რას საქმიანობს თურქეთი აფხაზეთში?

სოხუმი, აფხაზეთი. 2011

1996 წლიდან აფხაზეთი დსთ-ს მიერ დაკისრებული ეკონომიკური ბლოკადის პირობებში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლიდან რუსეთმა, ფაქტობრივად, ეკონომიკური სანქციების უგულებელყოფა დაიწყო, აფხაზეთთან საზღვაო ვაჭრობას მაინც ვერ ახერხებდა. დაბრკოლება საქართველოს სანაპირო დაცვა იყო.

სხვადასხვა ცნობებით, 1999-2009 წლებში საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთის მიმდებარე წყლებში 60-ზე მეტი გემი დააკავა. უმეტეს შემთხვევაში, ეს გემები აუქციონზე იყიდებოდა, ხოლო მათი ეკიპაჟები ხანმოკლე პატიმრობაში რჩებოდნენ. მაგრამ 2009 წლის ბოლოს განვითარებულმა ორმა მოვლენამ აფხაზეთის საზღვაო ბლოკადა გაარღვია.

პირველი რეაქცია 2009 წლის აგვისტოში თურქული დროშით მცურავი ტანკერის – “ბუკეტის” – დაკავებას მოჰყვა. ტანკერს, რომელზეც ეკიპაჟის 17 თურქი წევრი იმყოფებოდა, 2800 ტონა საწვავი გადაჰქონდა. ქართული მხარის მიერ თურქი კაპიტნის დაკავებას და მისთვის, ბლოკადის რეჟიმის დარღვევის გამო, 24-წლიანი პატიმრობის მისჯას თურქეთთან დიპლომატიური კამათი მოჰყვა. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავითოღლუ სასწრაფოდ თბილისში ჩამოფრინდა. შედეგად, განაჩენის გამოტანიდან 5 დღეში თურქი კაპიტანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თურქული გაზეთის – Today's Zaman-ის  თანახმად, ინციდენტის კვალდაკვალ, აპრილში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და მისი თურქი კოლეგა ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც თურქულ-აფხაზური ურთიერთობები განიხილეს.

ამავდროულად, 2009 წლის სექტემბერში რუსეთმა განაცხადა, რომ აფხაზეთის “ტერიტორიული წყლების” დასაცავად საკუთარ გემებს გაგზავნიდა. მას შემდეგ საქართველოს საზღვაო დაცვამ საჯაროდ აფხაზეთში მიმავალი მხოლოდ ერთი გემის დაკავების შესახებ განაცხადა – ეს არის უკრაინული გემი, რომელიც, ეკიპაჟთან ერთად, ყოველგვარი ბრალდების თუ ჯარიმების გარეშე, 2010 წელს გაათავისუფლეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთის საზღვაო ბლოკადის და არალეგალური ვაჭრობის აღკვეთის საკითხზე კომენტარს თავი აარიდა. ახრა სმირი, რადიო “თავისუფლების” ბლოგერი სოხუმიდან, ამბობს, რომ უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში თურქული გემების შემოსვლა და თურქული ბიზნეს-ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. “ლიბერალის” კორესპონდენტმა თებერვლის დასაწყისში ორი დღის მანძილზე თურქული დროშის მქონე 5 ხომალდი დათვალა სოხუმის პორტში. ზოგიერთ გემზე აფხაზური და თურქული დროშები ერთდროულად ფრიალებდა. ყველა მათგანი თევზსაჭერი გემი იყო, ერთის გამოკლებით, რომლიდანაც ტვირთს ეზიდებოდნენ.

აფხაზი ეკონომისტის ბესლან ბარათელიას მიერ "Turkish Policy Quarterly"-თვის დაწერილი ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთის იმპორტის დაახლოებით 60% თურქეთზე მოდის. თურქეთში იყიდება აფხაზეთის ექსპორტის 45 პროცენტი. 2007 წელს, რუსეთის მიერ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებამდე და, ასევე, თურქული ინვესტიციების ზრდამდე, აფხაზეთის ბიუჯეტის 30% თურქეთთან ვაჭრობის შედეგად შემოსული საბაჟო გადასახადებით ივსებოდა.

თურქეთმა აფხაზეთთან დიპლომატიური კავშირიც უფრო მაღალ დონეზე აიყვანა და ბოლო ორი წლის განმავლობაში დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასთან შესახვედრად ორი მაღალი რანგის დიპლომატიც გაგზავნა. 2010 წლის აპრილში, ბოლო ვიზიტის შემდეგ, საქართველოში თურქეთის ელჩმა მურატ ბურჰანმა განაცხადა, რომ ორ მხარეს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ანკარა “აფხაზეთთან პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას” იმედოვნებდა.

თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ფონდის ანალიტიკოსის, ბურჩუ გულტეკინ პუნსმანის თანახმად, თურქეთის მთავრობა თურქეთის აფხაზური დიასპორისგან მზარდ ზეწოლას განიცდის. დიასპორა, დაახლოებით, 500 000-მდე ადამიანს ითვლის. სმირის განცხადებით, აფხაზეთში ბევრ ახალ ბიზნესს აფხაზური წარმომავლობის თურქეთის მოქალაქეები უდგანან სათავეში. შესაბამისად, თურქული საგარეო პოლიტიკა იძულებული გახდა, ამ ცვლილებას მორგებოდა, თუმცა – არაოფიციალურად.

გასულ ივლისს პუნსმანმა ანგარიშში დაწერა, რომ თურქი დიპლომატები ქართველ კოლეგებთან თურქეთსა და აფხაზეთს შორის დამაკავშირებელი გზების აღდგენის შესაძლებლობას განიხილავდნენ, მათ შორის, საჰაერო და საზღვაო მარშრუტებს ტრაპზონსა და სოხუმს შორის. ერთი ვერსიით, აფხაზეთში გზის გაგრძელებამდე, თურქული გემები საბაჟო კონტროლს ბათუმში გაივლიან. და მაინც, თურქეთის წვლილი აფხაზეთში რუსეთის ინვესტიციებისა და ბიზნეს-კავშირების ფონზე, მიზერულია, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.

რუსეთმა აფხაზეთის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, მთავრობისათვის დახმარებასა და რეგიონში სტრატეგიული და კერძო ობიექტების შეძენაზე ასობით მილიონი დოლარი უკვე დახარჯა.

უფრო მეტიც, დე ფაქტო მთავრობა უკმაყოფილოა, რომ თურქეთი მხოლოდ ეკონომიკური კავშირებითაა დაინტერესებული და აღიარებისა და ოფიციალური პოლიტიკური ურთიერთობის დამყარებისაგან თავს იკავებს – განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, თუმცა მან ვინაობის გამხელა არ ისურვა.

აფხაზეთის პოლიტიკურ ოპოზიციას ეს ოპორტუნიზმი კარგად აქვს გაცნობიერებული. ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციის ამჟამინდელმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ “ლიბერალთან” საუბარში განაცხადა, რომ აფხაზეთის ერთადერთი ჭეშმარიტი ეკონომიკური პარტნიორი რუსეთია, მაშინ, როცა თურქეთი მხოლოდ აფხაზეთის იაფი ბუნებრივი რესურსებითაა დაინტერესებული.

“იყიდე-გაყიდე” – ასე ვუწოდებთ ჩვენ ამ ურთიერთობას. ჩვენ ვჩეხავთ ტყეებს და თურქებზე ვყიდით. ისინი ამ მასალისგან ნივთებს ამზადებენ და სხვა ქვეყნებში ყიდიან. თუ წარმოების პროცესი ადგილობრივად მოხდება, ჩვენი ხალხის ჩართვით და თურქული ინვესტიციების დახმარებით, მაშინ ეს ურთიერთობა თანასწორი იქნება, მაგრამ ახლა მათ ჩვენგან, უბრალოდ, მიაქვთ“, – განაცხადა მან.  

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.