რუსულ-აფხაზური მეგობრობის აუტანელი სიმსუბუქე

რუსულ-აფხაზური მეგობრობის აუტანელი სიმსუბუქე

რუსულ-აფხაზური მეგობრობის აუტანელი სიმსუბუქე

სერგეი სტეპაშინი. ფოტო © "ლიბერალი"

რუსულ-აფხაზური ურთიერთობები ეტაპობრივად უარესდება, დაახლოებით ისე, როგორც ეს მოსკოვსა და მინსკს შორის ხდებოდა.

რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების არამიზნობრივად ხარჯვის გამო ოპოზიციის მიერ ატეხილი ხმაურის შემდეგ აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი სერგეი სტეპაშინი ეწვია, თუმცა მისმა ვიზიტმა ქვეყნის მჩქეფარე პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსალოდნელი სიმშვიდე ვერ შეიტანა.

პირიქით, სტეპაშინის სტუმრობამ კიდევ ერთი კონფლიქტური სიტუაცია შექმნა - მოსკოვსა და სოხუმს შორის დებატები ახლა უკვე ოფიციალური პირების ღია კამათში გადაიზარდა. ამგვარი რამ პირველად მოხდა.

სტეპაშინის სოხუმში ვიზიტი აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური პროცესების კატალიზატორი გახდა. აფხაზეთის საზოგადოება მოსკოველი მაღალჩინოსნის ვიზიტს ელოდა: სტეპაშინს აფხაზური ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სოხუმის ხელისუფლების მიერ რუსეთის ფინანსური დახმარების ბოროტად გამოყენების შესახებ უნდა დაედასტურებინა ან უარეყო. აფხაზ ოპოზიციონერთა პროგნოზები გამართლდა: სტეპაშინმა აფხაზეთის ხელისუფლების მხარე დაიჭირა და განაცხადა, რომ ისინი “ეფექტურად და ეკონომიურად აშენებენ”.

მეტიც, სტეპაშინმა ოპოზიციისა და ადგილობრივი საბიუჯეტო სისტემის შესახებ საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა: “ვისურვებდი, რომ უსა-ფუძვლო რაღაც-რაღაცების გამოქექვის ნაცვლად ოპოზიცია კონკრეტულ, საქმიან რეკომენდაციებს იძლეოდეს. ატეხეს  დიდი მაური იმის გამო, რომ თურმე აფხაზეთი რაღაც საკუთრებას გადასცემს რუსეთს.  ჩვენც კი ვკარგავთ ჩვენს საკუთრებას და რა ვქნათ ახლა, დავეტოლოთ?”, - ასეთი იყო რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატის ხელმძღვანელის განცხადება სამი ყოფილი სახელმწიფო აგარაკის თაობაზე, რომლის რუსეთისათვის გადაცემასაც აფხაზეთის მთავრობა აპირებს.

ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გამოაქვეყნა სტატია, რომელმაც დიდი ხნის წინ გაცივებული რუსულ-აფხაზური ურთიერთობების თემა შიდააფხაზური დისკურსის სიბრტყიდან მოსკოვისა და სოხუმის პოლიტიკოსებს შორის ღია პოლემიკის დონეზე გამოიტანა.
ოპოზიციის ლიდერ რაულ ხაჯიმბას კონტროლის პალატის ხელმძღვანელის სერგეი სტეპაშინის განცხადების კომენტირებისას წამოცდა, რომ “რუსი ჩინოვნიკი ცხვირს სხვის საქმეში ჰყოფს.”
“ბატონი სტეპაშინი ოპოზიციის დამოკიდებულებას ამ საკითხებისადმი “პოლიტიკანობას” უწოდებს. ასეთ შემთხვევაში, რამდენად პოლიტკორექტულია ბ-ნ სტეპაშინის ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში და აფხაზეთის ოპოზიციის მოქმედებების შეფასება?” - ასე ამთავრებს თავის სტატიას  (“ინდულგენცია გაგრძელებაზე”) რაულ ხაჯიმბა.

ძნელი სათქმელია, სტეპაშინმა ასე რატომ შეტოპა. რუსეთის პირველი პირებიც კი - ვლადიმირ პუტინი და დმიტრი მედვედევი - აფხაზეთში ვიზიტისას აფხაზეთის შიდაპოლიტიკური ვითარების კომენტირებისგან ყოველთვის თავს იკავებდნენ.  პუტინი სოხუმში ვიზიტის დროს თავადაც კი შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

შეიძლება, სტეპაშინს უბრალოდ დაავიწყდა, რომ იგი “ნალჩიკში ან მაიაკოპში არ იმყოფებოდა.”
ამასობაში, მოსკოვი და სოხუმი ერთმანეთთან ურთიერთობისას იმდენ შეცდომას უშვებს, რომ მალე რუსეთის პირველ პირებსაც გაუჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ორ ქვეყანას შორის კვლავაც უწინდელი დამოკიდებულებაა. 

დღევანდელი აფხაზეთი “ორიგინალური” პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს. ეს არის სახელმწიფო, სადაც ერთმანეთს “აღმოსავლური” და “დასავლური” თვისებები ერწყმის: ბაღაფშისადმი მიძღვნილ დითირამბებს აქ მისი მისამართით საკმაოდ მკაცრი კრიტიკაც ახლავს თან.

სოხუმში ბევრი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ზედმეტად დამთმობია რუსეთის მიმართ.

ნუთუ, აფხაზეთის პრეზიდენტი, მართლაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, როგორც ამას მისი მოწინააღმდეგეები ვარაუდობენ, და “უფროსი და ძლიერი ძმის” სასიკეთოდ იღებს გადაწყვეტილებებს? იქნება ეს რუსეთისათვის სახელმწიფო აგარაკების გადაცემა თუ სამხედრო შეთანხმებების რატიფიკაცია?

ოპოზიცია ერთხმად ამტკიცებს, რომ “დიახ, ეს ასეა!” დამოუკიდებელი გაზეთების მიმომხილველებიც, ზოგიერთი დეპუტატიც, ბლოგერებიც და კიდევ ბევრი ადამიანი აფხაზეთში ასე ფიქრობს.

თუმცა მათ ყველას ავიწყდებათ 1995 წელი. მაშინ, აფხაზეთის წინააღმდეგ გაგანია ბლოკადის დროს, სოხუმის ცენტრალურ მოედანზე მრავალი ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელი მოაწერეს კრემლში გასაგზავნ პეტიციას, რომელშიც აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღებას ითხოვდნენ.

ამ დღის შემდეგ 15 წელი გავიდა. აფხაზეთმა გრძელი გზა გაიარა - ჯერ ბლოკადაში მოქცეული საქართველოს ნაწილი იყო, დღეს კი რამდენიმე სახელმწიფოს მიერ უკვე აღიარებული დამოუკიდებელი ქვეყანაა. 

იქნებ სწორედ ამიტომ ახრჩობდა ბოღმა სერგეი ბაღაფშს წინასაახალწლო შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე?  იგი ხომ რუსული ფულით გზებს, საავადმყოფოებს და სკოლებს აშენებს, მისი, როგორც აფხაზეთის სახელმწიფოს მეთაურის რეიტინგი კი შეუბრალებლად ეცემა - აქტიურ სამოქალაქო სექტორში ხელისუფლების მხარდაჭერა უკვე ცუდ ტონად ითვლება.

დეკემბერში დაწყებულმა სკანდალმა, როცა ოპოზიციამ აფხაზეთის ხელისუფლება რუსული ფინანსური დახმარების არაეფექტურ გამოყენებაში დაადანაშაულა, მთელი 2011 წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური ამინდი უკვე განსაზღვრა.

რუსული ფულის არაკეთილსინდისიერად ხარჯვაში დადანაშაულება მმართველი ნომენკლატურისათვის უკვალოდ არ ჩაივლის. მაგალითად, უკვე დიდი დარტყმა მიადგა ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის პოზიციებს, ვინაიდან სამშენებლო პროექტების დიდ ნაწილს სწორედ იგი კურირებს.

ჯერჯერობით მოვლენებს მიღმა დარჩა სერგეი შამბა, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე იღებს რუსულ ფულს.

თუ  ვითარება არ განიმუხტება, სავსებით შესაძლებელია, რომ სოხუმისა და მოსკოვის მაღალჩინოსნებს შორის დაპირისპირება რუსეთსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტში გადაიზარდოს.
ამასთან, სტეპაშინის წინააღმდეგ ხაჯიმბას გალაშქრებამ, შეიძლება, აფხაზეთის ოპოზიციას საბოლოოდ მიეკეროს “ანტირუსულის” იარლიყი, რასაც კრემლის მხრიდან მის მიმართ შესაბამისი დამოკიდებულება მოჰყვება. რუსეთი მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ ერთგულ ბაღაფშს, რომელსაც კანონის თანახმად, მესამედ აღარ შეუძლია პრეზიდენტად დარჩეს, “ღირსეული” შემცვლელი მოუძებნოს.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება