სამხრეთ ოსეთის ახალი ერა

ედუარდ კოკოითი დაცვის წევრების თანხლებით

ივლისის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტიის “ედინსტვოს” მეშვიდე ყრილობა ჩატარდა. სახელისუფლო პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ყრილობა ისტორიული იყო, რადგან დაიწყო სამხრეთი ოსეთის უახლესი ისტორიის მეორე ეტაპი. “რუსეთის ფედერაციის მიერ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებით დაიწყო - მშვიდობიანი, აღმშენებლობისა და შრომის ეტაპი ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად”, - ითქვა ყრილობაზე.

დემოკრატიის იდეალებისადმი ერთგულება გამოავლინა სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ - თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ არ აპირებს რესპუბლიკის კონსტიტუციის შეცვლას და მესამე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრას.

ამავე დროს მას არ უთქვამს, რომ ქვეყნის პოლიტიკიდან მიდის. პირიქით, ამავე ყრილობაზე მან თავისი მომავალი “თანამდებობის” კონტურები მოხაზა. მან მოუწოდა საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური პლატფორმებისა და შეხედულებებისა, ყველაფერი გადადონ და ერის საკეთილდღეოდ კონსოლიდირება მოახერხონ. 

აშკარაა, რომ კოკოითი პუტინის მაგალითითაა შთაგონებული და კონსოლიდირებული ერის სათავეში სწორედ საკუთარ თავს, როგორც ერის ლიდერს ისე ხედავს.

“ჩვენ ყველაზე მთავარს მივაღწიეთ - გამარჯვებას, სახელმწიფოებრიობა ძვირად დაგვიჯდა, - განაცხადა პრეზიდენტმა კოკოითიმ, - დღეს კი წინ უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული ამოცანები გვაქვს, და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენი დანაკარგი და განსაცდელი ამაო არ აღმოჩნდეს”.
ყრილობამ და კოკოითის ინიციატივებმა საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადება კონსტიტუციის ხელშეუხე-ბლობის შესახებ ეშმაკურია - კონსტიტუცია სწორედაც უნდა შეიცვალოს, რომ რესპუბლიკა ავტორიტარიზმისგან დაცული იყოს.საქმე ისაა, რომ სამხრეთი ოსეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატი არანაკლებ 10 წლის მანძილზე მუდმივად უნდა იყოს რესპუბლიკაში ნაცხოვრები, ვიდრე საკუთარ კანდიდატურას უმაღლეს თანამდებობაზე წარადგენდეს.

ეს კი მკვეთრად ამცირებს პრეტენდენტთა რაოდენობას და პრეზიდენტის სავარძელს თითქმის უთავისუფლებს ედუარდ კოკოითის გუნდის წევრებს.

სამხრეთი ოსეთის სამივე მმართველის პერიოდში რესპუბლიკიდან მეთოდურად იდევნებოდა ოპოზიცია, ზოგჯერ კი ფიზიკურადაც ნადგურდებოდა. საბოლოოდ კი ხელისუფლების რეალურ ოპონენტთა შორის სამხრეთ ოსეთში არ დარჩა არც ერთი ქარიზმული და გავლენიანი ლიდერი, რომელიც კანონიერად შეძლებდა პრეზიდენტობის კანდიდატად თავის წარდგენას.

ეს სიტუაცია კოკოითის ერთპიროვნული ნების შედეგი არ ყოფილა. ეს ყველაფერი 20 წლის განმავლობაში გროვდებოდა - როგორც საქართველოსთან კონფლიქტის შედეგი.

არაღიარებული რესპუბლიკის მცხოვრებთა სასოწარკვეთილმა მდგომარეობამ, კონფლიქტის საომარ მდგომარეობად ქცევის მუდმივმა საშიშროებამ და რუსეთის მხრიდან რეალური დახმარების არარსებობამ, საჭირო გახადა ხელისუფლებისა და საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია.
ამ სიტუაციაში ნებისმიერი განსხვავებული აზრი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობის შერყევის მუქარად აღიქმებოდა და ლამის ღალატს უთანაბრდებოდა. ოპოზიციური პარტია “ირონის” პოლიტ-საბჭოს წევრის, ტიმურ ცხურბატის თქმით, “სამხრეთი ოსეთის ხელისუფლება  ოსტატურად იყენებდა საქართველოს ფაქტორს - ყველას, ვინც ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგებოდა, საქართველოს აგენტს არქმევდნენ”.

ოსი სამართალდამცავის ვისარიონ ოსეევის აზრით: “ადამიანებს იმის კი არ ეშინოდათ, რომ განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, უფრო იმას განიცდიდნენ, საზოგადოების თვალში მოღალატეებად არ გამოჩენილიყვნენ. საბოლოოდ კი ამან დემოკრატიული პრინციპების ნებაყოფლობითი უარყოფა გამოიწვია, რაც ნებაყოფლობითი ავტორიტარიზმით დასრულდა”.

ადამიანებს საომარი დროისთვის დამახასიათებელი ფასეულობები გაუჩნდათ.ისინი, ვინც საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ, ანდა კომფორტული ცხოვრების ძიებაში დატოვეს რესპუბლიკა, დარჩენილთა თვალში ავტორიტეტსა და კარიერის გაკეთების უფლებას კარგავდნენ. ამგვარი საზოგადოებრივი თვითშეგნების ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთი ოსეთის გარე სამყაროსგან მოწყვეტამაც. ადამიანებმა აქ დიდწილად შეინარჩუნეს საბჭოთა მენტალიტეტი.

“რას წარმოადგენს, რომ ჩვენი მმართველი გახდეს? ამდენ ხანს სად იყო”, - სამხრეთ ოსეთში ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ. ამიტომ “ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების ცენზის” შესახებ კანონის მიღება სამხრეთი ოსეთის მოქალაქეთა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა, იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა დროს რესპუბლიკის დატოვება ბევრი პატივცემული წარსულის მქონე ლიდერს მოუხდა. ახლა ეს მსოფლმხედველობა რესპუბლიკის განვითარებას უშლის ხელს.

2008 წლის ომის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. რესპუბლიკაში ჩამოყალიბება დაიწყო შიდა ოპოზიციამ. მანამდე ოპოზიცია წარმოდგენილი იყო სამხრეთი ოსეთის გარეთ, ცალკეული პირების სახით, რომლებიც პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის პირადად მტრობდნენ.

სამხრეთი ოსეთის პარლამენტის დეპუტატი, პარტია “ედინსტვოს” წევრი, ამირან დიაკონოვი შიდა ოპოზიციის გამოჩენას კოკოითის მიერ 2008 წლის ომის შემდეგ აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებას უკავშირებს: “რესპუბლიკას ჰქონდა შანსი, საკუთარი ეკონომიკა და სოციალური სფერო პრინციპულად ახალ დონეზე აეყვანა. თუმცა, რესპუბლიკის ინტერესები ცალკეული რუსი ჩინოვნიკების მოქრთამვას ანაცვალეს, რომლებიც ბიუჯეტის დატაცებაში დაოსტატდნენ”. 

რესპუბლიკას, რომელშიც მუდმივი მოსახლეობა 35-40 ათას ადამიანს შეადგენს, რუსეთმა აღდგენითი სამუშაოებისთვის 1 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოუყო.

თუმცა, ომიდან 2 წლის თავზე დამწვარი 400 სახლიდან აღდგენილია მხოლოდ 60 სახლი. ცხინვალში დღემდე არ არის უზრუნველყოფილი წყლისა და ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება. სამაგიეროდ, მაღალ დონეზეა გარემონტებული რკინიგზის სადგური, თუმცა რესპუბლიკაში რკინიგზა არ არის. სამხრეთი ოსეთის ფისკალური ორგანოების წარმომადგენლის თქმით, რომელიც ანონიმურად გვესაუბრა, საშუალოდ, რუსეთის მიერ გამოყოფილი ერთი რუბლიდან, რეალურად საქმეს 30 კაპიკიც არ მოხმარდა, დანარჩენი - მოიპარეს.

ტიმურ ცხურბატი საზოგადოებაში საპროტესტო განწყობის ზრდას 2008 წლის აგვისტოს ომსაც უკავშირებს, თუმცა, მისი აზრით, სხვა მიზეზებიც არსებობდა: “პრეზიდენტმა ომის დაწყების წინ საომარი მდგომარეობა არ გამოაცხადა; მეტიც, მან პირადად გაუშვა ადამიანები სახლებში, რის გამოც, ბევრმა იარაღის მიღება ვერ შეძლო. 7-დან 8 აგვისტოს ღამით ხინვალის თავდაცვა არ იყო ორგანიზებული. ჩვენ ეს მიხეილ სააკაშვილის ხრიკის შედეგი გვეგონა, რომელმაც წინა დღეს კონფლიქტის ზონაში ძალის გამოუყენებლობაზე ილაპარაკა. მაგრამ, ომიდან ერთი თვის შემდეგ სამხრეთი ოსეთის “კაგებეს” უფროსმა, გენერალმა ატოევმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართული ჯარის შემოსვლამდე 4 საათით ადრე მათთვის ცნობილი იყო მოსალოდნელი საომარი მოქმედებების შესახებ”.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რესპუბლიკის მეთაური იმაში დაადანაშაულეს, რომ მან ვერ შეძლო ცხინვალის თავდაცვის უზრუნველყოფა -  სამხრეთ ოსეთის ისტორიაში ოცი წლის მანძილზე ხელისუფლების სიწმინდე პირველად შეიბღალა.

ნებისმიერ შემთხვევაში, 2008 წლის  შემდეგ ომის საშიშროება შემცირდა, შესაბამისად, გაქრა საზოგადოებისა და ხელისუფლების კონსოლიდაციის აუცილებლობაც.

ხელისუფლებისთვის ახალი შეკითხვების დასმის დრო დადგა.

ადამიანები კორუფციის პრობლემებით, კანონების და სამოქალაქო უფლებების არასრულყოფილებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით და ბევრი სხვა
საკითხით დაინტერესდნენ.

მთავრობის სახლთან მიტინგებისა და პიკეტების გამართვა, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და ხელისუფლებისადმი, არა მატერიალური, არამედ ფასეულობითი პრეტენზიების გაჩენა  სამხრეთ ოსეთში სიახლეა. დღეს ადამიანებს არათუ აღარ ერიდებათ ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრების გამოთქმა, არამედ ამაზე წერენ კიდეც.

მეორე მხრივ, ადამიანის უფლებათა დამცველის ვისარიონ ოსეევის აზრით, ხელისუფლებას არ აწყობს იმ კომფორტული მდგომარეობის დათმობა, რის გარანტიასაც მას ქართული მუქარა აძლევდა. დღეს, 2008 წლის შემდეგ, როცა ყველაფერი ძალიან შეიცვალა, კოკოითი ვეღარ შეძლებს საზოგადოების გაერთიანებას ქართული საფრთხის წინააღმდეგ. ამ ხელისუფლებისა და საზოგადოების შემდგომი კონსოლიდაცია სამხრეთი ოსეთისთვის დამღუპველია.
ხალხმა უნდა გააცნობიერის, რომ ახლა სხვა დროა - სამხრეთ ოსეთს ახალი პოლიტიკური ტრადიციის ჩამოყალიბების ხანგრძლივი და მტკივნეული პერიოდი დაუდგა.

სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და არა “ლიბერალს”

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.