ფოცხო-ეწერსა და წალენჯიხაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან ერთად

2011 წლის 24 სექტემბერი. წალენჯიხის რაიონი. სოფელი ფოცხო-ეწერი. სასტუმრო "ენგურჰესის" საკონფერენციო დარბაზი მალე ივსება. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი დევნილებისთვის ადამიანის უფლებების თემაზე დისკუსიას მართავს.

ბეჟან მალაზონია, დევნილი გალიდან - ფოცხო-ეწერში ჩემს ოჯახთან ერთად 1993 წლიდან ვცხოვრობ, ადრე ენგურჰესზე ვმუშაობდი, ამიტომ აქ დავსახლდი და ახლაც აქ ვმუშაობ. ძველ და ახალ დევნილებზე საუბრობთ, მაგრამ დევნილები ვინ გაყო. სახელმწიფო ერთია და დევნილიც დევნილია. ტურისტებს მოსწონთ აქაურობა, იმიტომ რომ ლამაზია, მაგრამ ამ გაჭირვებულმა ხალხმა რა ქნას. მიწა აქ არ არის, როგორ ბინებშიც შეასახლეს, ამას თავადაც ხედავთ. თავიდან არც წყალი ჰქონდათ და არც დენი. ყველას გვაქვს გაჭირვება, მაგრამ ჩვენი ამათთან რა მოსატანია. ჩვენ, ვინც აქ დიდი ხანია ვცხოვრობთ, დროთა განმავლობაში ასე თუ ისე მოვიკიდეთ ფეხი. ზოგმა ძროხა იყოლია, ზოგმა ქათამი და ფუტკარი. რაც ესენთბილისიდან ჩამოასახლეს, ჩვენი არსებობაც გაახსენდათ. ერთი კია, მათთვის დახმარება რომ ჩამოდიოდა, ჩვენ უარს გვეუბნებოდნენ, სიაში არ წერიხართო. რა სიაში უნდა ვეწეროთ?

ნინო თავდგირიძე - 9 აგვისტოს სამსახურიდან რომ დავბრუნდი, ხალხი ქუჩაში იდგა. სამართალდამცავები მოსულიყვნენ და გაეფრთხილებინათ, დილის 6 საათისათვის გავმზადებულიყავით. სად უნდა წამოვსულიყავით, ამის შესახებ არაფერი უთქვამთ. ეს ჩემთვის პირველი გამოსახლება არ ყოფილა. 2006 წელს ჯერ ბათუმიდან გაგვასახლეს. მერე თბილისში მოვხვდით. აქ ორი ბავშვით ჩამოვედი. ჩემს შვილს დიაბეტი აქვს.  მერჩივნა, აქაურ სკოლაში ესწავლა, მაგრამ აქ განათლებას ვერ მიიღებს. სკოლის გარემონტებას საშველი არ დაადგა. გაყინულ სკოლაში ბავშვი როგორ მეტარებინა. იმაზე იფიქროს, რომ სცივა და ერთი სული აქვს, გაკვეთილები როდის დამთავრდება თუ იმაზე, რომ რამე ისწავლოს?

ნატო ქარდავა, სკოლის მასწავლებელი - ძნელია გაკვეთილის ჩატარება, როცა ბავშვი სკოლაში უჭმელი მოდის. ისეთი შემთხვევაც გვქონია, გაკვეთილზე შიმშილისგან გული შესწუხებიათ. მაგრამ სწავლების დონეზე ნურაფერს იტყვიან. პირობებიც ნელ-ნელა გაუმჯობესდა. მერხებიც მოიტანეს და კომპიუტერიც. ფანჯრებში შუშებიც ჩასვეს, კარიც ჩამოკიდეს. წყალი კი ჩამოდის, მაგრამ გვითხრეს, გარემონტდებაო, ველოდებით. ფოცხო-ეწერის სკოლაში დღეს 25 ბავშვი დადის.

ერთ ორგანიზაციას პროგრამა ჰქონდა, ბავშვებისთვის სკოლაში ფუნთუშები მოჰქონდა. მერე შეწყდა. ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა დახმარება იყო მათთვის.

კუკური გოგოხია, დევნილი ოჩამჩირიდან - აქ თბილისის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადმომიყვანეს. დიაბეტი მაქვს. თბილისში დიაბეტურ ცენტრში ვიყავი აღრიცხვაზე. წამლებსაც დროულად მაწვდიდნენ. მერე უცებ აქ ჩამოგვიყვანეს. ჩემს ოთახში არ შეისვლება, წყალი ჩამოდის. ექიმი გვყავს, მაგრამ წამლები არ არის. ცარიელი ამბულატორია რას გვიშველის. სხვა არაფერი მინდა, ერთი საწოლი რომ დაეტევა იმხელა ოთახი მომცენ თბილისში, რომ ექიმებთან ახლოს ვიყო. არც ნათესავი მყავს, რომ ვინმემ ხელი გამიმართოს.

ვერონიკა ცაავა - აქ ბევრი ახალგაზრდაა. რა უნდა ვქნათ, არც დასაქმების საშუალებაა, არც განათლების მიღების. მარტო კომპიუტერების ჩამოტანა არაფერს მოგვცემს. რაიმე აზრი ხომ უნდა ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებას.

ჯაბა შენგელია - წალენჯიხის გამგეობამ საკუთარი სახსრებით გაგვიმართა ხელი. თქვენ პირველი ორგანიზაცია არ ხართ, რომელიც ჩვენს დასახლებაში ამოვიდა. დაღლილ და გაჭირვებულ ხალხს კონკრეტული პასუხები გვჭირდება.

ლამარა უბირია, დევნილი ოჩამჩირიდან - 18 წელიწადი ვიცხოვრე თბილისში. აქ გამოსამგზავრებლად რამდენიმე საათი მომცეს. ავტობუსში ვიჯექი და ზუსტად სად მოვდიოდი, არ ვიცოდი. ფოცხო სენაკის რაიონში გამეგონა. მეგონა, იქით მივყავდით.  ზუგდიდს რომ გამოვცდით, მერე მივხვდით, სად გვასახლებდნენ. რომ ჩამოვედით, ერთადერთი წალენჯიხის რაიონის გამგეობა იყო, ვინც ყურადღება მოგვაქცია. ისინი გვაწვდიდნენ საჭმელსაც და პირველადი მოხმარების ნივთებსაც. მთავრობის ხალხი სხვა აქ არავინ მინახავს. ყველას აქვს თავისი უფლებები, ჩვენც ხომ უნდა გვქონოდა ჩვენი უფლება.

ფოცხო-ეწერელ დევნილებთან ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბარი ძნელია. მათი ნაწილი აქ ჯერ კიდევ 1993 წლიდან ცხოვრობს, ნაწილიც 2010 წლის აგვისტოში თბილისიდან ჩამოასახლეს. ამ სოფლის არსებობის შესახებაც ბევრისთვის მაშინ გახდა ცნობილი. გამოსახლებისა და მერე უკვე განსახლების პროცესშიც დაშვებულ დარღვევებზე საქართველოში 2010 წლისთვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშიც არის საუბარი: "ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა დევნილთა გამოსახლების მარეგულირებელი სპეციალური პროცედურების არარსებობა იყო. დევნილების უმეტესობა მიუთითებდა,  რომ მათ შენობების დაცლისთვის გონივრული ვადა არ მიეცათ... დევნილებს,  რომლებიც ალტერნატიულ განსახლებას ექვემდებარებოდნენ,  არ ჰქონდათ ინფორმაცია ალტერნატიული საცხოვრებლის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მათ მხოლოდ გამოსახლების დღეს მიაწოდეს... აშკარაა, რომ მათ გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდათ."

დევნილები სხვა პრობლემებზეც საუბრობენ. როგორც ნაირა ქობალია ამბობს, ის სხვის სახელზე გაფორმებულ ბინაში შეასახლეს. 6 თვეა, უშუქოდ ცხოვრობს. ამაზე სხვებიც საუბრობენ. ამბობენ, რომ დენის ქვითარი სხვა ადამიანის სახელზე მისდით და ერთი წელია, ეს საკითხი ვერ მოუგვარებიათ.

არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ  მთავარი სხვა რამეა. "ბავშვები ისეთ დროში გაიზარდნენ, მათთვის სამართლის და უფლებების სასწავლებლად არავის ეცალა. ელემენტარული საბუთის, განცხადების გაფორმება არ შეუძლიათ. რაღაც რომ სჭირდებათ, ის არ იციან, ვის უნდა მიმართონ, საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. კარგი იქნებოდა, თუნდაც თვეში ერთხელ ვინმე ჩამოსულიყო და აქაური ახალგაზრდებისთვის იურიდიული კონსულტაცია გაეწია", ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

2010 წელს ფოცხო-ეწერში 14 კორპუსის გასარემონტებლად მილიონობით თანხა დაიხარჯა. თუმცა რეგისტრირებული დევნილების დიდმა ნაწილმა აქაურობა უკვე დატოვა. ნაწილი გალის რაიონშია გადასული. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთი" წარმომადგენელი და "საუნჯეს" გამგეობის თვმჯდომარე იაგო  ფასანძე ამბობს, რომ ყველაზე მძიმე მაინც ის იყო, რომ ჩამოსახლების მერე დევნილებს ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო პირობები არ დახვედრიათ. ერთი თვე დენი არ მიეწოდებოდათ და გამგეობის მიერ შეძენილი სანთლის შუქზე მოუწიათ ცხოვრება. რას ითხოვენ აქ მცხოვრები ადამიანები - ტრანსპორტს, საბავშვო ბაღს, ბავშვების აღზრდისა და განათლებისათვის შესაფერის პირობებს, მიწის ნაკვეთს, დასაქმებას, ფოცხო-ეწერში თუ არა, ახლომდებარე სოფლებში მაინც, რომ თავის რჩენა შეძლონ. "თუ მათი ცხოვრებისთვის შესაფერისი პირობები არ არსებობდა, დევნილები არ უნდა ჩამოეყვანათ, თუ მაინც ჩამოიყვანეს, ახლა მაინც უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები", მიაჩნია იაგო ფასანძეს. მას აქ კარგად იცნობენ. მისი თაოსნობით ფოცხო-ეწერში ახალგაზრდული ცენტრი "საუნჯე" დაარსდა, ბავშვებისთვის კომპიუტერული ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ფოცხო-ეწერში სკოლამდელი აღზრდის ასაკის 25-მდე ბავშვია. არის ადგილი, სადაც შესაძლებელია ბაღის განთავსება, მხოლოდ ინვენტარია საჭირო. არის სკოლაც, მაგრამ მისთვის თვალის გარედან შევლებაც საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე, შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს თუ არა. ფოცხო-ეწერიდან ბევრს თავისი შვილი ჯვარის საჯარო სკოლაში დაჰყავს. ადრე იყო ტრანსპორტირების პრობლემა, ახლა უკვე უფასოდ ემსახურებათ ავტობუსი.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთი" პროექტების მენეჯერმა ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, რომ ზამთრისთვის მზადება დიდი პრობლემა იქნება. ის შარშანდელ გამოცდილებასაც იხსენებს, როდესაც დევნილებს სახელმწიფომ ჯერ შეშა და ორი თვის მერე ღუმელები დაურიგა. მისივე თქმით, სასურველია გაჩნდეს დასაქმების პერსპექტივაც, ან შემუშავდეს პროექტი შემოსავლების გენერირების კუთხით. კარგი იქნებოდა, აქ მცხოვრები დევნილებისთვის უპროცენტო სესხები გაეცათ მცირე ბიზნესის წამოსაწყებად. ეს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა მათ ცხოვრებას.

"როგორც თავად ამ დევნილებისთვის იყო მოულოდნელი აქ ჩამოსვლა, ასევე მოულოდნელი იყო ეს ჩვენთვისაც. დილის სამ საათზე დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს, ავტობუსებს დავხვედროდით. ასევე მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება ფოცხო-ეწერში ბინების გარემონტების შესახებ. ამდენი ახალი ოჯახის დამატებით დიდი პრობლემა გაჩნდა ბიუჯეტში, რადგან საამისო თანხები არ ყოფილა გათვალისწინებული. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. ეს შეიძლება ზღვაში წვეთია, მაგრამ ადგილობრივმა ბიუჯეტმა რისი საშუალებაც მოგვცა, ყველაფერი გავაკეთეთ" - იხსენებს წალენჯიხის გამგებლის მოადგილე მერაბ ჯინჯოლია. მისივე თქმით, საცხოვრებელი პირობები აქ მართლაც რთულია. რემონტიც დაჩქარებული ტემპით ჩატარდა და არ არის დამაკმაყოფილებელი. ფოცხო-ეწერში არც დევნილთა დასაქმების საშუალებაა, არც მიწაა, რომ ხალხს ნაკვეთები დაურიგო. სკოლაც სერიოზული პრობლემაა. "რამდენჯერმე გავაგზავნეთ შუამდგომლობის წერილი განათლების სამინისტროში, მინისტრისგან სიტყვიერი დაპირება გვაქვს, ველოდებით, რა მოხდება. საბავშვო ბაღისთვის მართლაც არის ფართი, საჭიროა ინვენტარი.  რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩამოსული, მათ შეეძლოთ რაღაც თანხის გამოყოფა, თუმცა მიზანმიმართულად პოლიკლინიკისთვის სურდათ ინვენტარის შეძენა. პოლიკლინიკა, ასე თუ ისე, ფუნქციონირებს. ამიტომ ვთხოვეთ საბავშვო ბაღის აღჭურვაში დაგვხმარებოდნენ, მაგრამ, ამაზე უარი თქვეს. საბავშვო ბაღის გახსნის შემთხვევაში, სახელფასო ფონდი პრობლემა არ იქნება, ამას ადგილობრივი ბიუჯეტი მოაგვარებს", ამბობს მერაბ ჯინჯოლია.

ფოცხო-ეწერს ვტოვებთ. მეორე დღისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  გვაქვს დაგეგმილი კიდევ ერთი დისკუსია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის აპრილის მდგომარეობით, წალენჯიხის რაიონში 5746 დევნილი ცხოვრობს. მთლიანი მოსახლეობის რიცხვი 14 ათასამდეა. დისკუსიის დაწყება ჭიანურდება. დევნილებს ველოდებით. ქალაქის ქუჩები დაცარიელებულია. ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს მოსახლეობა სადღაც არის გაკრეფილი, ან სახლებში გამოკეტილა  და გარეთ გამოსვლაზე უარს ამბობს.  სულ ათიოდე ადამიანი გროვდება. აქტიურობას ვერც მათ ვამჩნევთ. თავად ამას იმით ხსნიან, რომ აქტიურობით დაიღალნენ, არაფერი იცვლება და არც აღარავის იმედი აქვთ. დისკუსიის თემაა "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლება: სიტუაციის ანალიზი, სამართლებრივი ასპექტები, პერსპექტივები". მომხსენებლები: იაგო ფასანძე, ირაკლი ტაბაღუა და მერაბ ჯინჯოლია.

რა ბედი ელით წალენჯიხაში მცხოვრებ დევნილებს. გადაასახლებენ თუ არა სხვაგან, სურთ თუ არა სხვაგან გადასვლა - დისკუსია ძირითადად ამ საკითხებს ეხება. იაგო ფანასძე ამბობს, დევნილები უკვე ინტეგრირებულები არიან ამ გარემოსთან. დასაქმებულებს მცირე შემოსავალი მაინც აქვთ, თუ არ მუშაობენ, მაღაზიაში პურის ნისიად ყიდვა მაინც შეუძლიათ. მათი იქ გადასახლება, სადაც უკეთესი პირობები არ შეექმნებათ, დაუშვებელია. ირაკლი ტაბაღუას მიაჩნია, რომ დაუსაქმებლობა უმთავრესი პრობლემაა. შეხვედრაზე ისეთ საკითხებსაც შეეხნენ, როგორიც არის სოციალური დახმარება და ქულები, რომლებსაც დევნილებს სოციალური აგენტები უფარდებენ. ასეთი აზრიც გამოითქვა, რომ კარგი იქნებოდა, კანონში ჩაეწერათ,როდესაც სახელმწიფო დევნილს საცხოვრებელ პირობებს უუმჯობესებს, სოციალურმა აგენტებმა მათ ქულა არ გაუზარდოს. 

მერაბ ჯინჯოლია ამბობს, რომ 1993 წლიდან 2003 წლამდე ამ ხალხისთვის ყურადღება არავის მოუქცევია. 2008 წლის შემდეგ დაიწყო სერიოზული სარეაბილიტაციო სამუშაოები - კომპაქტურად ჩასახლების ცენტრების გარემონტება, ბინების დაკანონება. წალენჯიხაში რამდენიმე კომპაქტურად ჩასახლების ცენტრია -  "ჰიგიენის სახლი", ზღვაიას დასახლება, რომელიც მოწყვეტილია ქალაქს და იქ მცხოვრებთა 70% სოციალურად დაუცველია. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, დევნილები ფოცხო-ეწერის ნაცვლად ზღვაიაში დაესახლებინათ. აქ მიწის ნაკვეთების დარიგება მაინც იყო შესაძლებელი, მაგრამ მიწები უცხოელ ინვესტორებზე გაიყიდა. რასაკვირველია, ამით ბიუჯეტში ფული შემოვიდა და ბევრი კარგი საქმეც გაკეთდა, მაგრამ თუკი დაგეგმილი იყო მათი თბილისიდან გამოსახლება, შეიძლებოდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ამ ხალხისთვის მიწის ნაკვეთების დარიგება მაინც ყოფილიყო შესაძლებელი.

ზღვაიას დასახლებაში მცხოვრები ელისო ანთია ამბობს, რომ  ამ დასახლებაში მცხოვრებმა 30-მა ოჯახმა უკვე განაცხადა თანხმობა ფოთში გადასვლაზე. იქ არ ყოფილან, ჯერ მარტო სურათი აჩვენეს, მაგრამ შეპირდნენ, რომ წაიყვანდნენ და წინასწარ აჩვენებდნენ იქაურობას. ვინ იყვნენ, რომელი ორგანიზაციის წარმომადგენლები, არ იციან. გამგეობისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი. იაგო ფასანძე ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა კვლევა ყოფილიყო, თუმცა  დევნილებს სჯერავთ, რომ ფოთში გადაყვანას უპირებენ. ფიქრობენ, რომ იქ უკეთესი პირობები ელით, საკუთრება მაინც ექნებათ. თუმცა ეს ყველაფერი ზეპირი დაპირებების და ნაცნობებში გაკითხული ამბების საფუძველზე.

დისკუსია დასრულდა. თბილისისკენ მოვემგზავრებით.