძღვანელების მხარდაჭერის, ან უბრალოდ პირადი ანგარიშსწორების ჟინმა ამ ფილმის შინაარსობრივი მხარე შეუმჩნეველი დატოვა.

მოკლედ, ახალშობილი დაღვრილ წყლებს გააყოლეს. წარმოუდგენელია, თუ როგორ გამოიწვია “ნების უქონლობამ” ლოგიკის ასეთი უსაშველო უქონლობა აფხაზურ საზოგადოებაში. სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის დღეს მზად, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდეს. არ არის მზად მტკივნეულ თემებზე დიალოგისთვის.  

სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს, და არა “ლიბერალს”.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება