საგრანტო კონკურსი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს სასტიპენდიო პროგრამის ყოფილი მონაწილეებისთვის - სასტიპენდიო პროგრამა

Image removed.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 2003 წლიდან ახორციელებს ყოველწლიურ რეგიონულ სასტიპენდიო პროგრამას სოციალური მეცნიერებების სფეროში დაკავებული ახალგაზრდა მეცნიერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისათვის სამხრეთ კავკასის სამ სახელმწიფოში. აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ცხრაწლიანი საქმიანობის შედეგად ფონდმა წვლილი შეიტანა როგორც აკადემიისთვის, ისე სამოქალაქო საზოგადოებისთვის კვალიფიცირებული კადრების მომზადებაში. ფონდის ყოფილი სტიპენდიატები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მრავალი ახალი თემის და წამოწყების ავტორები არიან.

ფონდისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში უკვე დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და არსებული ცოდნის საფუძველზე ახალი იდეების თუ ინიციატივების აღმოცენებას.

ამ მიზნით ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს თავისი ყოფილი სტიპენდიატებისთვის შემდეგ თემებზე:

1. ურბანული განვითარება: ბაზარი, მიგრაცია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და საჯარო პოლიტიკა.
2. გენდერული თანასწორობა
3. დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა
4. საბჭოთა წარსულის გააზრება.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მხარს უჭერს შემდეგ საქმიანობებს:

  • სამოქალაქო განათლება და გაძლიერება;
  • მარგინალური და მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებრივი ჩართულობა;
  • სოციალური, გარემოს დაცვითი და ეკონომიკური სამართლიანობის პრინციპების მხარდაჭერა;
  • გენდერული დემოკრატიის და თანასწორობის პრინციპების ასახვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

- საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ფონდის 2003-2011 წლების სტიპენდიატებს აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან;
- ფონდი მიიღებს როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ განაცხადებს;
- ფონდი მიესალმება და პრიორიტეტი მიენიჭება საზღვრებს მიღმა თანამშრომლობაზე მიმართულ საპროექტო წინადადებებს;
- მოთხოვნილი საგრანტო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ევროს;
- პროექტის განხორციელების პერიოდია ივნისი-ოქტომბერი 2013.

საგრანტო კონკურსის პროცედურები და წესები:

1. საპროექტო განაცხადი (ფონდის სააპლიკაციო და ბიუჯეტის ფორმის მიხედვით) არ უნდა აღემატებოდეს 8-10 გვერდს (1 გვერდი - 1800 ასონიშანი სივრცის გარეშე) და ფონდს უნდა მიეწოდოს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე. იგი უნდა მოიცავდეს და ასახავდეს განმცხადებლის (საინიციატივო ჯგუფი, ინდივიდი) გამოცდილებას, მიზნებს, გადასაჭრელ პრობლემას და პროექტის განხორციელების გზებს (დეტალური ბიუჯეტის ჩათვლით). საპროექტო განაცხადის თავფურცელზე აუცილებლად უნდა მიეთითოს კონკურსით გამოცხადებული ორი თემატური მიმართულებიდან ერთი, პროექტის/ინიციატივის სათაური, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი, განმცხადებლის სრული რეკვიზიტები: 
   ა) საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში საპროექტო განაცხადს თან დაერთვება ჯგუფის მისიის განაცხადი და ჯგუფის წევრების რეზიუმეები;
   ბ) ინდივიდის შემთხვევაში თავფურცელზე დაფიქსირდება განმცხადებლის ვინაობა (სახელი, დაბადების თარიღი, საქმიანობა, საცხოვრებელი და სამსახურეობრივი მისამართი) და საპროექტო განაცხადს თან დაერთვება განმცხადებლის რეზიუმე.
საპროექტო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს მისამართზე info@ge.boell.org 2013 წლის 12 აპრილამდე (პარასკევი, 17:00 საათი).

2. საპროექტო განაცხადი უნდა ასაბუთებდეს პროექტის მიზანშეწონილობას და უნდა ასახავდეს სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტს, შესაბამის მონაცემებს (სტატისტიკა, კვლევების დასკვნები, ა.შ.), სასურველ შედეგებს და პროექტის გავლენას.

3. განმცხადებელმა ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს პროექტის მიზნები და იოლად გასაზომი ამოცანები.

4. სამუშაო გეგმა უნდა მოიცავდეს სრულ და ნათელ ინფორმაციას შემდეგზე: სამიზნე ჯგუფ(ებ)ი, მეთოდები, განსახორციელებელი საქმიანობები და ამოცანები, გრაფიკი, ადამიანური რესურსი (პროექტის განმახორციელებელი პირების ფუნქციების აღწერა და მათი კვალიფიკაციის დადასტურება).
თუკი პროექტი სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ან სინერგიას გულისხმობს, მითითებული უნდა იყოს პარტნიორობის მიზეზი და აუცილებლობა, ამ პარტნიორთან თანამშრომლობის მანამდე არსებული გამოცდილება, როლების და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისი განაწილება (ამის აუცილებლობის შემთხვევაში).

5. ევალუაცია: ინდიკატორები და წარმატების გაზომვის მეთოდები, სავარაუდო შედეგები.

6. პროექტის ბიუჯეტი ევროში უნდა იყოს დათვლილი და წარმოდგენილი.

7. განხილვის ვადაა 12 -19 აპრილი 2013
    საბოლოო პასუხი - 22 აპრილი 2013

შეზღუდვები:

ფონდი პრიორიტეტს ანიჭებს თანამშრომლობას ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და ინდივიდებთან, რომლებიც იზიარებენ მწვანე პოლიტიკურ ღირებულებებს.
განმცხადებლები არ უნდა იყვნენ დაკავებულნი რამე სახის კომერციული საქმიანობით.
ფონდი არ უჭერს მხარს და არ უწევს ფინანსურ კონტრიბუციას:
• მსხვილ შენაძენებს (საკუთრება, ინფრასტრუქტურა, ტექნიკა);
• სხვა დონორების მხარდაჭერით მიმდინარე საქმიანობასა და პროგრამებს.