ძველით ახალი მთავრობა

ძველით ახალი მთავრობა

ძველით ახალი მთავრობა

ალა ჯიოევას მხარდამჭერთა მიტინგი, ცხინვალი, 1 დეკემბერი 2011. ფოტო: ედუარდ კორნიენკო/REUTERS

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ვადიმ ბროვცევი უკვე საქმეს შეუდგა. გასულ კვირას სხვადასხვა საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თუმცა, ბროვცევის მთავრობაში, ჯერჯერობით, ადგილი არ გამოიძებნა ოპოზიციისთვის, რომლის მხარდამჭერები უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავენ ცხინვალის ცენტრში მობილიზებას.

თუ ბროვცევის მთავრობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ცხინვალში შიდა სიტუაციას ამ დრომდე კვლავ ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი აკონტროლებს. ცხინვალის მთავრობის ახალი კადრები კოკოითის გუნდის წევრებითაა დაკომპლექტებული. ოპოზიციის მხარდამჭერები ამ ფაქტის გამო აღშფოთებულები არიან და საპროტესტო აქციების მორიგ ტალღას ამზადებენ.

პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ცხინვალში ნოემბრის ბოლოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დადგა, კვლავ გრძელდება. არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერმა კანდი- დატმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, რომელმაც კრემლის ფავორიტს ხმების 16 პროცენტით გაუსწრო. თუმცა, სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა და ხელახალი არჩევნები მარტისთვის დანიშნა. ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირის განმავლობაში ქუჩაში მიტინგებით აპროტესტებდა.

დეკემბრის დასაწყისში ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის წარმომადგენელი ჩამოვიდა, რათა ვითარება განემუხტა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ედუარდ კოკოითი უნდა გადამდგარიყო, პრეზიდენტის მოვალეობას კი ვადიმ ბროვცევი შეასრულებდა, რომელიც თავის მთავრობაში ალა ჯიოევასა და მის გუნდსაც შეიყვანდა. თუმცა, ახალ მთავრობაში, ჯერჯერობით, ჯიოევას გუნდის არცერთი წევრი არ დანიშნულა.

მაგალითად, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ვიცე-პრემიერის პოსტი ჯიოევას გუნდის რუხ კარდინალსა და სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს ანატოლი ბარანკევიჩს უნდა დაეკავებინა. დღეს ბარანკევიჩს ეუბნებიან, რომ ასეთი თანამდებობა ცხინვალის მთავრობაში საერთოდ არ არსებობს.

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ცხინვალის ბოლოდროინდელი მოქმედებები «ნარინჯისფერი რევოლუციაა», რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის გარე ძალის მიერ იმართება. ადგილობრივ ტელევიზიაში უჩვენეს ფილმი ფერად რევოლუციებზე, რომლებიც მოაწყო დასავლეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ედუარდ კოკოითმა პირდაპირ დაადანაშაულა ოპოზიციის ლიდერები დასავლეთის სპეცსამსახურებთან კავშირში.

ადგილობრივ ტელეარხზე მთავარ ნიუსად იქცა ის ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, ჯამბოლატ თადეევმა ინტერვიუ მისცა ქართულ ტელეარხ «პიკს». ეს შეფასდა, როგორც ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა.

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბროვცევი არა კოკოითის, არამედ საკუთარ თამაშს თამაშობს, რათა მარტის არჩევნებისთვის საკუთარი გუნდის შექმნა და გაძლიერება მოასწროს: "ბროვცევის გვერდით ახლა ისეთი ხალხიცაა, რომლებსაც კოკოითთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ. ბროვცევი შეეცდება მარტამდე რაღაც ცვლილებების ილუზია მაინც შექმნას," - მიიჩნევს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი როლანდ ქელეხსაევი.

თუმცა, ბროვცევი საკმაოდ სახიფათო თამაშს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ხალხი რამდენიმე დღეა არ დგას, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საპროტესტო ტალღა რესპუბლიკაში ჩაცხრა. ცხინვალელი ექსპერტები და ჟურნალისტები, რომლებიც ამ მღელვარებას აშუქებდნენ, დარწმუნებულები არიან, რომ ხალხი მზადაა კიდევ უფრო დიდი ძალით გამოვიდეს ქუჩაში და ეს მზაობა გარდამავალი ხელისუფლებისთვის სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს. თანაც იმ ფონზე, როდესაც კრემლს დღეს ბევრად უფრო დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე სახრეთ ოსეთის პოლიტიკური კრიზისი, ცხინვალის ოპოზიციას ეძლევა შანსი, ისარგებლოს ამ მდგომარეობით.

თუ ბროვცევის პოლიტიკა შემდგომაც ასეთი ხისტი იქნება, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი თავის პროტესტს ძველი ხელისუფლებიდან უკვე ახალ - ბროვცევის ხელისუფლებაზე გადაიტანს.

ალა ჯიოევა ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. იგი ამბობს, რომ დროებითი შესვენება ოპოზიციას მხოლოდ ძალების აღსადგენად სჭირდება: «პოლიტიკური ბატალიების არენაზე იგივე წესები მოქმედებს, როგორც ომის დროს: ზოგჯერ დგამ ერთ ნაბიჯს უკან იმისთვის, რომ შემდეგ ორი წინ გადადგა. იღებ ტაიმ აუტს, რომ სიტუაცია გააანალიზო და ახალი სტრატეგია დასახო. ჩვენ არ წავსულვართ. არ არსებობს ძალა, რომელიც შეგვაჩერებს».

თუმცა, ცხინვალში შიშობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მარტის არჩევნებიდან ჯიოევას ჩამოსაცილებლად.

ამის შესახებ თავად ალა ჯიოევაც საუბრობს: "დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთებას შეეცდებიან. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში სჭირდებათ ადამიანი, რომლით მანიპულირებასაც შეძლებენ, მაგრამ ეს არ არის პრინციპული საკითხი. პიროვნებებში არ არის საქმე. მე თუ არ ვიქნები, ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ისეთ კანდიდატურას, რომელიც მათ დამანგრეველ დარტყმას მიაყენებს".

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება