რას მოუტანს თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დემოკრატიას?

დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები
Teaser Image Caption
დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები

ქუთაისი, 14.02.2014

ქუთაისის მერიასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში 13 თებერვლიდან განვითარებულმა მოვლენებმა, როცა საკრებულოს თავმჯდომარემ ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე თანამდებობიდან გაანთავისუფლა მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია, გავლენა იქონია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დებატებზე ქუთაისში. თემა "რას მოუტანს თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დემოკრატიას?" აქტუალური იყო ამ ფონზე, თუმცა დამსწრეთა და მომხსენებელთა სტაბილური მონაწილეობა ერთგვარი საფრთხის წინაშე დააყენა. რადგან სწორედ დებატების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, აქცია მოეწყო ქუთაისის მერიის წინ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მთავარ გმირად შოთა მურღულია იქცა, რომლის გამოც არასამთავრობოებისა და მოსახლეობის სოლიდურმა ნაწილმა გადადგომისკენ მოუწოდა საკრებულოს თავმჯდომარეს. ამ უკანასკნელმაც არ დაახანა და თანამდებობა დატოვა. ფაქტით აჟიტირებული საზოგადოება დაგვიანებით, თუმცა მაინც მოვიდა დებატებზე. მომხსენებლის რანგში მოწვეულმა შოთა მურღულიამაც მხოლოდ მისი გამოსვლისთვის გამოყოფილი 15 წუთიანი მონაკვეთით ისარგებლა და მოსვლა, მოხსენება და მობოდიშებული წასვლა, დროის ამ მონაკვეთში ჩაატია.

მანამდე კი დებატებში მონაწილე საზოგადოების წინაშე მოხსენებით  “ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” მკვლევარი კოკა კიღურაძე გამოვიდა. მისი მოხსენება ზოგადად შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კოდექსს და მასში არსებულ დადებით თუ უარყოფით მხარეებს.

კოკა კიღურაძე იმ საკითხსაც შეეხო, რაც ქუთაისის თვითმმართველობაში ხდება და ისაუბრა თუ რამდენად რეალურია ახალი კოდექსის თანახმად აღნიშნული პრობლემების აღმოფხვარა.

"საკმაოდ პესიმისტური ვიქნები ამ საკითხთან დაკავშირებით, ის რეგულირება, რომელიც ახლანდელ კანონშია მოცემული, გულისხმობს, იმას, რომ მერის მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგების პირობებში საკრებულოს თავმჯდომარეს შესაძლებლობა აქვს საკრებულოს თანხმობით მერი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. ახალ კანონში საკმაოდ გართულებულია ეს მომენტი, კერძოდ შემდეგი დებულებაა მოცემული. გამგებელი ან მერი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლდეს და ამისთვის, საერთოდ არ იქნება საჭირო დამაკმაყოფილებელი მუშაობის შედეგები, არც სხვა რამ, ეს უნდობლობის პროცედურას მოიაზრებს. სადაც, მოცემულია, რომ საკრებულოს შეუძლია მერი ყოველგვარი მიზეზის გარეშე თანამდებობიდან გაათავისუფლოს.  ქუთაისთან დაკავშირებით იმედია ამ კანონის ამ მუხლს იგივე წარმატებით არ გამოიყენებენ,” – განმარტა კიღურაძემ.

კოდექსის სამართლებრივ ნორმებზე იმსჯელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ, რომელმაც კოდექსიდან ის მაგალითები მოიტანა, რომელიც რეალურად ითვალისწინებს არა დამოუკიდებელი რგოლების შექმნას თვითმმართველი ქალაქების არჩეული მერების სახით, არამედ დაქვემდებარებულს ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ჯიქიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების შტოებს შორის უფლებიბის აღრევაზე, დელეგირებული უფლებების არასრულ გამოყენებასა და არჩეული მერების ისევ გადაყენების შესაძლებლობას. ნოდარ ჯიქიას მოხსენების შემდგომ დებატების მსვლელობას შოთა მურღულია შომოუერთდა, რომელმაც აღნიშნა, რომ როდესაც იგი რეგიონული განვითარების სამინისტროში მუშაობდა, ნაწილობრივ ჩართული იყო თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებაში. „კოდექსის შემუშავების მთავარი არსი იყო ის, რომ ყოფილიყო რაც შეიძლება დემოკრატიული და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული, თუმცა კოდექსის მიღება მაინც შემჭიდროვებულ ვადებში მოხდა, რაც მომავალი არჩევნებისთვის მზადებით იყო განპირობებული.“ მიუხედავად ამისა შოთა მურღულიას მოსაზრებით, ახალი კოდექსი წინგადადგმული ნაბიჯია წინა კანონთან შედარებით და მთავარი მიღწევა მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნებია.  აქვე ამის განსამტკიცებლად ქუთაისის მაგალითი მოიტანა, თუ რა შედეგი მოუტანა ქალაქს მანამდე არსებულმა კანონმა და რამდენი მერი გამოიცვალა ქალაქმა. შოთა მურღულიამ ასევე დადებითი შედეგების მომტანი უწოდა თვითმმართველი ქალაქების რიცხოვნობის გაზრდას და აღნიშნა, რომ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც მანამდე რაიონულ ცენტრებს ჰქონდათ, გაცილებით მარტივად გადასაწყვეტი იქნება ქალაქის სტატუსის პირობებში.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ კოორდინატორმა, ვაკო ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის კოდექსს იგი არ განიხილავს როგორც თვითმმართველობის რეფორმას, არამედ ეს არის დეცენტრალიზაციის რეფორმა „რომელსაც იმ სრულ, აბსოლუტურ ბატონობაზე, რომელიც იყო ხელისუფლების ყველა შტოში ვერტიკალიდან თვითმმართველობამდე, ვფიქრობდი, რომ  ამას გასცემდა პასუხს. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა ასე - რას მოუტანდა ქვეყანას თვითმმართველობის რეფორმა, ისე რომ განხორცილელებულიყო, როგორც ეს თავიდან მოიაზრებოდა. ცხადია, რომ კოდექსმა შეცვალა თავდაპირველი სახე და დღეს მივიღეთ განსხვავებული რეფორმა.“ ვაკო ნაცვლიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია მაგალითად გუბერნატორის ინსტიტუტის არსებობა: “გუბერნატორი იმ ფორმით, რაც დღეს არსებული რედაქციით არსებობს ეს არის გაუგებარი ინსტიტუტი იმიტომ, რომ მისი უფლებამოსილების ჩამონათვალს თუ გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ  ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად, შესაძლოა საჭირო არ იყო გუბერნატორის ინსტიტუტის არსებობა. ცხადია, რომ  იმხელა აპარატი, რაც გუბერნატორს აქვს ქვეყენაში საჭირო არ არის, მაშინ როდესაც იმ უფლებამოსილებების გადაწყვეტა გუბერნატორს აკისრია-ვგულისხმობ თვითმმართველობის ორგანოების ზედამხედველობას , სამართლებრივ ზედამხედველობას და. ა.შ. ეს დღეს შეიძლება ადვილად გადაწყდეს ელექტრონული კომუნიკაციით თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.” - მიაჩნია ვაკო ნაცვლიშვილს.

დისკუსიისას სიტყვა ითხოვა ქუთაისის ყოფილმა მერამა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი თევდორაძემ, რომელმაც კოდექსის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. “მთავარი მონაპოვარი, რაც ამ კოდექსში არის პირდაპირი წესით არჩეული მერი და გამგებელია, მაგრამ წინააღმდეგობა, რომელიც უმცირესობას ამ კოდექსთან მიმართებაში გააჩნია, ეს არის 51-ე მუხლი, სადაც წერია, რომ პირდაპირ არჩეულ მერსა და გამგებელს საკრებულო თანამდებობიდან გადააყენებს. კანონის 60-ე მუხლისთვის ვითხოვდით 61–ე მუხლის დამატებას, რაც უზრუნველყოფდა პირდაპირი წესით რწმუნებულის არჩევის შესაძლებლობას,” – თქვა გიორგი თევდორაძემ.

მიუხედავად ქაოტური მდგომარეობისა, რომელიც ქუთისის პოლიტიკური ცხოვრების ერთგვარ თვისებას წარმოადგენს და სიმბოლურად დებატების მიმდინარეობისასაც გამოიხატა, დისკუსია მაინც შედგა. თუმცა „რას მოუტანს თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დემოკრატიას?“ ამაზე პასუხი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გაცილებით უპრიანი იქნება.