თავისუფლება ქალისუფლებას (2012)

2012 წლის 12 მარტს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ უმასპინძლა მრგვალ მაგიდას თემაზე „ლბტ უფლებები ქალთა უფლებებია“.  მრგვალი მაგიდა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ 8 მარტის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული კამპანიის ნაწილია. დისკუსიამდე მონაწილეებმა აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მოწყობილი პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა „საკუთარი ოთახი“  დაათვალიერეს. 

მრგვალი მაგიდა ეკა აღდგომელაშვილის მოხსენებით დაიწყო, რომელიც საქართველოში ლბტ (ლესბოსელი/ბისექსუალი/ტრანსგენდერი) ქალების მდგომარეობას ეხებოდა. მოხსენების საფუძველი „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“  მიერ მომზადებული ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღკვეთის (CEDAW) კომიტეტისთვის წარსადგენი ჩრდილოვანი ანგარიში იყო.  მომხსენებელმა საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ იმ ხარვეზებს გაუსვა ხაზი, რომლებიც პირდაპირ ზღუდავენ ლბტ  ჯგუფის წარმომადგენლების უფლებებს. რეალურად, საქართველოს კანონმდებლობა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ანტიდისკრიმინაციული -  კონსტიტუციით აკრძალული დისკრიმინაციის საფუძვლების შესახებ მუხლის ჩამონათვალში არაა შეტანილი სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. მსგავსი ვითარებაა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ერთ-ერთ მნიშნელოვან პრობლემად რჩება სიძულვილის ენის ფართოდ გამოყენება ლგბტ ადამიანების მიმართ, რაც მხოლოდ მაუწყებლის კოდექსისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვეობით რეგულირდება.

თუმცა, დისკუსიისას გამოიკვეთა, თუ რამდენად რთულია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, ჩამოთვლილი ნორმატიული აქტების საფუძველზე პასუხისმგებლობა დააკისრო ჟურნალისტს ან გარკვეულ მედიას ჰომოფობიური განაცხადებისას. შემაშფოთებელია ასევე ახლახანს მიღებული კანონი პირადი მონაცემების დაცვის თაობაზე, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას და განსაჯაროებას ითვალისწინებს, რაშიც სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციაც შედის.

ეკა აღდგომელაშვილი პოზიტიურ ცვლილებებსაც შეეხო - მედიაში უკვე 2008 წლიდან გვხვდება ჰომოფობიური სიძულვილის ენის კრიტიკაც. განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია, რომ 2011 წლიდან ლგბტ საკითხები სულ უფრო ხშირად განიხილება ადამიანის უფლებათა კონტექსტში.

ნათია გვინიაშვილმა ლბტ ქალების აქტივიზმის შესახებ ისაუბრა. ლბტ ქალთა თემის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისათვის“. ნათიას განმარტებით, თემი საკმაოდ ჩაკეტილი და შეკრულია, თუმცა მნიშვნელოვანია მისი ხილვადობის გაზრდაც, რასაც თემის წევრი ქალების მიერ ერთობლივი აქტივობები უწყობს ხელს. ეს აქტივობები ძირითადად ხელოვნებაა, რის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება და გამოფენა ჩაუტარებია თემს: „სტალინალე“ (2007), „სტალინალე II” (2009), ლბტ გამომცემლობა „ელბიტიკა“ და სხვა.

ლბ (ლესბი და ბისექსუალი) ქალებისთვის ვირტუალური კომუნიკაციების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა მრგვალი მაგიდის შემდეგმა მომხსენებელმა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 2009 წლის სტიპენდიატმა შორენა გაბუნიამ, რომლის კვლევა თბილისელ ლბ ქალებს ეხება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარი გენდერული იდენტობის გაცხადებისათვის „მეგობრული“ სივრცის არსებობის აუცილებლობას.

მონაწილეების მხრიდან დასმული შეკითხვები მრავალფეროვანი იყო: ლგბტ ორგანიზაციების და ზოგადად უფლებადამცველების სოლიდარობის საკითხი, სექსუალური ორიენტაცია, როგორც პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და პრიორიტეტები, ლგბტ საკითხების მიმართ დამოკიდებულების ტენდენციები მედიაში და სახელისუფლებო წრეებში, ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება და წინასაარჩევნო კამპანიისას თანამშრომლობის შესაძლებლობები, სპეციალური ტრენინგები და უმაღლეს სასწავლებლებში ინტეგრირებული საგანმანათლებლო კურსები. 

შესაბამისად, გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, და უკანასკნელი წლების განმავლობაში ტენდენცია არ იცვლება.  მიუხედავად ამისა, „ჩაკეტილ წრეში“ ტრიალის განცდამ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ქართული საზოგადოების ჰომოფობიურ განწყობებთან ბრძოლის ახალი ფორმების და გზების ძებნის სურვილი.