ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორობის პოლიტიკისთვის - საჯარო დისკუსია ქუთაისში

2 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, შეიძლება ერთადერთია იმ კანონებს შორის, რომელიც პარლამენტმა დიდი ვნებათაღელვის, სასულიერო პირების აქციებისა და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილის მუქარის ფონზე მიიღო. საჯარო დებატების ერთ-ერთმა მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ თამარ კორძაიამ,  ხაზი გაუსვა საოზოგადეობის და გარკვეული ჯგუფების არაინფორმირებულობას კანონის ცალკეული მუხლების მიმართ, რამაც გამოიწვია კანონში ჩადებული პუნქტების მიმართ მათი „გაბრაზება“.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, გამოკითხვებმა ცხადყო, რომ მოქალაქეები ამ კანონს არ იცნობდნენ და ბუნებრივია, მათ ის არასწორად აღიქვეს. შესაბამისად, შეხვედრაზე აქცენტი  კანონის იმ მუხლებზე გაკეთდა, რაც სადავო იყო.

“პარლამენტი ამ კანონის მიღებისას ორ ცეცხლს შუა იწვოდა, ის რელიგიურ მსახურებებს არ ეხება. ის არის კანონი თანასწორობის შესახებ, მაგალითად, ვიღასაც ქერა თმა აქვს და ვიღაცას შავი, შენ ქერა თმა არ მოგწონს, ამიტომ არღვევ მის უფლებას, ამაში ვერ დაგეთანხმებით. ვინაიდან, ჩვენ ორივეს უფლებას ვიცავთ და არა იმ ერთის,”– განაცხადა თამარ  კორძაიამ.

თამარ კორძაიას მიაჩნია, რომ დიალოგი ყოველთვის საჭიროა, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, რათა სწორად იყოს აღქმული და გეგებული კანონის დეკლარირება. „დიალოგი ყოველთვის საჭიროა განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობასთან და იმ ფონზე, რაზეც ამ კანონის განხილვა ხდებოდა, აუცილებელია მეტი საუბარი. იყო დებულებები, რომელსაც საზოგადოება არასწორად აღიქვამდა.  ეს კანონი მინდა გითხრათ, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ თანასწორობის დეკლარირება,  რომელიც აბსოლუტური უფლებაა,”–განაცხადა თამარ კორძაიამ.

მომდევნო მომხსენებელი, როემლიც საზოგადოების წინაშე წარსდგა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიოგი გოცირიძე იყო, რომელმაც დისკრიმინაციის იმ კონკრეტულ სახეებზე ისაუბრა, რომელსაც ადგილი ჰქონდა და აქვს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებით დისკრიმინაცია დიდი ხნის წინ აიკრძალა, დღემდე არსებობს ფაქტები, რომელიც დისკრიმინაციის პირდაპირი გამოვლინებაა და ამას არავინ უშლიდა ხელს. ახლა საჭიროა აღსრულდეს კანონი, შემუშავდეს ქმედითი ნორმები, რაც არ და ვერ მისცემს ცალკეულ პირებს თუ ინსტიტუციებს მოახდინონ დისკრიმინაცია.
„როდის გაგვიჩნდა შიშები კანონთან მიმართებაში? 1994 წელს, როცა დისკრიმინაცია აიკრძალა, თუ 2014 წელს, როცა სახელმწიფომ მიგვითითა იმ კონკრეტულ ქმდებებზე რაც დისკრიმინაციად აღიქმება და არის დასჯადი? ჩვენ არ გვინდა იმის გაგება, რომ ეს არის მხოლოდ მეთოდების დაკანონება, რომლითაც სახელმწიფო უნდა გაუმკლავდეს დისკრიმინაციის კონკრეტულ ფაქტებს. მაგალითად, როცა განსხვავებული კანის ფერის გამო ადამიანს არ უშვებდნენ კაფეში, ან იეჰოვას მიმდევრები ასრულებდნენ მისიონერულ საქმიანობას და ხალხისგან საპასუხოდ იღებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ეს იყო დისკრიმინაცია, მაგრამ არა დანაშაული. ამიტომ იყო საჭირო დისკრიმინაციის რეგულირების სამართლებრივი ფორმების მიღება, რაც მოხდა კიდეც ამ კანონის მიღებით“,-თქვა გიორგი გოცირიძემ.

კანონის მიმართ ეკლესიის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე, როგორც დისკრიმინაციის წახალისების წინაპირობაზე ისაუბრა მომხსენებელმა დათო ლიკლიკაძემ. მისი თქმით, სასულიერო პირები, ანტიდისკრიმინაციული კანონის არმიღების მოთხოვნით ფაქტიურად აღიარებდნენ ნებისიერი ნიშნით დისკრიმინაციის ლეგალიზებას. დათო ლიკლიკაძის თქმით გრკვეული შიშების შემცვალია სახელმწიფოს „კეთილი ნება“ მართლმადიდებელი ეკესიისთვის მოქალაქეთა გადასახადებიდან 25 მილიონი ლარის გადახდა. „ეს ახალისებს ეკლესიას, თავს მიიჩნევს დომინანტად, ყველა უფლების მქონედ და ყველაზე ძლიერ ინსტიტუციად, რომელსაც აქვს უფლება განახორციელოს დისკრიმინაცია მაგალითად სექსუალური უმცირესობების ან სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ. ეს ფული არის იარაღი მათ ხელში დაიმორჩილონ რაც შეიძება მეტი ადამიანი და თან უთხრან , რომ მოუსმინონ მხოლოდ მათ, მიიღონ მხოლოდ ეკლესიის მიერ გამოცხადებული დოქტრინა, განათლება... და ჩაღრმავება არ არის საჭირო, მთავარია მოძღვარის ავტორიტეტი - ეს კი ძალიან საშიში ტენდენციაა“ - აღნიშნა დათო ლიკლიკაძემ.

დისკუსია ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დარბაზში მსხდომი აუდიტორია, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი, სქესობრივი, სოციალური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, აქტიურად გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს ანტიდისკრიმინაციულ კანონთან მიმართებაში, როგორც მისი მიღების აუცილებლობის, ისე მის წინააღმდეგ.