პროკურორი, ელჩი თუ მოჭიდავე

ედუარდ კოკოითი

ნოემბერში სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია, თუმცა დღემდე ბუნდოვანია იმ პოლიტიკოსთა ვინაობა, რომლებიც პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოლებენ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითს, კონსტიტუციის თანახმად, მესამე ვადითკენჭისყრის უფლება არ აქვს.   

გასულ კვირას უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა რესპუბლიკაში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაგიმ გასეევის ხელმძღვანელობით შექმნილი, უმეტესად ძალოვნებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რეფერენდუმზე შემდეგი კითხვის გატანას ითხოვდა: “თანახმა ხართ თუ არა, რომ ერთი და იგივე პირი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ზედიზედ სამჯერ გახდეს”.

უზენაესმა სასამართლომ კოკოითის მესამე ვადით გაპრეზიდენტების მხარდამჭერებს უარი უთხრა. გადაწყვეტილების გამოცხადების მეორე დღეს კი სახელმწიფო დაცვის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეიჭრნენ და უკვე დეპუტატებს მოსთხოვეს  კოკოითისთვის მესამე ვადის უზრუნველყოფა.

პარლამენტში ისეთი ხმაური ატყდა, რომ რუსულმა მედიამ ძალოვნების მიერ პარლამენტის დაკავების ინფორმაცია გაავრცელა, კოკოითიმ საკუთარ მხარდამჭერთა ეს საქციელი დაგმო  და გენერალურ პროკურორს ამ ინციდენტით დაინტერესება დაავალა.

თუმცა ცხინვალელი ექსპერტები ამბობენ, რომ რესპუბლიკის პირველი პირის ეს მოჩვენებითი გაცხარებაც და სასამართლოს გადაწყვეტილებაც ერთი სპექტაკლის ნაწილია. კოკოითი ახალ თამაშსთამაშობს – თითქოს წასვლა უნდა, მაგრამ მხარდამჭერები დარჩენას სთხოვენ.
ფაქტია, რომ  რესპუბლიკაში, სადაც დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს,  ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტას ვერც ერთი მოსამართლე ვერ გაბედავდა.

სასამართლოს ტონი თავად კოკოითიმ მისცა, როცა გადაწყვეტილების გამოტანამდე ერთი დღით ადრე  განაცხადა, რომ რაც უნდა თქვას მოსამართლემ, იგი მესამე ვადით არ დარჩება.  
სამხრეთ ოსეთში დარწმუნებულები არიან, რომ ეს კოკოითის მორიგი ფანდია იმისთვის, რომ მაქსიმუმ – ისევ პრეზიდენტის პოსტზე დარჩეს, მინიმუმ კი – მოსკოვის მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღოს.

ხელშეუხებლობის გარანტიები კი ედუარდ ჯააბეის ძე კოკოითისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს სსრ-ის ჩემპიონი ედუარდ კოკოითი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი 2001 წელს გახდა. 2006 წლის ნოემბერში იგი მეორე ვადით აირჩიეს.
კოკოითი ცნობილია როგორც პოლიტიკოსი, რომელიც  რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების მომხრეა.

2008 წლის 11 სექტემბერს საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის “ვალდაის” შეკრებაზე კოკოითიმ თქვა: “ჩვენ  რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევალთ და არავითარი თავისუფალი ოსეთის მშენებლობას არ ვაპირებთ”. ეს სიტყვები მან იმავე საღამოს უარყო და აღნიშნა: “ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს. მე ვთვლი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენს დამოუკიდებლობაზე უარის თქმას. ეს დამოუკიდებლობა დიდი მსხვერპლის შედეგად მოვიპოვეთ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს”. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მეორე განცხადება მან კრემლის მხრიდან დატუქსვის შემდეგ გააკეთა.

კოკოითს ცხინვალში იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ 2008 წლის ომის დღეებში იგი ცხინვალში არავის უნახავს. ომის დღეებში  კოკოითმა ჯერ რუსეთის საზღვართან  მდებარე ჯავას შეაფარა თავი, შემდეგ კი საერთოდაც წავიდა რესპუბლიკიდან. 

თუმცა, დღეს მისი მისამართით ყველაზე მწვავე კრიტიკა მაინც ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის ეაბილიტაციის თვისგამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვას უკავშირდება – ომიდან 3 წლის თავზე ცხინვალი კვლავ გუშინდელ ნაომარ ქალაქს ჰგავს.

თავად ედუარდ ჯაბეევიჩმა სხვებზე უკეთ უწყის, ვინ მართავს რესპუბლიკაში პროცესებს, ამიტომ კრემლის ნების საწინააღმდეგოდ ვერ წავა. ერთადერთი, რაც მას უნდა, მისი და მისი ოჯახის ფიზიკური და ფინანსური ხელშეუხებლობის გარანტიის მიიღებაა და ამ გარანტიის გაცემა მხოლოდ მოსკოვს შეუძლია.    

მიუხედავად იმისა, რომ კოკოითს კრიტიკისთვის ბევრი მიზეზი აქვს, მისი ოპოზიცია ძალიან სუსტია. კოკოითის ოპოზიცია, რომელსაც  ცხინვალში აქტიურობის საშუალებას არ აძლევენ, ამისთვის მეზობელ ვლადიკავკაზს იყენებს.

“კოკოითი სააკაშვილზე უარესია”, “პუტინო და მედვედევო! დაგვიცავით კოკოითის ტირანიისგან”, “კოკოითი რუსეთის სამხრეთით არასტაბილურობის ფაქტორია” –  ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ტრანსფარანტებით შეიარაღებული ხუთასამდე მომიტინგე მაისში, ვლადიკავკაზის ცენტრში რუსეთის ხელისუფლებას კოკოითის ხელისუფლებით დაინტერესებისკენ მოუწოდებდა.

პროტესტი სამხრეთ ოსეთის “სახალხო ფრონტის” მიერ იყო ორგანიზებული.  ამ პოლიტიკურ მოძრაობაში ის ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ, რომლებსაც სამხრეთ ოსეთში მოღვაწეობის საშუალება არ აქვთ – იუსტიციის ამინისტრომ ეს პარტიები არ დაარეგისტრირა. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ ოსეთის ოპოზიციამ  გაერთიანება მოახერხა. “სახალხო ფრონტის”  მთავარი ამოცანა ნოემბრის არჩევნებისთვის მომზადება და ერთიანი კანდიდატის დასახელებაა.

“სახალხო ფრონტის” ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი ჯამბოლატ თადეევია – თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელსაც  კოკოითთან პირადი მტრობა აქვს.

თადეევმა ვლადიკავკაზში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ  მზადაა ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტობის  ერთიანი კანდიდატი  გახდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქარიზმატული კანდიდატურები “სახალხო ფრონტს” არ ჰყავს, სავარაუდოდ, კანდიდატად  სწორედ ჯამბოლატ თადეევს დაასახელებენ. 

თადეევის გასანეიტრალებლად კოკოითმა თადარიგი უკვე დაიჭირა: სამართალდამცველებთან შელაპარაკების გამო თადეევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას ერთი წლის განმავლობაში რესპუბლიკაში შესვლა ეკრძალება.

კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის სურვილი აქვს, იუსტიციის სასამართლოს მოსამართლე სერგეი ბითიევია.

თავად კოკოითი, იმ შემთხვევაში, თუ იგი მესამე ვადით მართლაც არ დარჩება, სავარაუდოდ, თავის მემკვიდრედ გენპროკურორს თეიმურაზ ხუგაევს დაასახელებს. ხუგაევს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდება.

ბევრად უფრო პოპულარულია  მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ელჩი დმიტრი მედოევი, რომელიც ასევე განიხილება პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად.

თუმცა, თუ კოკოითი თავის მემკვიდრეს დაასახელებს, ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანდიდატი ავტომატურად პრეზიდენტი გახდება. სამართლიანი არჩევნების გამოცდილება სამხრეთ ოსეთში უკვე არსებობს – 2001 წელს სამხრეთ ოსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი რესპუბლიკა გახდა, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა – ლუდვიგ ჩიბიროვმა არჩევნები წააგო.

ჩრდილო-ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი რუსლან ლეკოვი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს ძალიან გაუჭირდებათ მოსახლეობის ხმების მოპოვება: “ხალხი იმდენად გადაღლილია კოკოითის მმართველობით და ფუჭი დაპირებებით, რომ ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულებაა ნეგატიური. ხალხი ძნელად დაიჯერებს წინასაარჩევნო დაპირებებს”.

სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო საიტის “Uasamonga.ru”-ს ხელმძღვანელი სოსლან კოკოევი ამბობს, რომ კოკოითის მდგომარეობა რთულია, რადგან მას დღეს თავის გარემოცვაში არ ჰყავს ადამიანი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მხარს დაუჭერდა.

ცხინვალელი პოლიტოლოგი ინალ პლიევი ამბობს, რომ კანდიდატების ვინაობა, სავარაუდოდ, ივლისისთვის გახდება ცნობილი. “ერთი შეიძლება ითქვას – ვინც უნდა იყვნენ ეს კანდიდატები, ისინი რუსეთთან პარტნიორობაზე იქნებიან ორიენტირებულნი”.

ვის დაუჭერს მხარს კრემლი, საპრეზიდენტო არჩევნებზე, გადამწყვეტი იქნება.

თუმცა,  საკუთარი კანდიდატის გამჟღავნებას მოსკოვი ჯერ არ ჩქარობს.

ფაქტია, რომ მოსკოვი უკვე დაიღალა გაუმაძღარი ლიდერის რჩენით და 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მის შემცვლელს ეძებს.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.