რა ხდება გალში?

რა ხდება გალში?

რა ხდება გალში?

ენგურის ხიდი. ფოტო © "ლიბერალი"

"გალის რაიონი აფხაზეთის ტერიტორიაა, იქ ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ და ვალდებულნი ვართ, მათ ცხოვრების ნორმალური პირობები შევუქმნათ და მათი უსაფრთხოება დავიცვათ", -  განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა საგანგებოდ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ბოლო რამდენიმე კვირაა, გალში ვითარება გამწვავებულია. სოფლების  -  საბერიოს და დიხაზურგას მკვიდრნი ჰყვებიან, რომ მათ სოფლებში სახლები გადაწვეს და რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს.  ბაღაფშმა პროვოკაციების მოწყობაში ქართული მხარე დაადანაშაულა.

"თუ ქართული მხარე არ დაანებებს თავს დივერსიების მოწყობას, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, ადეკვატური ზომები მივიღოთ", - განაცხადა ბაღაფშმა. მისი ეს სიტყვები გალში ბევრმა ქართველმა გალიდან ქართველების გაძევების მუქარად აღიქვა.

ქართულ მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ არეულობების მიზეზი რუს სამხედროებსა და აფხაზ მესაზღვრეებს შორის არსებული უთანხმოება გახდა.

1 ივნისს უცნობებმა აფხაზი მებაჟეების ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს, ერთი მებაჟე დაიღუპა და ორი დაიჭრა. 3 ივნისს კი მანქანაში ჩაცხრილეს გალის რაიონის სოფელ რეპის ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი კაცია. ორივე ინციდენტი სოფელ საბერიოსა და დიხაზურგაში მოხდა, სწორედ ამის შემდეგ სოფლებში 5 ქართველის სახლი გადაწვეს. როგორც გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან არშბა ამბობს, სოფელში დაზარალებულთა ნათესავები შეიჭრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შურისძიების გამო დაესხნენ თავს.

"ლიბერალი" სოფელ  საბერიოში მცხოვრებ 57 წლის ქალბატონს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა. ის ჰყვება, რომ 7 ივნისის ღამე სოფლის მაცხოვრებლებმა ტყეში გაატარეს.

"მუდმივად პანიკაში ვართ. ორი დღის წინ ჩემთან სახლში რუსი სამხედროები შემოვიდნენ და მკითხეს, - რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარო? ვუთხარი, -  აფხაზეთის-მეთქი! პასპორტი მაჩვენეო. არ მქონდა აფხაზური პასპორტი, და რა მეჩვენებინა? ქართული პირადობის მოწმობა ვაჩვენე. შენ, აწი ვეღარ წახვალ საქართველოშიო,  -  მითხრეს და პირადობის მოწმობა მოისროლეს. აფხაზები როცა იყვნენ სოფელში, უფრო მშვიდად ვიყავით. ისინი პირიქით, გვეხმარებოდნენ,  როცა რამე გვიჭირდა. რუსებს ვერაფერს გააგებინებ".

სოფლის მკვიდრნი ჰყვებიან, რომ ივნისის დასაწყისში საბერიო-ფახულანის საზღვართან არსებულ რუსულ ბლოკ-საგუშაგოზე დამატებითი ცოცხალი ძალა ჩადგა - "წალენჯიხაში არავის უშვებენ. აფხაზური პასპორტი უნდა გქონდეს. ამიტომ შემოვლითი გზებით ვიპარებით. თუ დაგიჭერენ გალში, წაგიყვანენ და იქ სასამართლო დაგაჯარიმებს. ფულს თუ ვერ გადაიხდი, დაგაპატიმრებენ და თვეობით უნდა იყო ციხეში".

აფხაზეთი-სამეგრელოს ტყეებში შემოვლით გზებად წოდებული ბილიკები,  ქართულ-აფხაზურ კონფლიქტამდეც არსებობდა. დღეს ეს ბილიკები მთავარ გზად იქცა და მათი გავლით ყოველდღიურად დაახლოებით ათეულობით მოქალაქე სამეგრელოში გადმოდის. გალში მცხოვრები ქართველები ჰყვებიან, რომ რუსი სამხედროების გამოჩენის შემდეგ ამ გზებზე გადაადგილება კიდევ უფრო გართულდა.

"ეს არის ბრძოლა აფხაზებსა და რუსებს შორის რეგიონში სრული ზეგავლენის მოსაპოვებლად", - ამბობს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება