პუტინის ფსონი VS კოკოითის ამფსონი

ანატოლი ბიბილოვი

მსგავს სიურპრიზს ყველაზე ნაკლებად სწორედ სამხრეთ ოსეთისგან ელოდნენ, სადაც პრორუსული განწყობები საკმაოდ მძლავრია. თუმცა, მოხდა ისე, რომ კრემლის კანდიდატს, სამხრეთ ოსეთის საგანგებო საქმეთა მინისტრს, ანატოლი ბიბილოვს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატის, განათლების ექსმინისტრის - ალა ჯიოევას დამარცხება მოუწევს. და არავინ იცის, მოახერხებს თუ არა იგი ამას.

ალა ჯიოევა

რუსეთის ფავორიტს ამომრჩეველთა 25,44 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე, უმნიშვნელო - 0,07 პროცენტიანი სხვაობით ალა ჯიოევა გავიდა. იგი ერთადერთი ქალი იყო პირველ ტურში მოასპარეზე პრეზიდენტობის 11 კანდიდატს შორის.

13 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმიც გაიმართა. «გსურთ თუ არა, რომ რუსულ ენას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭოს?» - ამ კითხვას მოსახლეობის 83,99 პროცენტმა დადებითად უპასუხა. ედუარდ კოკოითიმ რეფერენდუმის ამ შედეგს «რუსეთის საჩუქარი» უწოდა.

არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერსგაიმართება. როგორც ოსი და რუსი ექსპერტები ამბობენ, მეორე ტურისთვის წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა ზომიერ ბიბილოვს უფრო გაუჭირდება. არჩევნებმა აჩვენა, რომ კოკოითის ხელისუფლების თავშეკავებული კრიტიკით ფონს ვერ გახვალ, რადგან რესპუბლიკის მოსახლეობის დიდ ნაწილში საპროტესტო განწყობა მძლავრობს.

41 წლის ანატოლი ბიბილოვი კრემლის კანდიდატია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მის მხარდასაჭერად ცხინვალში რიგრიგობით ჩამოდიოდნენ დუმის დეპუტატები და ბიბილოვის კანდიდატურას ღიად უჭერდნენ მხარს. ცხინვალში იმასაც ამბობენ, რომ კრემლის მხრიდან ასეთმა დაუფარავმა სიმპათიამ ბიბილოვს დათვური სამსახური გაუწია.

ბიბილოვმა სამხედრო კარიერა რუსეთში გაიკეთა. მან რიაზანის ლენინური კომსომოლის სახელობის რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი დაამთავრა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ფსკოვის სადესანტო დივიზიაში გაანაწილეს და ამავე დივიზიის შემადგენლობაში 1992 წელს ქართულ-ოსურ კონფლიქტში მონაწილეობდა. იგი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეცაა.

2011 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულებით, რუსულ-ოსურ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის ბიბილოვი მეგობრობის ორდენით დაჯილდოვდა.

ბიბილოვს დეკლარირებული მხარდაჭერა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმაც გამოუცხადა, თუმცა ცხინვალში ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს, უბრალოდ, ფარსი იყო. რეალურად, კოკოითს თავის მემკვიდრედ სხვა კანდიდატი - ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრი გიორგი კაბისოვი ესახებოდა. თუმცა, ედუარდ ჯებეის ძეს არ ეყო გამბედაობა, ღია წინააღმდეგობა გაეწია კრემლის კანდიდატისთვის.

ფორუმზე, რომელიც ბიბილოვის კანდიდატურის მხარდასაჭერად ცხინვალში გაიმართა, კოკოითი მის გვერდით იდგა. ეს უნდა ყოფილიყო იმის დემონსტრაცია, რომ კოკოითი კრემლის პოზიციას იზიარებს. ფორუმზე დუმის დეპუტატმა კონსტანტინ კოსაჩოვმა პრემიერ პუტინის მიერ გამოგზავნილი ტელეგრამა წაიკითხა. როდესაც კოსაჩოვმა კითხვა დაასრულა, მან ძვირფასი ტელეგრამა არა პრეზიდენტ კოკოითს, არამედ ბიბილოვს გადასცა. ყველამ შეამჩნია, რომ კოკოითი აშკარად გაღიზიანდა ამის გამო.

თუმცა, კრემლისთვის და ბიბილოვისთვის უკეთესი იქნებოდა, კოკოითი ამ ფორუმზე საერთოდ არ მისულიყო. არაპოპულარული პრეზიდენტის მხარდაჭერა მხოლოდ საზიანო აღმოჩნდა ბიბილოვისთვის.

პროფესიით პედაგოგის - ალა ჯიოევას წარმატებას სამხრეთ ოსეთში იმით ხსნიან, რომ კოკოითის მოსისხლე მტერმა, ოპოზიციონერმა ჯამბულატ თადეევმა საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მას დაუჭირა მხარი. თავად თედეევს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. გამოკითხვებით, თედეევს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 20 პროცენტი უჭერდა მხარს და ამ ხმების დიდი ნაწილი არჩევნებზე სწორედ ჯიოევამ მიიღო.

ალა ჯიოევა 2002-2008 წლებში სა-მხრეთ ოსეთის განათლების მინისტრი იყო. 2008 წლის თებერვალში იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმე უწყებაში აღმოჩენილ ფინანსურ დარღვევებს ეხებოდა.

ალა ჯიოევა კოკოითის ხელისუფლების რადიკალური კრიტიკით გამოირჩევა. ცხინვალში მას “რკინის ლედის” და “სტალინს ქვედაბოლოში” უწოდებენ.

ჯიოევას ამომრჩეველი საპროტესტო ელექტორატია. 2008 წლის ომის შემდეგ კოკოითის ხელისუფლების მიმართ პროტესტმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. პირველ რიგში, იმის გამო, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ გამოყოფილი სოლიდური დახმარებისა, ომიდან სამი წლის თავზე რესპუბლიკაში არ არის დასრულებული აღდგენითი სამუშაოები.

მეორე ტურის შედეგებზე იმოქმედებს ისიც, თუ ვის დაუჭერენ მხარს მეორე ტურში ვერგასული კანდიდატები. მეორე ტურში, როდესაც ჯიოევას გამარჯვების რეალური შანსი არსებობს, კოკოითი ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას სწორედ ბიბილოვს გამოუცხადებს.

ალა ჯიოევას შტაბში ამბობენ, რომ გაყალბების მთავარი საფრთხე ლენინგორის (ახალგორი) რაიონშია. აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი პასპორტების ნაცვლად ე.წ. “ფორმა ნომერი ორით” აძლევს ხმას, რაც გაყალბების შანსს ზრდის. საქმე ისაა, რომ ლენინგორში მოსახლეობის უმრავლესობას ქართული პასპორტები აქვს. “რა ვქნათ, ეს ხალხი დაიბადა ლენინგორში, აქაურები არიან. ჩვენ ვერ ავუკრძალავთ მათ არჩევნებში მონაწილეობას,” - პასუხობს ამაზე ცესკოს თავმჯდომარე ბელლა პლიევა.

ამასთან, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს, რომელთაც სამხრეთ ოსეთის პასპორტები აქვთ, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ - ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება, საარჩევნო უბნები არ გახსნეს.

ჯერ კიდევ პირველ ტურამდე, ბიბილოვმა ტელედებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამჯერად კანდიდატებს მოუწევთ ერთმანეთთან კამათი და ამომრჩევლის გულის მოგება. როცა საქმე ეხება ხელისუფლების კრიტიკას, ჯიოევა აქ ბევრად ჯაბნის ბიბილოვს. ხოლო სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას ეს უკანასკნელი უფრო სოლიდურად გამოიყურება.

ბიბილოვი ამბობს, რომ იგი რადიკალიზმის წინააღმდეგია: “ოსეთი რადიკალიზმს ვერ გაუძლებს, უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება”. ჯიოევა კი პირიქით, რკინის ლედის თამაშობს, რადიკალურ ცვლილებებზე ლაპარაკობს და ხშირად იმეორებს ფრაზას “ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”.

ამ სუსხიან ნოემბრის თვეს ცხინვალი განსაკუთრებით სევდიანად გამოიყურება.

უკვე მეორე წელია, ცხინვალის ქუჩები გადათხრილია, რადგან ქალაქში წყლის მილებსა და გზებს აკეთებენ, თუმცა ამ სამუშაოების დასრულებას საშველი არ დაადგა. თოვლი და წვიმა ქალაქისთვის სტიქიური უბედურების ტოლფასია. ქუჩაში გადაადგილება მხოლოდ რეზინის ჩექმებითაა შესაძლებელი. თოვლ-ჭყაპი არჩევნების დღესაც იყო. საარჩევნო ურნებამდე ხალხი მუხლამდე ტალახში მიდიოდა. ეს კიდევ ერთი მოტივაცია იყო, რომ იმ დღეს ოპოზიციისთვის მიეცათ ხმა.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.