უპირობო ჩიხი

უპირობო ჩიხი

უპირობო ჩიხი

ფოტო: რია ნოვოსტი/Reuters

კრემლი გაგრას ითხოვს?  –  რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის დემარკაციის პროცესში სახიფათო ნაღმები იმალება.

შესაძლოა, პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში  ყველაზე რთული გამოცდის წინაშე აღმოჩნდეს. მასთან შედარებით უმნიშვნელოდ მოჩანს ის დრამატული მოვლენები, 2004 წელს ბაღაფშის ხელისუფლებაში მოსვლას თან რომ ახლდა.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის დემარკაციის პროცესი. ამჟამად ამ საკითხზე მოლაპარაკება დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მხარეები კომენტარებისგან თავს იკავებენ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს პერიოდი დასასრულს უახლოვდება.

კულუარული ინფორმაციით, რუსული მხარე სოხუმს 160 კვადრატული კილომეტრის – ანუ გაგრის რაიონის თითქმის მთელი ჩრდილო-დასავლეთის გადაცემას სთავაზობს... თუ მოითხოვს (ვის როგორ ურჩევნია).

მსოფლიოში ტერიტორიით  ყველაზე დიდ სახელმწიფოს, იაპონიასთან კურილიის კუნძულებთან დაკავშირებული დავის გამწვავების ფონზე, კიდევ ერთი ტერიტორიული ხასიათის ნაღმი რაში სჭირდება? თავად რუსებისთვის  ეს რიტორიკული კითხვაა, მაგრამ პატარა აფხაზეთისათვის ქვეყნის

ტერიტორიის ასეთი დიდი ნაწილის დაკარგვა კატასტროფის ტოლფასია. ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა აუცილებლობას არ წარმოადგენს – რა თქმა უნდა, ყველა ერთმნიშვნელოვნად წინააღმდეგია. სულ რაღაც უახლოეს წარსულში (1992-93 წლების საქართველო-აფხაზეთის ომის დროს)  ამ მიწაზე სისხლი დაიღვარა.  მასზე ასე მარტივად უარს არავინ იტყვის, თუნდაც აფხაზეთის ერთადერთი რეალური პარტნიორის სასარგებლოდ.

მოსკოვს ზუსტად ესმის, რა არაპოპულარულია აფხაზებში ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი. მიუხედავად ამისა, ის ამ წინადადებას მაინც აყენებს. სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ამ საკითხს გაგებით მოეკიდება.

ოფიციალური სოხუმი ბევრად უფრო დამთმობი, ხათრიანი, და, რაც ყველაზე მთავარია, უფრო მადლიერია, ვიდრე ისინი, ვისაც ეს ხელისუფლება უნდა წარმოადგენდეს – აფხაზი ხალხი. ამის შესახებ კრემლმაც იცის და ამიტომ  სოხუმისათვის ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებით, რუსეთს ბაღაფშის ხელისუფლებისგან სრული 160  კილომეტრის თუ არა, ამის ნახევრის მიღების იმედი მაინც აქვს. ტერიტორიული დათმობის მისაღწევად რუსეთს არგუმენტები საკმარისზე მეტი აქვს და დამოუკიდებლობის აღიარების შეხსენება მათ შორის მთავარი სულაც არ არის. 

სოხუმზე ზეწოლის მთავარი ბერკეტი ფულია. ბოლო ორი წლის განმავლობაში აფხაზეთში მოსულმა ფინანსურმა წვიმამ, მართალია, აფხაზეთის ეკონომიკა ფეხზე ვერ დააყენა, მაგრამ ადგილობრივი ბიუროკრატია  ხერხულობამდე გაამდიდრა.

მოსკოვი შესაშური სიმშვიდით აკვირდება, თუ როგორ ილექება რუსი გადასახადების გადამხდელის თანხები აფხაზი ჩინოვნიკების ჯიბეებში; რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი რუსული დახმარებიდან  347 მილიონი რუბლის გაქრობას ქურდობას კი არა, “გაძვირებას” უწოდებს – ეს ყველაფერი მოსკოვის კეთილშობილებად ან, მით უმეტეს, სისუსტედ არ უნდა ჩავთვალოთ.
წვრილმანებზე გამოკიდება კრემლის ტრადიციებში არ შედის. მეტიც, რუსული  დახმარება კრემლის მდუმარე თანხმობით გაიფლანგა. ეს მოსკოვის წინასწარ გათვლილი და გაანგარიშებული სვლა იყო,  რომელსაც “აფხაზეთის ჩინოვნიკებში ინვესტირება” ეწოდება.

უნდა ითქვას, ფრიად მომგებიანი ბიზნესია. დებ ერთ რუბლს – იღებ ასს. მაგალითად, გასულ წელს “აფხაზეთის ჩინოვნიკებში რუსულმა ინვესტირებამ” გადასარევად იმუშავა:  მთელი წელი ხელისუფლების  მოსახლეობას “რუსეთის სიყვარულისკენ” მოუწოდებდა. ამას აფხაზი ჩინოვნიკები ხალხის “სწორ რელსებზე” დაყენებას ეძახიან.

თუმცა ამჯერად აფხაზეთის ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება. როცა ხელისუფლებამ რუსეთს სიმბოლურ ფასად სამი ელიტური აგარაკი – ხრუშჩოვის, გორბაჩოვის და ბერიას სახელმწიფო აგარაკები გადასცა, ან, ვთქვათ, რუსულ სახელმწიფო კორპორაცია “როსნეფტს” აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოპოვების ექსკლუზიური უფლება მისცა, ბაღაფშმა მოიფიქრა გარკვეული არგუმენტები საზოგადოების თვალში ამ ქმედებების გასამართლებლად. საინტერესოა, რას იტყვის იგი იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის მიწას რუსებს გადასცემს? ამ შემთხვევაში მას ვერანაირი არგუმენტი, თუნდაც ძალიან სუსტი, ვერ ექნება.

თუ კრემლისათვის ტერიტორიული პრეტენზიები მართლაც პრინციპული საკითხია, მაშინ სერგეი ბაღაფშს ძალიან არ გაუმართლა. თუ იგი მიწის ერთ გოჯსაც არ დათმობს, მაშინ, სავარაუდოდ, აფხაზეთში რუსული ფინანსური დახმარების ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის ბიუჯეტის 70 პროცენტი რუსეთის დოტაციაზე მოდის, ეს ქვეყანაში ვითარების მკვეთრ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც, სავარაუდოდ, ელისუფლების შეცვლით დაგვირგვინდება.  თუ ბაღაფში ერთ გოჯ მიწას მაინც დათმობს ეს კიდევ უფრო დიდ დესტაბილიზაციასა და ასევე ვადამდელ გადადგომას ნიშნავს. იმის იმედიღა რჩება, რომ კრემლში ვიღაცა, უბრალოდ, ხუმრობის ხასიათზე იყო.  

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება