სჭირდება თუ არა აფხაზეთს საკუთარი ვალუტა?

სჭირდება თუ არა აფხაზეთს საკუთარი ვალუტა?

სჭირდება თუ არა აფხაზეთს საკუთარი ვალუტა?

ფოტო © "ლიბერალი"

რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ ქვეყნის დღის წესრიგში მთელი რიგი საკითხები დადგა, რომლებიც ქვეყანამ ეტაპობრივად უნდა გადაწყვიტოს.

მათ შორისაა - სჭირდება თუ არა აფხაზეთს საკუთარი ვალუტა? ახალგაზრდა სახელმწიფოში, რომელიც დამოუკიდებლად პირველ ნაბიჯებს დგამს და რომელიც დღეს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა ქვეყნებმა აღიარეს, ცხადია, ეს ნომერ პირველი საზრუნავი არ არის, მაგრამ ეკონომისტები ამ თემაზე უკვე სერიოზულად მსჯელობენ.

ინტეგრაციული პროცესების გაძლიერება, მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაცია და გახშირებული ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისები ახალი გზების და მექანიზმების ძიებას მოითხოვს ქვეყნების მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად.

ერთ-ერთი ასეთი გზაა ნაციონალურ ვალუტაზე უარის თქმა ან ზენაციონალური ვალუტის სასარგებლოდ, როგორიცაა მაგალითად ევრო, ან  -  სხვა, უფრო მდგრადი ვალუტის - მაგალითად, დოლარის.

ქვეყნების დიდი უმრავლესობა, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირდებიან, დგებიან ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც საკუთარი ვალუტის არსებობით გამოწვეული ხარჯი მის უპირატესობას აჭარბებს.

ამასთან, ისეთ პატარა და, რაც მთავარია, ახალგაზრდა სახელმწიფოებში, როგორიცაა აფხაზეთი, ეროვნული ვალუტა უმრავლესობის ცნობიერებაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს.  აფხაზეთში ბევრი ფიქრობს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად ქვეყანას თავისი ფულიც უნდა გასჩენოდა, ისევე როგორც დროშა, ჰიმნი და ასე შემდეგ.

თანამედროვე აფხაზეთი, რომელიც რუსულ რუბლს გადახდის ოფიციალურ საშუალებად იყენებს, იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ეკონომიკის სრული დოლარიზაციის პოლიტიკას ატარებენ.

ექსპერტი ბატალ ბარათელია მიიჩნევს, რომ ეროვნულ ვალუტაზე უარის თქმა სახელმწიფოს სენიორაჟიდან (ფულის ემისია) და ინფლაციური გადასახადიდან შემოსავალს აკარგვინებს. იკარგება ასევე ეკონომიკის რეგულირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი _ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

თუმც, მისი აზრით, მაინც არასწორი იქნებოდა, ჩაგვეთვალა, რომ რუსული რუბლის გამოყენება აფხაზეთის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

"აშკარაა, რომ ეროვნული ვალუტის შემოღების შემთხვევაში, ძალიან მაღალი იქნებოდა მომსახურებისა და გაცვლითი ოპერაციებისთვის განკუთვნილი ტრანზაქციური ხარჯები. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის ეკონომიკა დიდწილად ექსპორტზეა დამოკიდებული, ეს გარემოება ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლის მიზეზი გახდებოდა", - მიიჩნევს იგი.

თუმცა, არც ეს არის მთავარი. ეროვნული ეკონომიკა პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე. მაგალითად, აფხაზეთის ეკონომიკურ პროცესებზე გავლენას საპროცენტო განაკვეთი ან, მაგალითად, ინფლაცია კი არ ახდენს, არამედ სოფლის მეურნეობის მოსავალი ან დამსვენებელთა ნაკადი საკურორტო სეზონზე. პირველი ფაქტორი  ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული, მეორე კი _ უფრო ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოებებზე, ვიდრე აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკაზე.

ამიტომ, ნაციონალური ემისიური ცენტრის და, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის არსებობა ალბათ ვერ შექმნიდა მაკროეკონომიკური რეგულირების ეფექტურ ინსტრუმენტს _ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.

რუსული რუბლით სარგებლობის აშკარა უპირატესობა ისიც გახლავთ, რომ აფხაზეთის ხელისუფლებას არ უწევს ფასების სტაბილიზაციაზე ზრუნვა, ინფლაციასთან ბრძოლა, საპროცენტო განაკვეთების შემცირება და ფინანსური რესურსების გაიაფება; ასევე ის, რომ შეუძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ინფლაციური დაფარვა; მოხსნილია, აგრეთვე, საგადასახადო ბალანსის რეგულირების ამოცანა, სავალუტო კურსის განსაზღვრის და ვალუტის სპეკულანტებისგან მისი დაცვის პრობლემა.

ეკონომისტ ანდრეი ბგაშბას მთავარი არგუმენტი აფხაზური ფულის სასარგებლოდ ის არის, რომ ნაღდი ფული, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს, აფხაზეთში არ ჩერდება და რუსეთში გადის.  "ძალიან მარტივი ჯაჭვია: ვიღებ ხელფასს, მივდივარ მაღაზიაში, ვყიდულობ პროდუქტს და მთელი ჩემი ფული კონსოლიდირდება ერთი მეწარმის ხელში და მიდის სად? რუსეთში. ყოველთვიურად აფხაზეთის ეროვნული ბანკი ნაღდი ფულის გარკვეულ თანხას გასცემს იმისათვის, რომ ხელფასები დარიგდეს", - ამბობს ექსპერტი.

აფხაზეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნაღდი ფულის ბრუნვამ 2009 წელს ქვეყანაში 11 მილიარდი რუბლი შეადგინა. თითქმის სრულად ამ ფულმა აფხაზეთის ფარგლები დატოვა. ბგაშბა ამბობს, რომ ეს ფული რომ ეროვნულ ვალუტაში ყოფილიყო, ქვეყნის შიგნით დარჩებოდა.

კიდევ ერთი არგუმენტია ის, რომ, ეროვნული ვალუტის არსებობის პირობებში, ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლა უფრო ეფექტური იქნება.

ბგაშბას აზრით, ეს არ იქნება ეროვნული ვალუტა კლასიკური გაგებით,  რომელიც ოქროს მარაგითა და სხვა აქტივებითაა გამყარებული, არამედ ეროვნული ვალუტის ერთგვარი სუროგატი, რომელიც ქვეყნის შიგნით ნაღდი ანგარიშსწორების დროს გამოიყენება.

ეკონომისტის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი რუსულ რუბლზე უარს იტყვის და ეროვნული ვალუტის შემოღებას გადაწყვეტს, ქვეყანას ორი მთავარი პრობლემა შეექმნება. პირველი _ ეს იქნება სამართლებრივი: ფულადი ნიშნების გაყალბების საშიშროება, და მეორე _ პოლიტიკური _ რუსეთისთვის ეს ნაბიჯი ძნელი ასახსნელი იქნება.

აფხაზეთის ეროვნული ბანკი ჯერჯერობით არ აპირებს ეროვნულ ვალუტაზე სერიოზულად ფიქრს. მან არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ნაციონალური ფინანსური სისტემის სტაბილიზაციისთვის სხვა გზა აირჩია; კერძოდ, ელექტრონული გადახდის სისტემის შემოღება, რომელიც აფხაზეთში ჯერ არ მოქმედებს.

სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და არა "ლიბერალს"

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება