თოვლიანი ჩიხი

თოვლიანი ჩიხი

თოვლიანი ჩიხი

ალა ჯიოევას და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია. ცინვალი, 1 დეკემბერი, 2011. ფოტო: ედუარდ კორლიენკო/REUTERS

"არავითარი კომპრომისი! სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არჩევნების შედეგების აღიარებაა. მე ათასობით ადამიანმა დამიჭირა მხარი. მე ვარ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი", - განაცხადა 62 წლის ალა ჯიოევამ თავისი მხარდამჭერების მიტინგზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, სერგეი ვინოკუროვთან შეხვედრიდან გამოვიდა. უკვე ათ დღეზე მეტია, ჯიოევა და მისი მომხრეები ცხინვალის ცენტრში ყინვასა და თოვლში დგანან და არჩევნების შედეგების აღიარებას ითხოვენ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატის, ალა ჯიოევას გამარჯვების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, რამაც რესპუბლიკაში ვითარება უკიდურესად დაძაბა. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მეორე ტურში ალა ჯიოევამ ხმების 57 პროცენტი მოაგროვა, კრემლის კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა კი - 40.

ვითარების განსამუხტავად რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ ოსეთში თავისი წარმომადგენელი, სერგეი ვინოკუროვი მიავლინა, თუმცა სრულიად უშედეგოდ. "რა აზრი აქვს ისეთ მოლაპარაკე- ბებს, როდესაც ერთი მხარე თავის პოზიციაზე დგას, არ მოდის არანაირ დათმობაზე და მხოლოდ ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელ ბრალდებებს აყენებს? როდესაც რუსი ჩინოვნიკები მე ღიად მეუბნებიან, რომ არ ვაკმაყოფილებ სახელმწიფოს მეთაურის დონეს, არ შევეფერები ამ თანამდებობას და რომ თითქოს არჩევნებზე იყო ფალსიფიკაციები, ეს რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია", - განუცხადა ჯიოევამ თავის მხარდამჭერებს ვინოკუროვთან შეხვედრის შემდეგ.

ცხინვალში ზამთარი ადრე დაიწყო. განუწყვეტლივ თოვს და ყინავს. თუ მზემ ოდნავ გამოანათა, აქაურობა უფრო საშინელი სანახავია - თოვლი ჭუჭყიან წყლად იქცევა, ირგვლივ იმხელა გუბეებია, რომ მანქანებსაც უჭირთ გადაადგილება.

2-3 ათასი ადამიანი ყოველდღე გამოდის ქალაქის ცენტრში ჯიოევას მხარდასაჭერად. აქა-იქ დგას დიდი კასრები, რომელშიც ცეცხლი უნთიათ. ხალხს შეშა მოაქვს, რომ ცეცხლი არ ჩაქრეს და ქალებმა ხელის გათბობა მაინც შეძლონ.

"ჩვენ ხალხი ვართ და არა ნახირი", "რუსეთო, მოგვაშორე ტირანი კოკოითის რეჟიმი!" - ამ შინაარსის ტრანსპარანტები უჭირავთ აქციაზე. ყველგან თეთრი-ყვითელ-წითელი დროშები ფრიალებს. თავად ქალბატონ ჯიოევასაც შარფის მაგივრად სამხრეთ ოსეთის დროშა აქვს ყელზე შემოხვეული.

გამოსვლების დროს ჯიოევა მოუწოდებს თავის მომხრეებს, ბოლომდე იბრძოლონ.

ხალხი უფრო რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვს, მაგალითად, რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების შენობაში შეჭრას ან ინაუგურაციის თარიღის დაჩქარებას. ინაუგურაცია 10 დეკემბრისთვის იგეგმება. თუმცა, რა იქნება შემდეგ, არავინ იცის, რადგან ჯიოევას კანონიერებას სასამართლო არ ცნობს.

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აღიარებენ, რომ რესპუბლიკა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. მიტინგების დაწყების დღიდან ორივე მხარე პროვოკაციების საშიშროებაზე საუბრობდა. პროგნოზები გამართლდა - სახლს, სადაც რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და მისი ოჯახი ცხოვრობს, უცნობებმა "მუხას" ტიპის ყუმბარა ესროლეს. პროკურორს და მის ოჯახს, რომლებსაც სახლში ეძინათ, არაფერი დამართნიათ. სამაგიეროდ, იმ კორპუსში მცხოვრები ყველა ოჯახი ყინვაში ფანჯრების გარეშე დარჩა. კოკოითიც და ჯიოევაც აცხადებენ, რომ ეს იყო პროვოკაცია მათ წინააღმდეგ.

ჯიოევამ კოკოითს არჩევნების შედეგების აღიარებისთვის ულტიმატუმი წაუყენა. ულტიმატუმის თანახმად, კოკოითი უნდა გადამდგარიყო და ინაუგურაციის თარიღი დაენიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯიოევა იხსნიდა პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. თუმცა ულტიმატუმის დრო ისე ამოიწურა, რომ კოკოითმა ეს ულტიმატუმი არც კი განიხილა. ვერც ვინოკუროვის ჩამოსვლამ განმუხტა ვითარება. კრემლი დღეს საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების ირგვლივაა კონცენტრირებული და ვერ ხვდება, რომ სამხრეთ ოსეთში ნელ-ნელა ავტორიტეტს კარგავს.

კრიზისული სიტუაცია ცხინვალში, შესაძლოა, ძალიან დიდხანს გაიწელოს. კრემლის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო ვითარება ყველასთვის ძალიან უცნაურად წარიმართა: ჯიოევა, რომელიც თავიდანვე მოსკოვის მიმართ ლოიალური იყო, ახლა მოსკოვისვე გადაწყვეტილებით, ჩიხშია და არ იცის, რო- გორ მოიქცეს; ბიბილოვი, რომელიც კრემლის კანდიდატი იყო, დისკრედიტებულია ხალხის თვალში და მისი ბევრი მხარდამჭერი ახლა ჯიოევას მიტინგზე დგას; კოკოითიზე საუბარიც არ ღირს, მას კარგა ხანია რესპუბლიკაში ბანდიტს უწოდებენ. თუმცა, ყველაზე რთულ მდგომარეობაში კრემლმა საკუთარი თავი ჩაიყენა - მოსკოვმა ვერ უზრუნველყო საკუთარი კანდიდატის პირველ ტურში გა- მარჯვება და ახლა აშკარად და ღიად უპირისპირდება ოსი ხალხის ნებას, როგორც ეს 2005 წელს აფხაზეთში გააკეთა და ასევე 2004 წელს უკრაინაში.

"რატომ იქცევა კრემლი ასე, ჯიოევა ხომ პრორუსია?" - ხშირად გაიგონებთ ამ კითხვას. პროფესიით რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ალა ჯიოევა წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად იმეორებდა, რომ იგი "პასპორტითა და სულით" რუსია.

არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც ჯიოევა ძალიან ეცადა მოსკოვის მხარდაჭერის მოპოვებას, თუმცა კრემლიდან უარი მიიღო. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ კრემლს სამხრეთ ოსეთში მხოლოდ ლოიალური პრეზიდენტი კი არ სჭირდება, არამედ ადამიანი, რომელიც ყურმოჭრილად დაემორჩილება ყველა მის ღია თუ ფარულ ბრძანებას.

ასეთი ოყო კოკოითი, რომელმაც მოახერხა მილიარდიანი რუსული დახმარების ისე აორთქლება, რომ ამ ფულის კვალს ვერავინ მიაგნო. რაც უნდა ილაპარაკოს კრემლმა, ცხადია, რომ კოკოითი ამას მარტო, მოსკოველი მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე ვერ გააკეთებდა.

ცხინვალში ამბობენ, რომ მართალია, კრემლი გაბრაზებულია კოკოითიზე, რომელმაც ფულის მოპარვის საქმეში აშკარად გადაამლაშა, მაგრამ არც იმდენად, რომ მის ნაცვლად არაპროგნოზირებად ჯიოევას დაუჭიროს მხარი, რომელმაც შესაძლოა ამ "ფულის კეთების" სცენარში ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

ამდენად, მოსკოველი ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც სამხრეთ ოსეთისთვის გამოყოფილი ფულით მდიდრდებიან, ცხინვალში სწორი პარტნიორის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მოლაპარაკებებს, რომლებიც მთავრობის სახლში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც ესწრებოდა.

ოსეთში დარწმუნებულები არიან, რომ ის კრიზისი, რომელიც დღეს რესპუბლიკას უდგას, სწორედ კოკოითის ინიცირებულია. "ვიცოდი, რომ ისე არ წავიდოდა. აუცილებლად კუდი უნდა მოექნია მაგ უნამუსოს," - ამბობს ერთ-ერთი მომიტინგე მამაკაცი.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლის პოზიციის გამო აქ ძალიან გაბრაზებულები არიან, სიტუაციის განმუხტვის იმედი ისევ რუსეთიდან აქვთ. "რესპუბლიკაში ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქეა, კრემლს არა აქვს უფლება, ეს რეგიონი გაჭირვებაში დატოვოს," - ხშირად გაიგონებთ ცხინვალში.

კოკოითისთვის დღეს მნიშვნელოვანია არა იმდენად ბიბილოვის გამარჯვება, რამდენადაც ჯიოევას დამარცხება. ჯიოევას უფრთხიან არა მხოლოდ ცხინვალის მმართველ ელიტაში, არამედ კრემლში.

ამის მიზეზი ჯიოევას მთავარი მოკავშირე - სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ექს-მინისტრი
ანატოლი ბარანკევიჩია. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა რესპუბლიკაში, რომელიც შიდაელიტური კონფლიქტებისა და ქონების გადანაწილების ინიციატორი შეიძლება გახდეს. ეს კი სამხრეთ ოსეთს კიდევ უფრო უმართავს გახდის.

კოკოითის კრემლის ფავორიტთან - ანატოლი ბიბილოვთანაც არ ჰქონდა კარგი ურთიერთობები. ბიბილოვთან მომუშავე რუსი პოლიტკონსულტანტები მიანიშნებდნენ, რომ კოკოითის მხრიდან მხარდაჭერამ ბიბილოვს ცუდი საქმე გაუკეთა. არ არის გამორიცხული, რომ კოკოითიმ, რომელმაც კარგად იცის რამდენად არაპოპულარულია, გამიზნულად დაუჭირა მხარი ბიბილოვს და ამით კრემლს პრობლემები შეუქმნა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ჯიოევამ არჩევნებში გაიმარჯვა, კოკოითისა და კრემლის ინტერესები დაემთხვა.

ექს პერტები ამბობენ, რომ ეს დროე- ბითია. თუ არჩევნების შედეგების გაუქმება და ოპოზიციის დაშოშმინება მოხერხდა, კრემლი თავისი კანდიდატის - ბიბილოვის გაპრეზიდენტებას შეეცდება, კოკოითი კი, სავარაუდოდ, ისევ არევს ვითარებას და პრეზიდენტად თავისი კანდიდატის გაყვანას მოინდომებს.

დამკვირვებლები შიშობენ, სიტუაცია, შე- საძლოა, უმართავი გახდეს და სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში ბევრი იარაღია, ეს ალბათობა იზრდება. სამხრეთ ოსეთი პატარა რესპუბლიკაა და აქ ძალიან მცირე დაპირისპირებასაც, შესაძლოა, კატასტროფული შედეგი მოჰყვეს. გარდა ამისა, შექმნილი სიტუაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ ცხინვალის მოსახლეობაში იზრდება პროტესტი მოსკოვისა და კრემლის პოლიტიკის მიმართ. ეს ყველაფერი ხანგრძლივ პოლიტიკურ არასტაბილურობას და რუსეთის ავტორიტეტის დაცემას ნიშნავს.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება