ქალაქი ნავთობის შემდეგ: ქალაქის მომავლის ისტორია

ქალაქი დემოკრატიული პროცესების ეპიცენტრია. ქალაქების ზრდა და მსოფლიოს ურბანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა, რომელიც თავის მხრივ არაერთ სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცვლილებას იწვევს. შესაბამისად, აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქალაქი და რა ცვლილებები უნდა განიცადოს მან, როგორ უნდა გადაიჭრას დღევანდელი პრობლემები და საბოლოოდ როგორ აისახება ეს ქალაქის იერსახეზე.

როგორ შეიცვლება ქალაქები, როდესაც ტრადიციულ ენერგიებს სრულად ჩაანაცვლებს განახლებადი წყაროები? რა გავლენას მოახდენს ენერგიის ალტერნატიული წყაროები სატრანსპორტო პოლიტიკაზე? როგორ შეიცვლება ქალაქების იერსახე გლობალიზაციის ფონზე? ამ და თავად კატალოგში „ქალაქი ნავთობის შემდეგ. ქალაქის მომავლის ისტორია“ დასმულ სხვა საკითხებზე მსჯელობა, ერთი შეხედვით, ნაადრევად შეიძლება მოგეჩვენოთ საქართველოსთვის, რომელსაც არაერთი მწვავე და სასწრაფოდ მოსაგვარებელი პოლიტიკური და სოციალური პრობლემა აქვს. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით 2010 წელს არქიტექტურული ჟურნალის Archplus და საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის (ifa) მიერ გამართული გამოფენის თბილისში ჩამოტანა და ამავე გამოფენის კატალოგის – “ARCH+ 196/197 Post oil City.Die Geschichte der Zukunft der Stadt“– რედაქტირებული ქართული თარგმანი, საშუალებას მოგვცემს, საზოგადოებას და პოლიტიკას შევთავაზოთ თემები, რომლებზეც თანამედროვე მსოფლიოში უკვე აქტიურად კამათობენ.

„ქალაქის მომავლის ისტორია“– ასეთი ქვესათაური აქვს წარმოდგენილ კატალოგს, რომელიც დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ მომავლის ხედვა წარსულის გააზრებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. კატალოგში წარმოდგენილი თანამედროვე და ისტორიული პროექტების პირდაპირი კავშირის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ დღეს მიმდინარე არქიტექტურული თუ ურბანული პროცესები სათავეს მეოცე საუკუნის მოდერნისტული არქიტექტურის უტოპიებიდან იღებს, რომლებიც თავიდან გააზრებული, დღევანდელთან მისადაგებული და განვითარებულია; იმ ძირითადი განსხვავებით, რომ თანამედროვე ქალაქმგეგმარებლებს კლიმატის ცვლილებით, ტრადიციული ენერგომატარებლების ამოწურვით და გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობით გამოწვეული საფრთხეების გათვალისწინება უწევთ. ამ თვალსაზრისით, დამაიმედებელია ერთ-ერთი ესეს ავტორი, ურბანისტი და არქიტექტორი ტილო ჰილპერტი: „არქიტექტურული კონცეფციების, მათი ზემოქმედების და მდგრადობის გააზრების გარეშე შეუძლებელია, ჯეროვანი პასუხი გაეცეს მომავლის განმსაზღვრელ ისეთ გამოწვევებს, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება, დემოგრაფიული ტრანსფორმაცია, გლობალიზაცია თუ მეგაპოლისები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ 60-იანი წლების უტოპიებს, რომლებიც ურბანული ცივილიზაციის გლობალურ განვითარებას გვიჩვენებს, შეუძლიათ მომავლის დანახვაში დაგვეხმარონ“.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო წლებია, მუშაობს ქალაქგანვითარების თემაზე. ჩვენი პარტნიორების – მეცნიერების, პოლიტიკოსების და სხვადასხვა აქტივისტური ჯგუფის მონაწილეობით არაერთი დისკუსია მივუძღვენით ქალაქს და მისი განვითარების პრობლემებს.

აღსანიშნავია სასტიპენდიო პროგრამაც, რომლის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევრებს საშუალება ჰქონდათ, ემუშავათ ინდივიდუალურ ინტერდისციპლინურ პროექტებზე ქალაქის მდგრადი განვითარების სფეროში. ვფიქრობთ, რომ ჩვენმა მცდელობამ – ერთი მხრივ, წინა პლანზე წამოგვეწია ურბანული პრობლემატიკა, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ სფეროში არსებული ადგილობრივი ექსპერტიზის განვითარებასა და გავრცობაში – გარკვეული როლი ითამაშა ურბანული თემატიკის მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდაში.

გვჯერა, რომ პრობლემების გააზრებით, კამათით, პოლიტიკასთან დიალოგით, ცოდნის გაღრმავებით, პროფესიონალური კონცეფციებით და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაზრდით მივიღებთ უკეთეს საცხოვრებელ გარემოს – ქალაქებს, რომელთა არქიტექტორები თავად საქართველოს მოქალაქეებიც იქნებიან!

Product details
Date of Publication
2014
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Number of Pages
72
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
978-9941-0-7284-0
Table of contents

01 გამომცემლის წინასიტყვაობა /ნინო ლეჟავა/

02 ედიტორიალი „POST-OIL CITY. ქალაქის მომავლის ისტორია“ /ნიკოლაუს კუნერთი, ან-ლინ ნგო, ქრისტიან ბეკერი, ერნსტ გრუბერი, ქრისტინა ლენარტი, ნიკოლ ოპელი, ანა ბირკეფელდი, კორნელია ეშერი და ელიზავეტა მოსინა/

04 ცისფერი პლანეტის უტოპიები. მომავლის გუშინდელი ხედვის რეფლექსია /ტილო ჰილპერტი/

მდგრადი განვითარება

14 მასდარ სითი MASDAR CITY /Foster + Partners; Transsolar და სხვა/

16 არაბული ქალაქი. კლიმატს მორგებული გეგმარება

17 ქოლგისებრი კონსტრუქციები /ფრაი ოტო/

18 ქსერითაუნი XERITOWN /SMAQ; X-Architects; Johannes Grothaus + Partners და სხვა/

19 ვერნაკულარული პრინციპები /ჰასან ფატი/

20 ქრონოლოგია: მდგრადი განვითარება

საქალაქო ტრანსპორტი

28 ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემა. BETTER PLACE ელექტრომობილურობა

30 მასდარ სითი. ავტომატიზებული სატრანსპორტო სისტემები /Foster + Partners, Systematica და სხვა/

31 PERONAL RAPID TRANSIT. პროტოტიპები ქალაქებისთვის

32 კურიტიბა. აკუპუნქტურული ურბანიზმი /IPPUC; ჯეიმი ლერნერი/

33 ტრანსპორტი და ქალაქის სიმჭიდროვე. პოლიცენტრული ქალაქი

34 კურიტიბას მაგალითი: ქალაქის ადრეული აკუპუნქტურის წარმატებები და წარუმატებლობები შტეფან გრუბერი

38 HIGH LINE. პოსტწიაღისეული ინფრასტრუქტურები /James Corner Field Operations, Diller Scofidio + Renfro/

40 ქალაქის ხაზობრივი ლანდშაფტები /ბიანკა მარია რინალდი/

44 ქრონოლოგია: საქალაქო ტრანსპორტი

საქალაქო სისტემა

52 N.E.S.T. თანამონაწილეობა და ქალაქი /Franz Oswald და სხვა/

53 მეხიკალი MEXICALI /ქრისტოფერ ალექსანდერი/

54 ურბანული სიცარიელეები. URBAN VOIDS. სუბურბანიზაცია /Farmadelphia; Ecosistema Urbano/

56 ნიუ-იორკის სანაპირო NEW YORK’S WATERFRONT SCAPE /Landscape Architecture PLLC; Architecture Research Office და სხვა/

58 ურბანული მეურნეობა. ქალაქი და სურსათის წარმოება კაროლინ მესი

62 ქრონოლოგია: საქალაქო სისტემა

68 განმარტებითი ლექსიკონი /ლუკა ბაქრაძე, მარიამ გეგიძე, ნინო ჩაჩხიანი/

72 ბიბლიოგრაფია, ილუსტრაციები