ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს 2014 წლის სტიპენდიატების პირველი შეხვედრა

2014 წლის 26-31 იანვარს, თბილისში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ოფისში 2014 წლის სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეების პირველი შეხვედრა და ზამთრის სკოლა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ათმა დამწყებმა სოციალურმა მკვლევარმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც შერჩეული იყვნენ 2014 წლის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისთვის და წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიისთვის აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების ინტერდისციპლინური კვლევის წარმოებისთვის. ინდივიდუალური კვლევების მხარდაჭერის მიღმა სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს რეგიონში სოციალური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობას და რეგიონული კვლევითი ქსელის ჩამოყალიბებას. ამ თვალსაზრისით პროგრამის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისაა, რომ სტიპენდიატები წლის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში არიან სხვადასხვა ექსპერტთან, რომლებიც მათ მენტორობას უწევენ კვლევის წარმართვისას და გაწეულ სამუშაოზე უკუკავშირს უზრუნველყოფენ. ეს კავშირი, როგორც წესი, სასტიპენდიო სკოლის დასრულების შემდეგაც არ წყდება. ზამთრის სკოლის განმავლობაში ექსპერტებმა  სტიპენდიატებს მეთოდოლოგიური სემინარები და მოხსენებები შესთავაზეს სოციალურ მეცნიერებებში აქტუალურ საკითხებზე.  

ზამთრის სკოლის პირველი დღე წინა წლის (2013) სტიპენდიატების ნაშრომების გაცნობას მიეძღვნა. მათი კვლევითი პროექტები ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდნენ, როგორიცაა საარჩევნო ქცევა და კულტურა თბილისში, მიტოვებული დასახლებების შემდგომი სიცოცხლე სომხეთში, დაკრძალვის რიტუალის პრესტიჟულობის დისკურსი ერევანში, თბილისის ტრანსფორმაციის ანალიზი ვიზუალური მასალის საფუძველზე და ასე შემდეგ.

შემდგომი ოთხი დღე 2014 წლის სტიპენდიატების და პროგრამის ექსპერტების ერთობლივ სამუშაო სესიებს მიეძღვნა. ოთხმა სტიპენდიატმა სომხეთიდან, ორმა - აზერბაიჯანიდან და სამმა - საქართველოდან, თავიანთი კვლევითი პროექტები წარუდგინეს თავიანთ კოლეგა სტიპენდიატებს და მენტორებს. მიმდინარე წლის სასტიპენდიო პროგრამის კვლევები ოთხ თემატურ ჯგუფში თავსდება: სახელმწიფო და საზოგადოება - სოციალური სტრუქტურები, პოლიტიკური კულტურა და ინსტიტუტები;  ურბანული განვითარების სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები; გენდერული მგრძნობელობა და გენდერული როლები პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში; და მიგრაცია - სტრუქტურებისა და ტენდეციების მრავალგვარობა.

ზამთრის სკოლის ინტენსიური სამუშაო გარემო თბილისის ისტორიულ ცენტრში ინფორმატიულმა ტურმა გაამრავალფეროვნა. ოთხშაბათს (29 იანვარს) ბიოლის ფონდის სასტიპენდიო პროგრამის ექსპერტმა, ურბანისტ-არქიტექტორმა ლადო ვარდოსანიძემ და ყოფილმა სტიპენდიატმა, ანთროპოლოგმა დათა ჭიღოლაშვილმა, ზამთრის სკოლის მონაწილეებს თბილისის ძველი უბნების რეკონსტრუქციის თაობაზე საინტერესო და დამაფიქრებელი ხედვა გააცნეს.

პარასკევს (31 იანვარს) ზამთრის სკოლის ბოლო დღეს, 2014 წლის სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეებმა საველე კვლევა განახორციელეს. ისინი სამ ჯგუფად დაიყვნენ და ფონდის სასტიპენდიო პროგრამის ექსპერტის ვიქტორ ვორონკოვის მითითებით თბილისის ურბანული ქსოვილის ფუნქციონალურად ერთმანეთისგან განსხვავებულ სამ სხვადასხვა ადგილს დააკვირდნენ. დღის ბოლოს სტიპენდიატებმა ქალაქში მოქმედი სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტის ფუნქციობის ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ ასპექტებზე თავიანთი დაკვირვების შედეგები და მიგნებები გააცნეს ერთმანეთს და ფონდის ექსპერტებს.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეებს ნაყოფიერ წელიწადს, თავიანთ კვლევით პროექტებზე საინტერესო მუშაობას და საზაფხულო და შემოდგომის სკოლებზე გამოცდილებების შემდგომ პროდუქტიულ გაცვლას უსურვებს.

[gallery:1627]