ფემინიზმი. შეკრების ადგილი

8 მარტს კონფერენციის მონაწილეები შეუერთდნენ „ოფენზივას“ მიერ ორგანიზებულ მსვლელობას კიევის ცენტრში, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო - „შეწყვიტეთ უთანასწორობის დამალვა ტრადიციების უკან!“

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციაში „ფემინიზმი. შეკრების ადგილი“, რომელიც 2013 წლის 5-7 მარტს კიევში ბიოლის ფონდის უკრაინის ოფისის მხარდაჭერითა და ფემინისტური ორგანიზაციის „ოფენზივა“ ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს: ეკა აღდომელაშვილმა (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი), ნინო გამისონიამ („დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფი“, „პარტიზანი გოგოები“) და ელვირა მელიქსეტიანმა (სომხეთის ქალთა რესურს ცენტრი).

2013 წლის 5-7 მარტს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა მესამე საერთაშორისო კონფერენცია „ფემინიზმი. შეკრების ადგილი“. კონფერენცია საღამოს დისკუსიების ერთგვარი სერია იყო, რომელმაც გააერთიანა აქტივისტები და მკვლევარები აღმოსავლეთ ევროპიდან. ეს იყო ადგილი, სადაც საუბრობდნენ რადიკალური, ანარქო და ქვიარ-ფემინისტები. კონფერენციის მიზანი იყო ფემინიზმის პოლიტიკისა და პრაქტიკის გაერთიანება, ასევე, ქალური ნარატივის რადიკალიზაცია და საზოგადო სივრცის შექმნა გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კონფერენციაზე ასევე განიხილებოდა ლგბტ ჯგუფებისა და ფემინიზმის თანამშრომლობის საკითხები, ძალადობა ქალებზე და ქვიარ-სექსუალობის ემანსიპირების საკითხი. ამ თემებზე, ძირითადად დუმან, იშვიათად განიხილავენ აკადემიურ წრეებში და მედიაში; ეს თემები ვერ ხდება საზოგადო განხილვის საგანი.

მოწვეული მონაწილეების თეორიული განხილვები უშუალოდ დაკავშირებული იყო მათი ფემინისტური მოძრაობის, პოლიტიკისა და აქტივიზმის გამოცდილებასთან. კონფერენციაზე კი ყველა ეს საკითხი „პრაქტიკული ოპტიკის“ თვალსაზრისით განიხილებოდა.

კონფერენციის პირველი დღე დაეთმო ისეთი საკითხის განხილვას, როგორიცაა „შესაძლებელია თუ არა ლგბტ ემანსიპაცია ფემინიზმის გარეშე? შესაძლებელია თუ არა ფემინიზმი ლგბტ პოლიტიკის გარეშე?“

სესიას სამი მომხსენებელი ყავდა: ეკა აღდგომელაშვილი საქართველოდან, ორგანიზაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი; ოლია ბურკო - ორგანიზაცია „Gender Rout” ბელორუსიიდან; და ელვირა მელიქსეტიანი სომხეთის ქალთა რესურს ცენტრიდან.

პრეზენტაციებს დისკუსია მოჰყვა: ლგბტ ჯგუფები ხშირად თვითონ მიმართავენ ჰომოფობიურ რიტორიკას და ეგუებიან არსებულ სიტუაციას. ამით ისინი კარგავენ ემანსიპირების პოტენციალს.  ისინი ხშირად მხარს უჭერენ სახელმწიფოს იმისათვის, რომ მიიღონ „სამართლებრივი სარგებელი“ და ამდენად, ისინი სახელმწიფოზე დამოკიდებული ხდებიან; ეს კი ხელს უშლის მათ განთავისუფლებასა და წინააღმდეგობის გაწევის უნარს.

ამიტომაც ლგბტ თუ სხვა ჯგუფების წინაშე დგება საკითხი: შესაძლებელია თუ არა ემანსიპაცია რადიკალური მიდგომის გარეშე? რა ურთიერთობა აქვთ ლგბტ ჯგუფებსა და ფემინისტებს პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში (როგორ აიდენტიფიცირებენ ეს ჯგუფები საკუთარ თავს ფემინიზმთან მიმართებაში?)

კონფერენციის მეორე დისკუსია ეხებოდა ქვიარ-სექსუალობის ემანსიპაციას - „ქვიარ-სექსუალობა: კერძო პრაქტიკიდან პოლიტიკურ აქტამდე“.

სესიის მონაწილეები იყვნენ: ტანია შჩურკო - „Gender Rout”, ბელორუსი; და რებეკა ლაიტლაინი და ქორთნი კელნერი - „Radical Queer Affinity Collective“, უნგრეთი.

სესიის მიზანი იყო ქვიარ-სექსუალობის განხილვა კერძო პრაქტიკის ჭრილიდან პოლიტიკურ აქტამდე, ასევე, პოსტ-სოციალისტური ქვიარ-ჯგუფების საქმიანობა, მათი ზეგავლენა საზოგადოებაზე და სოციალური რეაქცია მათ საქმიანობაზე.

დიკუსიის დროს ბევრი საინტერესო საკითხი წამოიჭრა: არის თუ არა ქვიარ-სექსუალობა მისი არსით ემანსიპაციის ხელშემწყობი? არღვევს თუ არა ის ჰეტერო-ნორმატიულობის სტრუქტურას, თუ ის მხოლოდ გარკვეულ კონტექსტში არსებობს? სჭირდება თუ არა ქვიარ-სექსუალობას კონტექსტი და როგორი უნდა იყოს ის?

კონფერენციის ბოლო სესია გენდერული ძალადობის თემას მიეძღვნა - „ქალების ვიქტიმიზაცია თუ ემანსიპაცია?“

თემის ირგვლივ მოხსენებები გააკეთეს: ნინო გამისონიამ - „დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფი“, „პარტიზანი გოგოები“, საქართველო; ელვირა მელიქსეტიანმა - „სომხეთის ქალთა რესურს ცენტრი“, სომხეთი და მარინა ვინნიკმა - „მოსკოვის ფემინისტთა ჯგუფი“, რუსეთი.

თანამედროვე მედია სტატიებში ქალების მიმართ ძალადობაზე და ამ თემაზე ყოველდღიურ საუბრებში ქალი ჩნდება როგორც მსხვერპლი. დისკუსიის ძირითადი განხილვის მიმართულება იყო, თუ როგორ უნდა იქნას ძალადობა განხილული მსხვერპლის პარადიგმის გარეთ და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ გაუპატიურების კულტურას. სესიის დროს ასევე ნაჩვენები იყო მარინა ვინნიკის მოკლემეტრაჟიანი ფილმები ძალადობაზე.

8 მარტს კონფერენციის მონაწილეები შეუერთდნენ „ოფენზივას“ მიერ ორგანიზებულ მსვლელობას კიევის ცენტრში, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო - „შეწყვიტეთ უთანასწორობის დამალვა ტრადიციების უკან!“ მსვლელობა, რომელსაც ანარქო-ფემინისტები და ბევრი დაინტერესებული მოქალაქე შემოუერთდა, თითქმის 3 საათს გაგრძელდა.