ყარაულის შეცვლა

ყარაულის შეცვლა

ყარაულის შეცვლა

აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სამთვიანი მოღვაწეობის განმავლობაში ლეონიდ ძიაპშბა უბრალო ჩინოვნიკიდან გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად იქცა, რომელსაც პოსტ-ბაღაფშურ ეპოქაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

მან ძირფესვიანად გაწმინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატი, რესპუბლიკაში სადღეღამისო პატრულირება შემოიღო, სხვადასხვა სამართალდარღვევისათვის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის შვილი 15 დღით გისოსებს მიღმა ჩასვა. ეს აფხაზეთისთვის გაუგონარი “თავხედობა” იყო.

ძიაპშბამ მნიშვნელოვნად გაამკაცრა პოლიტიკა კანონიერი ქურდების წინააღმდეგ, რაც ასევე  უცხოა აფხაზეთისთვის. აქ “კანონიერი ქურდების” ინსტიტუტს ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა.

ძიაპშბამ “ქურდებს” მიმართა - “ან საქმეების გარჩევაზე ხელი აიღეთ, ან გირჩევთ, აფხაზეთის საზღვრები დატოვოთ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ქურდი ციხეში იჯდება,”  - თქვა ძიაპშბამ.

შს ახალი მინისტრის ხსენების გარეშე ამ ბოლო დროს აფხაზეთში არც ერთი ქორწილი თუ სხვა სადღესასწაულო სუფრა არ ჩაივლის. ვიდრე აფხაზი მძღოლები ჭიქას ხელს დაავლებენ და სასმელს მიეძალებიან, ასჯერ დაფიქრება უწევთ - ღირს თუ არა საჭის მართვა ნასვამ მდგომარეობაში? აქამდე მსგავსი დილემა აფხა-ზი მძღოლებისთვის არ არსებობდა, რადგან საგზაო მოძრაობის წესებს თითქმის არავინ აკონტროლებდა და პრობლემის მოგვარება ნაცნობ მილიციელთან ყოველთვის შეიძლებოდა.

დღეს კი “გაი”-სგან თავის დაღწევა მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა.

შესაძლოა, აფხაზეთის ფარგლებს გარეთ ვინმეს ეს ცვლილებები უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, მაგრამ არა ქვეყანაში, სადაც დღიდან დამოუკიდებლობისა კანონის აღსრულება ნათესაურ, მეგობრულ, ბიზნეს და სხვა კავშირებზე, ასევე სატელეფონო ზარებზე თუ ბრძანებაზე იყო დამოკიდებული.
შს ახალი მინისტრის მიერ წესრიგის დამყარების მცდელობა აფხაზური საზოგადოების დიდმა ნაწილმა თითქმის რევოლუციად აღიქვა.

აშკარაა, რომ ქვეყანას სიახლეები და  წესრიგი მოენატრა და ნებისმიერი ქმედება ამ მიმართულებით, სანამ ეს უშუალოდ შენ არ შეგეხება, საკმაოდ პოზიტიურად ფასდება.

მიუხედავად იმისა, რომ ძიაპშბა პოლიტიკური განცხადებებით არ გამოდის - ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე კომენტარებს არ აკეთებს, რუსულაფხაზური ურთიერთობების რთულ რეალიებზე არ საუბრობს, ჟენევის მოლაპარაკებების შესახებაც კი (ეს დღეს აფხაზი პოლიტიკოსებისთვის ყველაზე უსაფრთხო თემაა, რომლის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს) არაფერი განუცხადებია - პოლიტიკური აურა მის გარშემო დღითიდღე ძლიერდება.

სამი თვის წინ აფხაზეთში თითქმის არავის აინტერესებდა, თუ ვის დაუჭერდა მხარს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე  გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრის მაშინდელი მოადგილე ლეონიდ ძიაპშბა.

ამ მოკლე ხანში ბევრი რამ შეიცვალა. ვის დაუჭერს მხარს ახალი მინისტრი და რა პოლიტიკური გეგმები აქვს მას - ამ კითხვებზე პასუხს აფხაზეთში დღეს ყველა ეძებს - დაწყებული ჩინოვნიკებით, დამთავრებული სოხუმის სანაპიროზე, ყავის დასალევად შეკრებილი რიგითი მოქალაქეებით.
ზოგიერთები კითხვას უფრო თამამად სვამენ: თავად ხომ არ სურს ძიაპშბას აფხაზეთის მომავალი პრეზიდენტი გახდეს?

ეს ყველაფერი ჯერ ყავის ნალექზე მკითხაობას ჰგავს. თუმცა ლეონიდ ძიაპშბას უკვე აქვს გარკვეული მიღწევები. ამ სამი თვის განმავლობაში, წესრიგის დამყარებისკენ მიმართული ღონისძიებების წყალობით, ძიაპშბამ უკვე თითქმის “დაკანონებულ მემკვიდრეს” - ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს მნიშვნელოვანი ქულები წაართვა.

ანქვაბის გავლენა აფხაზეთში ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას დროსაც თვალშისაცემი იყო. ანქვაბით მაშინ დაუდევარ ჩინოვნიკებს, ქურდებსა და ხულიგნებს აშინებდნენ: “აი, მოვა ანქვაბი და ყველას გიჩვენებთ სეირს,” - ამბობდნენ არძინბას დროს არსებული მდგომარეობით უკმაყოფილონი.

ანქვაბიც, როგორც შეეძლო, უკანონობასთან მებრძოლის იმიჯს ირგებდა. მისი ცნობილი ფრაზა: “ყველა დამნაშავეს შევთავაზებთ საკნებს ზღვაზე ხედით” - ბევრზე ახდენდა შთაბეჭდილებას.

მაგრამ როცა 2005 წელს ალექსანდრე ანქვაბი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდა, ჯერ პრეზიდენტ ბაღაფშის მთავრობის ხელმძღვანელის, ხოლო 5 წლის შემდეგ - ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, იძულებული გახდა ყველა ეს დაპირება დაევიწყებინა. ანქვაბმა აფხაზეთს წესრიგი ვერ მოუტანა.

ხალხში ვრცელდებოდა ხმები, რომ ანქვაბს რეფორმების განხორციელებაში ხელს პრეზიდენტი ბაღაფში უშლიდა. ბევრის აზრით, ბაღაფშს ანქვაბის  წარმატებების და რეიტინგის ეშინოდა.

ზოგიერთ აფხაზ ექსპერტსაც სჯეროდა, რომ ბაღაფშის წასვლისა და ანქვაბის გაპრეზიდენტების შემდეგ, რეალური ძალაუფლების ანქვაბი დანაპირების შესრულებას შეუდგებოდა და ყველას ჯეროვან ადგილს მიუჩენდა.

ეს ძალზე მოხერხებული ჭორები იყო, რომლებსაც ანქვაბი აშკარად იფერებდა.

სავარაუდოდ, ანქვაბის ეს იმიჯი კიდევ დიდხანს იქნებოდა აქტუალური, უცებ, ყოველგვარი პიარშესავლების გარეშე, ლეონიდ ძიაპშბა რომ არ გამოჩენილიყო.

ძიაპშბა დღეს რეალურად ცდილობს წესრიგის  დამყარებას და ამით “კანონის დამცველის” სახელს იხვეჭს.

ნიშას, რომელიც ანქვაბს წლების წინ ავანსად ერგო, დღეს ძიაპშბა რეალურად იკავებს.
ანქვაბი კი ძალიან ჰგავს ცნობილი აფხაზი მწერლის ფაზილ ისკანდერის მოთხრობის  გმირების - “ჩეგემელების” წარმოდგენაში არსებულ ლენინს: “მას, ვისაც უნდოდა ხალხისთვის კარგი გაეკეთებინა, მაგრამ ვერ მოასწრო”. 

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება