შეთანხმებული კამპანია

აფხაზეთის დროშა

აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატებმა ხელი მოაწერეს ქარტიას „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და წესების დაცვით თამაშის პირობა დადეს, რათა 2004 წლის არჩევნების მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორდეს. უკვე დღეს წინასაარჩევნო ბრძოლა სრული ტემპით მიმდინარეობს. ერთ-ერთ კანდიდატს – სერგეი შამბას – რამდენიმე ათეულმა გავლენიანმა პირმა გამოუცხადა მხარდაჭერა. ყველაფერი სამართლიანად მოხდა. ამ შეხვედრაზე შავ პიარს ადგილი არ ჰქონია.

შეთანხმება, რომელსაც კანდიდატებმა ხელი მოაწერეს, რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს ითვალისწინებს, როგორიც არის მანიპულაციების, ფალსიფიკაციის და შავი პიარის გამოყენების დაუშვებლობა, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის კანონის ფარგლებში ჩატარება. კერძოდ, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი იმ დემოკრატიული პროცესების გამოძახილია, რომლებიც აფხაზეთში უნდა ჩატარდეს.

კანდიდატებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და საკუთარ შტაბებს მიაშურეს, რათა  წინასაარჩევნო აგიტაციები დაეწყოთ. შეთანხმების ხელმოწერა დროული იყო, რადგან რუსულ მედიაში უკვე იბეჭდებოდა შეკვეთილი სტატიები, რომელიც რაულ ხაჯიმბას და ალექსანდრ ანქვაბს ტალახში სვრიდა. ჟურნალისტები თითქმის ასპროცენტიანი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს სტატიები ნინა ოდინოკოვას პოლიტტექნოლოგების ჯგუფის ნამოქმედარია. ოდინოკოვა ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერის ბესლან ბუთბას თანამოაზრეა. რადგანაც ეს პარტია სერგეი შამბას მხარდამჭერია, გამოდის, რომ შავი პაირი, ყოველ შემთხვევაში წინა კვირამდე, სწორედ მის სასარგებლოდ მუშაობდა. ეს იოლი მისახვედრია, თუ ბოლო დროს ინტერნეტ-გამოცემებში გამოქვეყნებულ სტატიებს წაიკითხავთ. ერთ-ერთ სტატიაში შამბა დახასიათებულია როგორც ექსცენტრული პოლიტიკოსი, რომელიც მოსკოვში ერთ-ერთ ჩინოვნიკს ხელებით სწვდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა აფხაზეთის სუვერენიტეტის შეზღუდვა შესთავაზა. აფხაზი აუდიტორიისთვის შამბასგან მებრძოლი პოლიტიკოსის იმიჯს ქმნიან. თუმცა, აქამდე იგი ცნობილი იყო როგორც მშვიდი და დიპლომატი პოლიტიკოსი, რომელიც ზედმეტ ყურადღებას აქცევდა შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურას.

ამჯერად საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგნენ შეკვეთილი სტატიების საკითხს. დრო აჩვენებს, ქარტიის ხელმოწერით რამე შეიცვლება თუ არა. თუ ერთმანეთისთვის ტალახის სროლა კვლავაც გაგრძელდება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მინიმუმ ერთი გუნდი შეთანხმების პირობებს არღვევს.

გასულ კვირას სოხუმში გაიმართა შეხვედრა, რომლის ორგანიზატორებიც საზოგადოებას შამბას მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. აგიტატორებს შორის ყველაზე ცნობილები მწერალი ბორის გურგულია, სომხური საზოგადოების ლიდერი გალუსტ ტრაპიზონიანი და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ. ერთი სიტყვით, მონაწილეებს შორის არცერთი მაღალი დონის პოლიტიკოსი არ ყოფილა. თუმცა, თავისი არაორიგინალურობის მიუხედავად,  მაინც ღირს შეხვედრის მონაწილეების განცხადებისთვის ყურადღების მიქცევა.მაგალითად, ითქვა, რომ აუცილებელია ისეთი ალიანსის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა მთელ ერს „განურჩევლად ნაციონალური, რელიგიური, თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.“ დოპუას აზრით, ამ გაერთიანებას „აფხაზი ერის კონგრესი“ უნდა ეწოდოს, ლიდერი კი სერგეი შამბა უნდა გახდეს. ეს ინიციატივა ძალიან ჰგავს რუსულ წინასაარჩევნო იდეებს. იქ ჰყავთ ერთი ლიდერი – ვლადიმირ პუტინი, რომელიც საერთოეროვნულ ფრონტს ქმნის. როგორც ჩანს, რუს ტექნოლოგებს სულაც არ სჭირდებათ აფხაზეთის პრო- ცესებში მონაწილეობის მიღება, რადგან სოხუმელი შემოქმედები რუსულ იდეებს ისედაც წარმატებულად აკოპირებენ.

ამას გარდა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი. ბოლო პერიოდში ამ იდეაზე აქტიურად საუბრობენ აფხაზეთში. პროპორციები იმის მიხედვით იქნება გადანაწილებული, თუ ხმების რა ნაწილს მიიღებენ კანდიდატები არჩევნებზე. ეს ელიტისთვის მომგებიანი სვლა იქნებოდა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფს ხელისუფლებისკენ გაუხსნიდა გზას. თუმცა თავად კანდიდატებმა არ დაუჭირეს მხარი ამ იდეას და ეს სრულებით გასაგებიცაა. კოალიციური მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს ხელფეხს შეუკრავს. 

სერგეი შამბას შტაბი უკვე სრული დატვირთვით ამუშავდა. აფხაზეთის მასშტაბით მოძრაობს აგიტატორების ჯგუფები. მზადება რაულ ხაჯიმბას გუნდშიც დაიწყეს, სადაც ტრადიციულად ბევრი ადამიანი და იდეა ტრიალებს.

ამ ფონზე უცნაურად გამოიყურება ალექსანდრე ანქვაბი. ბოლო პერიოდში მან ერთადერთი ინტერვიუ მისცა რუსულ ჰოლდინგ  РБК-ს. ჟურნალისტებისთვის ცნობილია, რომ ანქვაბი არ გეგმავს აქტიურ აგიტაციას და, შესაძლოა, სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზეც უარი თქვას. მას  ბევრი თანაგუნდელი არ ეთანხმება. მათი აზრით, მხოლოდ საკუთარ იმიჯზე დაყრდნობა არასწორია და აუცილებელია აგიტაცია, მით უმეტეს, რომ უკვე დიდი ხანია, მისი ხმა აღარ ისმის.

დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი იმდენად დარწმუნებულია გამარჯვებაში, რომ წინასაარჩევნო კამპანიაზე დახარჯვას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ამასთან, სოხუმში ანქვაბის გამარჯვებასთან დაკავშირებით იმდენად უცნაური ატმოსფეროა შექმნილი, რომ ზოგიერთი მოქალაქე საჭიროდაც კი არ მიიჩნევს არჩევნებზე წასვლას.

„ჩემი აზრით, გამარჯვებულის ვინაობანათელია. თუ რამე არ მოხდა და მის წინააღმდეგ რაიმე კომპრომატები არ გამოაქვეყნეს, ანქვაბი გაიმარჯვებს. ამჯერად მას ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი უჭერს მხარს, რომლებიც ადრე მის მიმართ სიმპათიებით არ ყოფილან განწყობილნი,“ – ამბობს რადიო  Сома-ს გადაცემების ავტორი დიმიტრი ბელი.

თუმცა კონკურენტების შტაბებში დარწმუნებულნი არიან, რომ გამარჯვების შანსი ყველას თანაბრად აქვს.

დამკვირვებლების შეფასებები იყოფა. სერგეი შამბას, სავარაუდოდ, რიგი რეგიონები, ინტელიგენცია და ნომენკლატურა დაუჭერს მხარს. გაურკვეველია ოპოზიციის შესაძლებლობები. სულ რაღაც ნახევარი წლის წინ სამმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ხმების 35 პროცენტი მიიღო. შეძლებს კი ხაჯიმბა ამჯერად ელექტორატის თავის ირგვლივ გაერთიანებას, თუ ეს ადამიანები ანქვაბს მიანიჭებენ უპირატესობას? პასუხები ჯერ არ არსებობს.  

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი,  გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.