ორი ალანია

როკის გვირაბი

ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ოსები ცხოვრობენ, რომლებიც საუბრობენ ერთი ენის განსხვავებულ დიალექტებზე. მათ შორის ხშირია ნათესაური კავშირები.

ბოლო დროს გავრცელებული პრაქტიკაა საცხოვრებელი ბინის შეძენა როგორც სამხრეთში, ისე - ჩრდილოეთში. ამიტომ ხშირად ძნელია სამხრეთიდან  ჩრდილოეთში მიგრაციის განსაზღვრა, რადგან ბევრი მოქალაქე ერთდროულად ორივე რესპუბლიკაში ცხოვრობს.

ერთნაირია ამ ორი რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკაც: დროშა და ღერბი. მხოლოდ ჰიმნები აქვთ განსხვავებული.

წინასაარჩევნო კამპანიების დროს, ორივე რესპუბლიკაში (განსაკუთრებით, სამხრეთში) პოლიტიკოსების საყვარელი თემაა ორი ოსეთის გაერთიანების იდეა.

მაგალითად, 2006 წლის ივნისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ "ჩვენი ბრძოლის საბოლოო მიზანია ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთის გაერთიანება. და რუსეთის ფედერაციაში შესვლა".

თუმცა, ამ პოპულისტური განცხადებების მიღმა, თითქმის არაფერი დგას, რადგან ორი რესპუბლიკის საზოგადოებებში მეტი განსხვავებაა, ვიდრე - საერთო.

მათ შორის არის სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. თუ ჩრდილოელი ოსებისათვის საქართველო მეზობელია, რომელთანაც შეიძლება ურთიერთობების აწყობა, მუშაობა და, უმეტესწილად, სადავო საკითხებიც არ არსებობს, სამხრეთ ოსებისათვის საქართველოსთან ურთიერთობა, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამო, ნეგატიურად აღიქმება.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსები რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისითაც განსხვავდებიან.

მაგალითად, მნიშვნელოვან წყალგამყოფად იქცა ბესლანის ტრაგედია, როცა 2004 წელს მძევალთა გათავისუფლების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ჩრდილო ოსურ სკოლაში 330 მძევალზე მეტი დაიღუპა, უმეტესობა - ბავშვები.

ბესლანის ტერაქტის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის პოლიტიკურად  აქტიური ნაწილი რუსეთის მმართველი კლასის და ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის - მიმართ საკმაოდ კრიტიკულად განეწყო.

მაგალითად, 2007 წლის ნოემბერში რესპუბლიკის ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა ჩრდილოეთ ოსეთის ცნობილი პოლიტიკოსის - ბესარიონ ასეევის მანიფესტი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას სასტიკად აკრიტიკებდა. ოსი პოლიტიკოსის  მიზნად "პოლიტიკურ-სამართლებრივი გზებით სუვერენული, აყვავებული, დემოკრატიული ოსური სახელმწიფოს შექმნა" სახელდებოდა. ამასთანავე, ასეევმა ჩრდილოეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებში ასობით ამომრჩევლის ხმა მოიპოვა.

იმ დროს, როცა ჩრდილოეთ ოსეთში ეს ტრაგედია დატრიალდა, სამხრეთ ოსეთში რუსეთის ან პუტინის გამკრიტიკებელი პოლიტიკოსის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. მეტიც, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციაში შესვლის სურვილს ღიად გამოთქვამდა.

ამ კონკრეტულ სიტუაციას სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ ოსეთში სრულიად განსხვავებული გამოძახილი ჰქონდა.

ჩრდილოეთ ოსეთისათვის სამხრეთ ოსეთის ომები უმეტესწილად "სხვის ომებად დარჩა". ისევე, როგორც ბესლანის ტრაგედია იქცა "სხვის ტრაგედიად" სამხრეთ ოსეთისათვის.

2008 წლის აგვისტომდე საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში ჩრდილო ოსების არსებითი მონაწილეობა არ დასტურდება.

90-იან წლებში ქართულ-ოსურ კონფლიქტში ჩრდილოეთიდან, უკიდურეს შემთხვევაში, ათობით მოხალისე თუ წავიდა.

ჩრდილო ოსები, ტრადიციულად, საკუთარ პოლიტიკურ კონსერვატიზმს და რუსეთის შემადგენლობიდან გასვლის სეპარატისტული ტენდენციების არქონას მომგებიანად და ბრძნულად მიიჩნევენ, რაც მათ სტაბილურობის  გარკვეულ დონეს ანიჭებს. ამიტომ ისინი, არც თუ იშვიათად, გმობდნენ სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმს, ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, და ხშირად სამხრეთ ოსებს თავიანთ პრობლემებში ადანაშაულებდნენ.

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჩრდილოეთ ოსეთიდან თავის ბლოგზე დაწერა: "დადგა დრო, ჩრდილოელმა ოსებმა აღიარონ, რომ  სინამდვილეში სულ არ გვაინტერესებს, რა ხდება სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ისინი არ გვიყვარს. რუსეთში ვცხოვრობთ. თავადაც ბევრი პრომლემა გვაქვს, მათგან კი მხოლოდ ხმაური და თავის ტკივილია."

ჩრდილო ოსების მიერ საკუთარი სამხრეთელი თანამოძმეების ნეგატიურ აღქმზე სერიოზული გავლენა იქონია 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოდან დევნილთა ნაკადის შემოსვლამ. ამ მიგრაციამ რესპუბლიკას ეკონომიკური და სხვა სახის პრობლემები შეუქმნა.

კიდევ ერთი განსხვავება ამ ორ რესპუბლიკას შორის რელიგიური ხასიათისაა. ტრადიციულად, ოსები ღრმად მორწმუნეები არიან. თუმცა, ოსურ გარემოში და პოლიტიკურ კულტურაში ქრისტიანობა და ისლამი სულ უფრო გამოკვეთილ ხასიათს იღებს.

სამხრეთ ოსეთს ისლამური ტრადიციები თითქმის არ გააჩნია, მაშინ, როცა ჩრდილო ოსეთში ისლამი, როგორც წესი, საზოგადოების ნაღების რელიგიას წარმოადგენდა.

თუ გადავხედავთ ჩრდილოეთ ოსეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ ელიტას, ტრადიციულად,  ოსური მუსლიმური კლანის წევრები რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურებში ფართოდ არიან წარმოდგენილი.

თუ გავითვალისწინებთ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული სახელმწიფოს პოლიტიკას, რელიგიური საკითხები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს, მათ შორის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ურთიერთობებშიც.

ორ რესპუბლიკას შორის გართულებულია ეკონომიკური კავშირიც. მაგალითად, დღეისათვის აკრძალულია სამხრეთიდან ჩრდილოეთში ხე-ტყის გატანა, არადა, სამხრეთ ოსეთს წიფლის დიდი მარაგი აქვს. სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან ეკონომიკური კავშირი  ვერ ექნება, გამოდის, რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთი სამხრეთი ოსეთის ეკონომიკურ ბლოკადას ეწევა. ჩრდილოეთ ოსეთს შესწევს ძალა, კრემლის ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს, მაგრამ ის ამას არ აკეთებს.

ექსპერტები ორივე რესპუბლიკაში აღიარებენ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის კონსოლიდაციის ხარისხი ძალიან დაბალია.

"მაგალითად, სომხეთის თანამედროვე ნაციონალური იდეა მთლიანად მთიან ყარაბაღზეა ორიენტირებული.  მთელი ნაციონალური მოძრაობა იყო ბრძოლა ყარაბაღის განთავისუფლებისთვის. ჩრდილოეთ ოსეთში ასე არ ყოფილა. აქ  არა აქვთ იმის შეგრძნება, რომ სამხრეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა", - ამბობს ექსპერტი ჩრდილოეთ ოსეთიდან - იგორ დულაევი.

ამას ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი მამსუროვიც აღიარებს. რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ერთხელ თქვა: "როცა მე და ჯაბეევიჩი (ედუარდ კოკოითი) ვსხედვართ და გულახდილად ვლაპარაკობთ, მე ვეუბნები - ვერ წარმომიდგენია, რომ სამხრეთ ოსეთი მართლა სახელმწიფოა".

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.