ევროპასთან დაახლოება მითებს მიღმა - საჯარო დისკუსია ბათუმში

არსებობს თუ არა  საზოგადოებაში მითები, კითხვები და სკეპტიციზმი ევროპასთან დაახლოების საკითხთან  დაკავშირებით და იწვევს თუ არა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებულ შიშს. ეს საკითხები განიხილებოდა ბათუმში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე, სახელწოდებით "ევროპასთან დაახლოება მითებს მიღმა".

"მე ვიქნებოდი  დამწუხრებული თუ საქართველოში ცალსახა, ტაშისკვრით შეგებება იქნებოდა ამ პროცესების მიმართ, პირიქით, სკეპტიკურობა არის ევროპელობის ნაწილი“ - ასე დაიწყო მოხსენება ანა დოლიძემ, დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის პროფესორმა.  მას  მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან  კითხვები, დისკუსია და მსჯელობა მნიშვნელოვანია და დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. "თუ თქვენ ევროპის პოლიტიკურ ჟურნალებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ის თემა, რა არის ევროპა, კარგი პროექტია თუ არა ის, რამდენად სასარგებლოა ეს პროექტი იგივე ბრიტანეთისთვის - ამ თემაზე დებატები თითქმის ყოველკვირეულად მიმდინარეობს თავად ევროკავშირის წევრ  სახელმწიფოებში. ჩვენ უნდა მივესალმოთ დებატებს საქართველოში და უნდა ვეძებოთ ის  დადებითი მხარეები, რაც ამგვარი დებატებიდან მომდინარეობს. მაგრამ,  როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირთან დაკავშირებით,   უნდა ვიფიქროთ იმ კონტექსტში რა ალტერნატივა აქვს საქართველოს დღესდღეობით  გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებისა თუ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით“. ამ თვალსაზრისის გავნრცობას საზოგადოებაში შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვეს, მაგრამ დისკუსიის მომხსენებლის  ივანე ჩხიკვაძის თქმით, საზოგაოდოება საქართველოში თითქმის ჩამოყალიბებულია თავის არჩევანში. სოციალური კვლევების ანალიზის შედეგი ასეთია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატული აქვს გამოკითხულთა 80 %. ამასთან, როგორც ეს ივანე ჩხიკვაძემ აღნიშნა,  საქართველო უკანასკნელი ბასტიონია ევროინტეგრაციის გზაზე სამხრეთ კავკასიაში, ვინაიდან, სომხეთის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ევროკავშირთან რატიფიცირებაზე, ხოლო აზერბაიჯანს  არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია თუ როგორ განვითარდება მისი ურთიერთობა ევროკავშირთან და, აქედან გამომდინარე, „ჩვენ დიდი გულისყურით გვიყურებენ, ვინაიდან საქართველო იქნება ქვეყანა, რომლზეც ევროკავშირთან ხელშეკრულების რატიფიცირების შემდგომ  პროცესებს  ბვერი ადამიანი დააკვირდება და რაც მთავარია, იმდგაცრუება ამ პროცესებს არ  მოყვება, შესაბამისად, რატიფიცირებას ხელჩასაჭიდი შედეგი აუცილებლად ექნება, რომ მითები და სკეპტიციზმი საზოგადოებაში არ გაღრმავდეს და პირიქით, განელდეს“.

ირინე ურუშაძემ, დისკუსიის მომხსენებელმა, ასოცირების შეთანხმების 1600 გვერდიანი დოკუმენტის მთავარ აქცენტებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, თუ რას ავალდებულებს დოკუმენტი საქართველოს და, თავის მხრივ, როგორია ევროკავშირის როლი საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე, ამასთან კონკრეტულად ისაუბრა რა ცვლილებების შეტანა მოუწევს საქართველოს თავის კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.