რატომ არ არის ქალი კაცის თანასწორი საქართველოში? - საჯარო დისკუსია ბათუმში

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

მომხსნებელი  მედეა ვასაძე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეა, საკანონმდებლო დონეზე ქალთა უფლებების გამყარების მომხრეა. მისივე თქმით, საქართველო 2000 წლიდან არის გაეროს რეზოლუციის ხელმომწერი, რომელიც ქვეყანას თავის მხრივ ავალდებულებს იმ ღონისძიებების გატარებას, რომლითაც ქალი სრულყოფილად იგრძნობს თავს არსებულ გარემოში, მიუხედავად ამ ვალდებულებებისა, ქვეყანას სჭირდება ასევე   ძალისხმევა მენტალური თვალსაზრისით პრობლემების დასაძლევად.

ისტორიკოსი ემზარ კახიძე, რომელიც საჯარო დისკუსიის ერთერთი მომხსენებელი იყო გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოში უფრო სტერეოტიპული მიდგომა არსებობს ქალთა უფლებებთან მიმართებაში, აბსოლუტურად ეთანხმება.  საკანონმდებლო ხარვეზის ძიებაზე მეტად საზოგადოება სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა დაფიქრდეს - აღნიშნა მოხსენებისას ემზარ კახიძემ. საკანონმდებლო  ხარვეზის გამოსწორების შემდგომი ეტაპი, ემზარ კახიძის თქმით, არის ის, რომ  უნდა მოხდეს,  სხვადასხვა  აქტიური სოციალური ჯგუფების ინტერესის  გაღვივება, რაც ამ საკითხს უფრო მეტ ლეგიტიმაციას და ქმედუნიარობას შესძენს, რასაც ჩვენ ამ შემთხვევაში პრინციპში ვაკეთებთ კიდეც და საბოლოოდ ხდება ის , რომ საყოველთაო აღიარებით ქალთა უფლებების დაცვა სავალდებულო რეგულიაციებად გადაიქცევა.

ანა არგანაშვილმა,  ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, დისკუსიაზე  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სისტემის ხარვეზებზე ისაუბრა. ეს სისტემა, მისი  შეფასებით, ირთვება მაშინ, როცა მსხვერპლი უკვე ძალიან ცუდად არის და მისთვის არჩევანი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია - ის ან  სახელმწიფოს მიმართავს, რაც უკვე ოჯახის დაშლას ნიშნავს, ან ითმენს მანამ, სანამ შეუძლია ცოცხალი დარჩეს. ყველაზე დიდი ბარიერიც ეს არის - მას არ უნდა უწევდეს არჩევანის გაკეთება ბავშვობიდან ჩანერგილ ყველაზე დიდ ღირებულებას, ოჯახსა და თავის გადარჩენას შორის.

დასკვნა ერთია, აღნიშნა  ანა არგანაშვილმა, სახელმწიფო ოჯახის მხარდასაჭერად ბევრად ადრე უნდა გამოჩნდეს და იმაზეც უნდა იმუშაოს, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლად არ შეფასდეს. ეს ფაქტორი ხშირად მოძალადეებს უფრო აძლიერებს.